ზაზა ფაჩულიას რეალური 27

NBA-ს ორგზის ჩემპიონს წარდგენა არ სჭირდება. მან საკუთარი თავი ბევრი წლის წინ წარადგინა. მან მისცა ყველაფერი საქართველოს და ყველა იმ დამქირავებელს, ვინც - ამერიკის სხვადასხვა შტატში ენდობოდა.

ეს ზაზა ფაჩულიას არჩეული გზა იყო.

ფაჩულიამ ფლეი ოფში 75 ბრძოლა გაიარა. იმ, ორ საჩემპიონო სეზონში გოლდენ სტეიტთან ერთად ზაზამ 22 გარჩევაში მიიღო მონაწილეობა. და, პირველ სეზონში - შეუცვლელად იწყებდა ყველა ტესტს სასტარტოში. ზაზამ გამოცდილება და შემდეგ, გამოცდილებით, დამსახურებული და აუცილებელი დაფასება მიიღო.

და, 2008/2009 წლების ფლეი ოფში ზაზა და ატლანტა მაიამიზე გადიან. პირველ წრეში. დარბაზის უპირატესობა აქვს ატლანტას.

ატლანტა ნორმალური გუნდია. ჯო ჯონსონის და მაიკ ბიბის უკანა ხაზით, ალ ჰორფორდი პატრულირებს სამწამიანში და ფორვარდების როლში შედიან ჯოშ სმიტი და მორის ევანსი. და, მაიამის ჰყავს დუეინ უეიდი. და, ახალგაზრდა ჯერმეინ ო’ნილი. და, ეგ არის. დანარჩენები იდგნენ, ხუთეულს ავსებდნენ. ატლანტა სერიის ფავორიტი იყო.

და, ატლანტამ პირველი თამაშის აღების შემდეგ, საკუთარ ტერიტორიაზე მეორე სერია ჩააგდო, 93:108.

გასვლაზე უკვე მოსაგები იყო.

და, მაიამიდან აუცილებელი მოგება ზაზამ გაშანსა. უეიდმა ჰიტს 2:1 წააყვანინა და იწყება მეოთხე ტესტი. რომელშიც სმიტმა 14 სროლიდან 10 ვერ გამოიყენა და 4 შეცდომა დაუშვა. 4 შეცდომით დახურა თამაში ბიბიმ და სხვები კბილებით იღებდნენ ასაღებს.

ატლანტა ზაზამ ამოქაჩა.

ფაჩულიამ გადაფარა ჰორფორდის ჩავარდნა (4 ფოლი, 4 ქულა) და 34 წუთში 12 ქულა და 18 (!) მოხსნა აკრიფა. 6 მოხსნა - შეტევაში. ზაზამ ატლანტას დრო, დასვენება მისცა და ატლანტა დაბრუნდა. 81:71 ჰოქსს და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

ზაზამ დაგლიჯა და ზაზას მადლობა ჰოქსის ყველა ლიდერმა გადაუხადა.

27 აპრილს 27 ნომერს უნდა მოეგო.

და, ფაჩულიამ ეს გააკეთა.