ეს პელეა...

 

 

 

 

 

 

 

აბა, ვინ არ იცის ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ? იგივე პელეს? თავად ლეგენდარული ბრაზილიელი ამბობდა, ქრისტეზე პოპულარული ვარო. მკრეხელობაში რომ არ დაედანაშაულებინათ, განმარტავდა: „მე კათოლიკე ვარ და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ქრისტიანული ღირებულებები. მაგრამ არსებობს სხვა რელიგიებიც. მაგალითად, აზიაში მილიონობით ბუდისტი ცხოვრობს. ზოგმა მათგანმა შეიძლება ქრისტეს შესახებ არაფერი იცოდეს, პელე კი ყველამ იცის,“ - ამბობდა ფეხბურთის მეფე.

პელეს შესახებ ბევრი წიგნია დაწერილი და რამდენიმე ფილმი გადაღებული. თუმცა, მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდის შესახებ დღემდე მიმდინარეობს კამათი. საქმე მის მე-1000 გოლს ეხება.

 

Pele scores from the penalty spot | Plymouth argyle, Plymouth ...

1969 წელს მთელი ბრაზილია ელოდა ისტორიულ მომენტს - პელეს საიუბილეო გოლს. ამ დროს ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იყო. ერთ წელიწადში ის მესამედ მოიგებს ნიკეს თასს, რომელსაც ბრაზილიელებს სამუდამოდ გადასცემენ, დუ ნასიმენტუს კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებენ.

სტატისტიკოსები დიდ ხანს კამათობდნენ მისი გოლების რაოდენობის შესახებ. ბოლოს, როგორც იქნა, შეჯერდნენ და ოქტომბრისთვის დაადგინეს, რომ მეფეს 997 ბურთი გაეტანა. რეკორდამდე სულ სამი გოლი რჩებოდა, თუმცა, ამ თითქოსდა, იოლი ამოცანის შესრულება ერთობ რთული აღმოჩნდა.

თავად პელე ძალიან ნერვიულობდა. დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. 9 ნოემბერს მისი სანტოსი სან პაულუს ხვდებოდა, სტადიონზე ერთი ამბავია, ხალხი რეკორდს ელის, თუმცა მეფე უგოლოდ ტოვებს მინდორს. შემდეგ შეხვედრაში სანტოსის მეტოქე სუსტი ბოტაფოგოა. პელე დუბლს ასრულებს და სტადიონი დარწმუნებულია, რომ ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდება. მაგრამ სანტოსის მეკარე ტრავმას იღებს და ჩარჩოში... პელე დგება, რამდენჯერმე შესანიშნავ რეაქციასაც ავლენს. ნიჭიერი ადამიანი ხომ ყველაფერში ნიჭიერია.

მომდევნო მატჩში ბაიასთან (1:1), მეფე ისევ უგოლოდ რჩება.

და, აი, დგება 19 ნოემბერი. გადაჭედილ მარაკანაზე სანტოსი ვასკუ და გამას მასპინძლობს. დამთავრებამდე 13 წუთით ადრე, მსაჯი სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანს ნიშნავს. ამ დროს ანგარიში 1:1-ია. პელეს თითქოს პენალტის შესრულების ხალისი აქ აქვს, არ უნდა მე-1000 გოლი სტანდარტულით გაიტანოს. მაგრამ მაყურებელი სიგიჟემდეა მისული, მის სახელს სკანდირებს და ტაშს უკრავს.

მერე პელემ თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა, სანამ ბურთთან მივიდოდი, ისეთმა კანკალმა ამიტანა, კარიერის განმავლობაშო რომ არ მომსვლია, ნერვებს ვეღარ ვიმორჩილებდიო. მოწინააღდეგის კარს არგებტინელი ედგარდო ანდრადა იცავდა, რომელსაც მეტსახელად კატას ეძახდნენ.

გამორბენი, დარტყმა და ... არის ისტორიული გოლი, თუმცა პელემ მთლად ხეირიანად ვერ შეასრულა პენალტი.

„მეათასე გოლის გატანა თერთმეტმეტრიანით არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, ჯანდაბას, მთავარია გავიტანო მეთქი, - წერს პელე, - კარგად აღარც მახსოვს როგორ დავარტყი. მაგრამ მახსოვს სტადიონის გამაყრუებელი ღრიალი, რომელმაც კოკისპირული წვიმის ხმა წამში შთანთქა. კარის უკნიდან ფოტოკორესპონდენტები გამოცვივდნენ, შემდეგ კი მათ, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასობით ქომაგი მოჰყვა. მერე მხრებზე შემისვეს და მინდვრის ცენტრისკენ გამაქანეს. ცრემლები წამომივიდა. ბოლოს, როგორც იქნა, მინდორზე დამიშვეს და მათი თხოვნით, ტრიბუნებს ერთი საპატიო წრე დავარტყი.“

 

მსაჯმა, რომელმაც პელე გააძევა ...

 

ის თამაში სანტოსმა 2:1 მოიგო, ფიფამ კი მეფე საგანგებო პრიზით დააჯილდოვა.

მეორე დღეს მთელი ბრაზილია ორ მთავარ ამბავს განიხილავდა: პელეს მე-1000 გოლს და ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დასხდომას...

მალე, საიუბილეო გოლის აღსანიშნავად, ბრაზილიის მთავრობამ მილიონი ტირაჟით სპეციალური მარკები გამოუშვა.