ლივერპული 30 წლის შემდეგ...

 

 

 

 

 

 

 

28 აპრილს, ზუსტად 30 წელი შესულდა, რაც ლივერპულმა ბოლოჯერ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა. წითლებმა ენფილდზე ქუინზ პარკი 2:1 დაამარცხეს და მე-18 ტიტული იზეიმეს. იმ დროისთვის ყველაზე მეტი ინგლისში.

მთავარი მწვრთნელი მაშინ კენი დალგლიში გახლდათ, რომელმაც ახლახან წარმატებით გადაიტანა კორონავირუსი. მერსისაიდელებს კარგად ახსოვდათ წინა წელს ბოლო ტურში დაკარგული ჩემპიონობა. მაშინ არსენალმა იპირველა.

ამჯერად მათი მთავარი კონკურენტი ასტონ ვილა იყო. გადაჭედილ ენფილდზე პირველად სტუმრებმა გაიტანეს, როი ვეგერლემ შეაგდო. მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს იან რაშმა გაათანაბრა.

გადამწყვეტი მომენტი 65-ე წუთზე დადგა: სტივ ნიკოლის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ჯონ ბარნსმა ზუსტად დაარტყა.

ლივერპულის შემადგენლობა ასეთი იყო: ბრიუს გრობელაარი, დევიდ ბოროუსი (რეი ჰოუტონი 21), ალან ჰანსენი, სტივ ნიკოლი, ბარი ვენისონი, გლენ ჰისენი (გარი ჯილესპი 56), სტივ მაკმაჰონი, ჟან მოლბი, ჯონ ბარნსი, რონი როზენტალი, იან რაში.

საოცარია, მაგრამ მას შემდეგ ლივერპულს ინგლისის ჩემპიონობა აღარ მოუპოვებია. ხუთჯერ იყო მეორე (1991, 2002, 2009, 2014, 2019), ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2005, 2019). პრემიერლიგის თასი კი არასოდეს აღუმართავს.

 

 

კორონავირუსის გამო შეწყვეტილ მიმდინარე სეზონში, იურგენ კლოპის გაწვრთნილი ლივერპული ფანტასტიკურ ფეხბურთს უჩვენებს, ერთპიროვნული ლიდერია და უშუალო კონკურენტ მანჩესტერ სიტის 25 ქულით უსწრებს.

ლივერპულელთა ლეგენდარულმა მცველმა, ფილ ტომპსონმა, Sky Sports-ს უთხრა: „დაუჯერებელია. ეს რომ იმ დღეს გეთქვათ, წითლები ჩემპიონობას 30 წელიწადს ვეღარ მოიპოვებენო, ალბათ გიჟად ჩაგთვლიდნენ, მაგრამ ფაქტია.“

ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება შეწყვეტილი სეზონი. 1 მაისს პრემიერლიგის გუნდების წარმომადგენლები ვიდეოკონფერენციას გამართავენ და ახლო მომავლის გეგმებზე ისაუბრებენ.

ბრიტანეთის სპორტის, ციფრული ტექნოლოგიების, კულტურისა და  მასმედიის მინისტრმა, ოლივერ დაუდენმა განაცხადა, რომ ის აქტიურად მუშაობს კლუბებთან და ძალიან უნდა სეზონი ივნისში განახლდეს: „პირადი საუბრები მაქვს კლუბებთან, მინდა სპორტულ საზოგადებას დავეხმარო და რაც შეიძლება მალე განახლდეს სეზონი. მაგრამ ასეთი ნაბიჯები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს უნდა პასუხობდეს.“ - უთხრა დაუდენმა Goal-ს.

სეზონი შესაძლოა, 8 ივნისს განახლდეს და ივლისის ბოლოს დასრულდეს. ასეთი გრაფიკის შემთხვევაში, კლუბებს ვარჯიშების განახლება 18 მაისიდან მოუწევთ. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ კლუბები და ნელ-ნელა ამსუბუქბენ საკარანტინო წესებს.

27 აპრილს, არსენალის, ევერტონისა და ვესტ ჰემის ფეხბურთელებს საკლუბო ბაზებზე დაბრუნების უფლება მისცეს. თუმცა გააფეთხილეს, რომ მკაცრად დაიცვან სოციალური დისტანციის წესები. ტოტენჰემიც მზადაა მოთამაშეებს ვარჯიშის განახლების საშუალება მისცეს.

მაგრამ აქ ერთი კითხვა ისმის: მოგეხსენებათ, ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და როგორ მოხერხდება სოციალური დისტანციის დაცვა, ცოტა გაუგებარია.

ასევე ცნობილია, რომ მატჩები ცარიელი ტრიბუნების პირობებში გაიმართბა და ყველა ფეხბურთელი თავიდან გაივლის კორონავირუსის ტესტს.