საფეხბურთო ნუმეროლოგია

 

 

 

 

 

 

 

ადრე, სანამ მსოფლიო გადაირეოდა, ფეხბურთის გუნდებში ნომრების საქმე მარტივად იყო: მოედანზე გასულ მოთამაშეებს ზურგზე ეწერათ რიცხვები ერთიდან თერთმეტამდე. შეცვლაზე მეთორმეტედან მეთექვსმეტემდე ნომრიანები შედიოდნენ, რომელთაგან მეთექვსმეტე ანუ განაცხადის ბოლო კაცი სათადარიგო მეკარე იყო. რასაკვირველია, სხვადასხვა გუნდი სხვადასხვა ტაქტიკით თამაშობდა,  მაგრამ ის, რომ სათამაშოდ ყველა ერთიდან თერთმეტამდე ნომრებით გადიოდა, დადგენილი წესი იყო.

ბოლო ათწლეულებში სურათი შეიცვალა: კარში ცხრა ნომერი დგას, ნახევარდაცვაში პირველი ნომერი დარბის... თუმცა, მაგას რა უჭირს, ზოგის მაისურზე მათემატიკური გამოსახულებაც კი გვინახავს. მადლობა ღმერთს მარტივი, რთულზე ჯერ არ გადასულან.

მოკლედ, მაისურებზე გაჩაღებული ალგებრის ფონზე 45 და 69 ნომრები გასაკვირი აღარაა. მართალია, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ვინმეს, რომ ეთქვა მოედანზე ფეხბურთელი ორმოცდამეხუთე ნომრით გავიდაო, სასწრაფოს გამოიძახებდნენ, მაგრამ დღეს ეს ნორმალური საქციელია.

ახლა, ეს 45 იმიტომ ავიჩემე, რომ ბალოტელია 45 ნომერი ბრეშაში. ის 45 იყო მილანშიც, ლივერპულშიც და მანჩესტერ სიტიშიც… თან, სასწრაფოსა და ფსიქიატრიულზე, სხვებზე წინ, რატომღაც ეს „პერსონაჟი“ გამახსენდა. მოკლედ, ეტყობა, ფეხბურთი მომენატრა, თან იტალია და კორონავირუსი მიტრიალებდა თავში, მერედა ქართველ კაცს, მითუმეტეს ამ სეზონში ლივერპულიც რომ გამხსენებოდა რაა გასაკვირი და ასე მივიღე ბალოტელი.

 

Mario Balotelli - Mario Balotelli Photos - SSC Napoli v AC Milan ...

 

მერე, ეს ციტატა ამოვქექე:  „რატომ ვიცვამ 45 ნომერს? იმიტომ, რომ კარიერის დასაწყისში, ინტერში სწორედ ამ ნომრით ჩავატარე სამი თუ ოთხი შეხვედრა. მაშინ ასეთი არჩევანის წინაშე ვიდექი: 45, 36 ან 50. მე 45–ს დავადე ხელი და ვხუმრობდი, ოთხს რომ ხუთი მივუმატოთ ცხრა არის, ესე იგი ცხრა ნომერი გამოვდივარ, მეთქი. იღბლიანი რიცხვია“ – განმარტა ბალომ, რომელიც ნიცაში, მარსელში და იტალიის ნაკრებში პირდაპირ 9 იყო, ყოველგვარი შეკრების გარეშე.

და ვინაიდან ნომრების თემას შევეხეთ, მოდი მსოფლიოში ფეხბურთელთა გადანომვრის უცნაურობებს გადავხედოთ, თუნდაც ზერელედ.

დავიწყოთ ჩილელი ივან სამორანოთი. დღეს ის 53 წლის სოლიდური ძიაა, თავის დროზე კი თავში ორპირი ქარი უქროდა და სათამაშოდ ინტერში რომ გადავიდა, ვერ აიტანა მისი საყვარელი 9 ნომერი დაკავებული რომ დახვდა. არადა, მილანელთა გუნდში 9 ნომერი არც მეტი–არც ნაკლები, რონალდოს ეცვა. იმას, ბრაზილიელს…  დაკავებული იყო ნომერი ათიც – თვით რობერტო ბაჯოსი იყო... თუმცა, სამორანოს ათიანი ნაკლებად აღელვებდა, ცხრა უნდოდა. ჰოდა, გამოსავალი იპოვნა: 18 ნომერი აიღო, ოღონდ ციფრებს შორის პლუსის ნიშანი ჩასვა, რადგან 1+8=9!

პლიუსის ჩასმის ხერხი მას მერე სხვადასხვა ქვეყნის დაბალ ლიგებში თურმე არაერთხელ გამოიყენეს.

ერთ–ერთი პირველი ვინც პირადად მე თავი უცნაური ნომრით დაგვამახსოვრა, დიდი არგენტინელი ნახევარმცველი, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ოსვალდო არდილესი იყო. მას ზურგზე ერთიანი ეწერა.

არდილესის ერთიანობა კი იმან განაპირობა, რომ 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებში ფეხბურთელებს ნომრები ტრადიციულად ანბანის მიხედვით გაუნაწილეს და არდილესს პირველი ნომერი ერგო. მაშინ, გამინაკლისის სახით, ჯერ კიდევ პატარა დიდ დიეგოს მისცეს პირდაპირ 10, თორემ ისე, თურმე 12 უწევდა.

დევიდ ბექჰემი რეალში რომ გადავიდა, მისი საყვარელი 7 ნომრით რაული დახვდა და მანაც მაიკლ ჯორდანის 23 ჩაიცვა.

მექსიკელი გოლკიპერი ხორხე კამპოსი 9 ნომრით იცავდა ნაკრების კარს. რატომ ცხრა? თურმე, ბავშვობაში თავდამსხმელი იყო და, როდესაც მოედნის მეორე ბოლოში მოუწია გადაბარგება, ნომერიც თან გაიყოლა.

რაკი სიტყვა მეკარეებზე ჩამოვარდა, ბარემ ერთი ჩვენთვის უცნობი ბრაზილიელი შერეკილი ვახსენოთ – სან პაულუს გოლკიპერი როჟერიუ სენი, კაცი, რომელსაც თავისი გუნდის შემადგენლობაში ასზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი. სენი ჩვეულებრივ პირველი ნომერი იყო, მაგრამ 2005 წელს თავი მოიგიჟიანა და ატლეტიკო მინეიროსთან 618 ნომრით ითამაშა – ის მატჩი მისთვის ექვსასმეთვრამეტე ყოფილა სან პაულუს შემადგენლობაში.

 

Ivan Zamorano, Inter Milan - Planet Football

 

ზემოთ რომ ის რონალდო ვახსენეთ, მილანში 99 ნომერი იყო. თავიდან ჭორაობდნენ, ასეთი ნომერი იმიტომ აირჩია, რომ ნაყინი „99 ფლეიკი“ უყვარსო, მაგრამ თვითონ თქვა ნაყინი არაფერ შუაშია, მილანში 9 ნომერი დიდი ხანია ფილიპო ინძაგის აცვია და არ შევეცილებიო.

ფრანგი ლიზარაზუ ბაიერნში მეორედ რომ გადავიდა, 69 ნომერი აიღო – 1969 არის დაბადებული და სიმაღლეშიც 169 სანტიმეტრი გახლავთ.

თენგიზ სულაქველიძეს კი, დინამოში რომ გადმოდიოდა, უთქვამს, სულერთია რა ნომერს მომცემთ, მთავარია თერთმეტზე ქვემოთ იყოსო — მაშინდელ ენაზე, ეს ნიშნავდა მთავარია ძირითადში ვიყოო. თუმცა, ეს ამბავი ჩემ გარეშეც იცით, რადგან აქ, ლიდერსპორტზე, სპორტშოუში იყო.

ჰოდა, დარჩით სახლში, იკითხეთ ლიდერსპორტი, უყურეთ ლიდერსპორტს და კორონავირუსი შეუმჩნევლად წავა.