გელა დარსაძე იყო ყველაფერი

რამდენად დიდი მოთამაშე იყო გელა დარსაძე?

ალბათ, ქართული კალათბურთისთვის ამ ადამიანის მნიშვნელობა განუსაზღვრელად დიდია. რამდენად დიდი იყო როკ სამყაროსთვის ჯიმ მორისონი? რამდენად დიდი არის მისტიკური ლიტერატურისთვის სტივენ კინგი? რამდენად რთული წარმოსადგენია ქართული სუფრა მწვადის გარეშე?

აი, გელაც ამ კატეგორიაში, შეუცვლელებში შედიოდა.

აზრზე ხართ, რამდენად მაგარი უნდა ყოფილიყავი, რომ იმ დროის საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატად ითვლებოდი? ტიიტ სოკის, ვალდემარას ხომიჩუსის, რიმას კურტინაიტისის, იგორს მიგლინიექსის, ვალდის ვალტერსის დროს გელა იქ, ელიტაში იყო.

საქართველოში ნიჭს სამწუხაროდ, ამ ნიჭის წასვლის, დაკარგვის შემდეგ უფრო ვაფასებთ და გელას ამბავშიც ასე იყო. დარსაძემ მოგვცა ის, რაც მხოლოდ მას ჰქონდა - სიკაშკაშე, ნიჭი, თავისუფლება და ბევრი მოგონება.

და, გელამ დიდი კალათბურთი ითამაშა.

 

ზაზა ცაგარეიშვილი (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): გელა მართლაც ძალიან დიდი იყო. თუ განსაკუთრებული არ იყავი, იმ დროს, არავინ არ მოგაქცევდა ყურადღებას სანაკრებო დონეზე. გელას ჰქონდა ქარიზმა და გელას შეეძლო ნებისმიერი თამაშის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა. წარმოიდგინეთ, რა საოცარი თაობის დროს გაიხსნა გელა და ორმაგად დასაფასებელია მისი გამორჩევა. ორმაგად გულსატკენია, რომ მან თავისი ნიჭი ბოლომდე ვერ გამოიყენა. დარსაძეს ჰქონდა ვარჯიშის, ანუ დისციპლინის პრობლემა, მაგრამ როდესაც ნაკრებში, ლევან მოსეშვილს გელაზე დაველაპარაკე, მთავარმა მწვრთნელმა მიპასუხა - მე რომ მას მკაცრად მოვთხოვო ყველაფერი, ეს ის გელა დარსაძე აღარ იქნება. გელა დაკარგავდა თავისუფლებას, იმპროვიზაციის სურვილს, დამძიმდებოდა. ასე თვლიდა ბატონი ლევანი და იცით, დღეს, როდესაც ყველაფერს ვაანალიზებ, მოსეშვილმა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გელა უდიდესი იყო. მე მას ქორქიას, საკანდელიძის, მინაშვილის დონეზე ვაყენებ.

 

გელა დარსაძემ ლამაზი წლები გვაჩუქა და თუ ახალი თაობა უფრო მეტად დაინტერესდება, ვინ იყვნენ ისინი, ვინც ქართული კალათბურთის ისტორიას წერდნენ, ურიგო არ იქნება.

მადლობა გელა დარსაძეს.