საფეხბურთო საქმიანობას პირველი ჩინეთი აღადგენს

 

 

 

 

 

 

 

როდესაც სადღაც ჩინეთში, რაღაც ახალი ვირუსი გამოჩნდა და ბინძური ბაზრის გარშემო ხალხის დაავადება დაიწყო, სადღაც ინგლისში პრემიერლიგა გრგვინავდა და საქართველოში ბევრის საყვარელი ლივერპული მეფურად მიდიოდა პრემიერლიგის დიდი ხნის უნახავი ჩემპიონობისკენ.

არადა, თვითონ ჩინელებს როგორ უყვართ პრემიერლიგა და ლივერპული… ინგლისური კლუბები ხომ თავისი აურაცხელი მილიონებიდან დიდ ნაწილს სწორედ ჩინეთში აკეთებენ — მოხატავენ იაფფასიან საფერფლეებსა და ჭიქებს თავიანთი სიმბოლიკით და ყიდიან. მილიონობით იყიდება. გრიალ-გრიალით მიდის მაისურები, საწერი კალმები, სტიკერები — მაცივარზე მისაკრობები…

მეტიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იმ საკლუბო სიმბოლიკიდან, რაც ჩინეთში იყიდება, სულ მცირე ნახევარი ადგილობრივი ცეხების ნაჩალიჩარია, რომელთაც კლუბებთან საერთო არაფერი აქვთ.

ან რა უნდა გიკვირდეს, ლაპარაკია ქვეყანაზე რომელმაც, ჰარი პოტერი პოპულარული რომ გახდა, ცეხებში „მწერლებიც“ კი დასვა და ერთიმეორის მიყოლებით გამოაცხო წიგნები: „ჰარი პოტერი და ლურჯი დრაკონი“, „ჰარი პოტერი და ნისლოვანი ციხე-კოშკი“ და სხვა. იბეჭდებოდა და იყიდებოდა რაღაც სისულელე, ჯ.კ. როულინგს თავში აზრადაც რომ არ მოსვლია. იყიდებოდა ასეულობით ათასი, ვინ იცის მილიონები. ჰოდა, ამ ხალხს არსენალის ფერებში მოხატული საშლელების გამოშვება გაუჭირდებოდა?

მოკლედ, ფეხბურთში იმხელა ფული კეთდება, რომ მისი გაჩერება ხალხს თვით კორონავირუსის სამშობლოშიც კი არ აწყობდა.

 

Footballer dolls swarm into China market

 

არადა, რა მახსოვს, იცით? როდესაც ეს ვირუსი ბინძური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას გაცდა და ჯერ იქვე, სამეზობლოში დაიწყო გავრცელება, ვიღაცამ, ალბათ მანჩესტერში, სავარაუდოდ, მანჩესტერ იუნაიტედის ფანმა დასჩხავლა, ვაშა, რა კარგია, ეხლა ეს დაავადება მთელ მსოფლიოს თუ მოედო, ლივერპულს ჩემპიონობა ჩაეშლებაო. ამ ჩხავილის ამბავი ცხადია მსოფლიოს მოედო. ქართულმა საიტებმაც გადაბეჭდეს და ერთ-ერთის ფეისბუქ გვერდზე კომენტარი წავიკითხე, უკვე აღარ იცით, რა სისულელე გამოიგონოთო.

სულო ცოდვილო და მაშინ, გულის სიღრმეში, მეც გავიფქრე, როგორც ებოლამ ვერ მოაღწია ჩვენმდე, ალბათ ვერც ეს ვირუსი მოაღწევს და საფეხბურთო სეზონი ჩვეულებრივად, ჩამთავრდება მეთქი. შევცდი.

და დაიწყო: ჯერ ერთი თამაში ჩატარდა მაყურებლის გარეშე, მერე მეორე. პარიზში, ხალხის სტადიონზე შესვლა რომ აკრძალეს, გულშემატკივრები მივიდნენ და ტრიბუნებს გადაღმა ქუჩიდან ყვიროდნენ. მერე იტალიელებმა დაიწყეს ავად გახდომა. მერე ესპანელები ჩავდნენ იტალიაში სათამაშოდ და შინ დაავადებულები დაბრუნდნენ. მერე დაიწერა, რომ სან სიროზე რაღაც თამაში რომ არ ჩატარებულიყო და ათასობით მაყურებელი არ შეკრებილიყო, იქნებ იტალია გადარჩენილიყო. მერე ინგლისშიც გახდა ვიღაც ავად. მერე საფრანგეთში, მერე გერმანიაში, მერე კიდევ სხვაგან.

მერე სეზონი ჩაიშალა. მერე ხალხი შინ ჩაიკეტა. მერე სპორტსმენებს მწვრთნელებმა ინდივიდუალური სავარჯიშო გეგმები ჩამოუწერეს. მერე ოლე სულშერმა თქვა, ფეხბურთელებს ეზოები აქვთ და იქ ცოლებმა „ნავესები“ ჩააწოდონო. მერე კი ვიღაც ქვედალიგელმა კლუბმა აღმოაჩინა, რომ გაკოტრდება.

 

Souvenirs and Equipment for Our Fans - Themikes.co.uk

 

გაკოტრება რომ გაიგეს, ვიღაცამ თქვა მოდი არსენას დავუძახოთ, მდიდრებს წავართვათ და ღარიბებს მივცეთო. მდიდრებმა თქვეს, მაშინ ჩვენ ფეხბურთელებს წავართმევთ, მაგათ ისედაც დიდი ხელფასები აქვთო. ფეხბურთელებმა თქვეს, ჯერ დავრწმუნდეთ, რომ სეზონი მართლა ჩაიშალა და ფულის დადებაზე მერე ვილაპარაკოთო. ტელევიზიებმა თქვეს, თუ სეზონი ჩაიშალა, ჩაშლილი ნაწილის ფული (ინგლისში მილიარდი გირვანქა გამოდის) დაგვიბრუნეთო. კლუბებმა თქვეს, მაშინ უმაყურებლოდ ვითამაშებთ და თქვენ ტრანსლაციები მოაწყვეთო. ექიმებმა თქვეს, თქვენ ხომ არ გაგიჟდით, რა დროს ფეხბურთიაო. კლუბებმა, უპასუხეს, თქვენ თვითონ ხომ არ გაგიჟდით, მილიარდს ცოცხალი თავით არ დავკარგავთო. ფეხბურთელებმა ამასობაში ჩვენი ტრანსფერების დროც დადგაო. ფედერაციებმა, მაშინ სეზონი გადავწიოთ და ტრანსფერებიც გადაიწევსო. ექიმებმა, გიმეორებთ კითხვას: თქვენ ხომ არ გაგიჟდითო. ფეხბურთელებმა მაშინ ჩვენ ხელფასებიდან ნუ დაგვიქვითავთო. გერმანიამ, მაშინ ცხრილი სადაც გაჩერდა, საბოლოოც ის იყოსო. უეფამ, ეგრე არა — ბოლო ხუთი წლის მიხედვით კოეფიციენტი გამოიყვანეთო. ტელევიზიებმა, თუ გაჩერდებით ჩვენი მილიარდები დაგვიბრუნეთო. ფიზმომზადების ექიმებმა, ეს ფეხბურთელები ახლა, პირდაპირ მოედანზე რომ შეყაროთ ყველას კუნთები დაუწყდებაო და ასე….

ამასობაში კი ჩინეთმა ეპიდემია დაამარცხა და ალბათ პირველი, ვინც საფეხბურთო საქმიანობას აღადგეს, სწორედ ის იქნება — ცეხები ევროპული კლუბების სიმბოლიკიან საშლელებს გამოუშვებენ და თავისავე კორონამოხდილ მოსახლეობას მიჰყიდიან.