გურასPaul-ის ლამაზი თამაში

კალათბურთს უნდა ყომარობდე. მხოლოდ მკაცრად გაწერილი კონსპექტებით თამაში მოსაწყენია. ხანდახან, ეს კონსპექტებიც შედეგის მომტანია, მაგრამ მაინც - გულშემატკივრები მეტ სილამაზეს და ელეგანტურ სვლას აფასებენ.

პაატა გურასპაული კალათბურთს ლამაზად და შედეგიანად თამაშობდა. ყველა დროის საუკეთესო ქართველი დაბლების დახასიათების დროს, იქ, ზედა ეშელონში აუცილებლად არის პაატას ადგილი.

კარიერა, რომელიც ოდნავ უფრო ფერადი უნდა ყოფილიყო. ადგილი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში. ადგილი მზის ქვეშ, სხვა მაგარ ახალგაზრდებთან ერთად. შემდეგ, პაუზა და დაბრუნება დამოუკიდებელ ქართულ კალათბურთში, სადაც იმ დროს ნიჭს განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ. ვუფრთხილდებოდით.

გურასპაული კალათბურთს გემოვნებით თამაშობდა. უპრობლემოდ იღებდა ბევრ ქულას, მაგრამ თუ მისგან პასი იყო გასაცემი, აქ უკვე მოდიოდა არტისტიზმის ტალღა. ეფექტური პასი. ბურთის გაყოლება სწრაფ შეტევაში. დროული ატანა პერიმეტრზე, სადაც რომელიმე კარგი მაჯა ელოდებოდა.

ეს პაატას კალათბურთში ჩვეულებრივი ეპიზოდები იყო და რა ცუდია, რომ დღეს ეს ჩვეულებრივი ეპიზოდები თითქმის არ გვაქვს.

გურასპაულმა მოასწრო საქართველოს ნაკრებშიც თამაში. იმ, პირველი ტალღის გამორჩეულად კარგი პირველი ნომერი იყო. დღეს, მოდაშია ტერმინი კომბოგარდი, ანუ, მოთამაშე, რომელიც ითავსებს პირველი და მეორე ნომრის ფუნქციებს. პაატაც ეგ იყო, კომბოგარდი. უნივერსალი, რომელიც კალათბურთით კაიფობდა და შენც დიდ სიამოვნებას განიჭებდა. ეს თავისუფალი კალათბურთი იყო. თავისუფალი და კალათბურთი, რომელიც გურმანებისთვის დაიხატა.

ზაზა ცაგარეიშვილი (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): პაატა ძალიან ძლიერი მოთამაშე იყო. თავისუფლად შეეძლო 30, 35 ქულის აღება. ყველგან, ნებისმიერ დონეზე. გაითვალისწინეთ, საბჭოთა კავშირის რომელი თაობის ნაკრებში იმყოფებოდა...იმ თაობამ თითქმის ყველაფერი მოიგო. სადღაც, არ გაუმართლა და ალბათ, მეტს იმსახურებდა. პაატა იყო საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტალღის მონაწილე, როდესაც შეიქმნა ასეთი გუნდი - სინათლე. მისი თამაშის სანახავად ცალკე აუდიტორიაც დადიოდა. შემდეგ, თბილისში გავხდით თანაგუნდელები. ერთი სეზონი ვითამაშეთ და ეს პერიოდი მშვენივრად მახსოვს.  კარგი პერიოდი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ პაატა გურასპაულმა ქართულ კალათბურთს ბევრი მისცა. და, ჩვენ ეს გვახსოვს.

დაარქივებული ჩანაწერები არსებობს. და, თუ მოგინდებათ ლამაზი, გემოვნებიანი და შედეგიანი ქართული კალათბურთის გაცნობა, ჩაუჯექით პაატას თამაშს. დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

ჩვენ გვახსოვს. ჩვენ არ დაგვავიწყდება.