ნაკრები, რომელიც უნდა ახსოვდეთ

1998. მოსკოვში მსოფლიოს ახალგაზრდული თამაშები ჩატარდა. პირველად. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ზედამხედველობით. ტურნირი, რომელმაც ბევრი მომავალი ვარსკვლავი წარადგინა.

და, ამ ტურნირზე ჩვენი კალათბურთელები თამაშობდნენ. U 17.

საქართველოს შემადგენლობა: ვლადიმერ ბოისა, ზვიად ბაბიაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ნიკა ვეფხვაძე, ლევან წიკლაური (სასტარტო ხუთეული), თორნიკე ნინიაშვილი, ივანე აბულაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზვიად მიქაძე, ლაშა ლოსაბერიძე, გიორგი გაგნიძე და ირაკლი შანიძე.

მთავარი მწვრთნელი იყო ვაჟა მხეიძე. ასისტენტი - ზაზა ცაგარეიშვილი.

ოლიმპიურ ქალაქში არაჩვეულებრივი ნაკრები ჩავიყვანეთ.

 

ზაზა ცაგარეიშვილი: ჯგუფში 3 თამაში გვქონდა. პირველი, ბრაზილიასთან. და, ბრაზილიამ ტურნირზე ძალიან ძლიერი, სწრაფი გუნდი ჩაიყვანა. ეს იყო მთელი ჩემი სამწვრთნელო კარიერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მატჩი. რომელიც, სამწუხაროდ, მესამე დამატებით დროში წავაგეთ. 1 ქულა. და, იმ თამაშში განსაკუთრებული იყო ვოვა ბოისა. ნამდვილი ლიდერი. შემდეგ შეხვედრაში გვყავს ესპანეთი. რომელიც ჯგუფის მთავარი ფავორიტი იყო და ესპანეთს 2 ქულა მოვუგეთ. გავძელით. ძალიან რთული თამაში გამოვიდა - ბოისა მეორე ტაიმის (მატჩი ორი 20-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა) დასაწყისში მეხუთე ფოლით გაგვივარდა და ძალიან კარგად ითამაშა თორნიკე ნინიაშვილმა. თუ არ ვცდები, მან 22 ქულა დააგროვა. ჯგუფიდან, პრაქტიკულად, გასულები ვიყავით. არ უნდა წაგვეგო ჰოლანდიასთან. იქ ყველამ ითამაშა და მარტივად, 22 ქულა მოვიგეთ.

 

ესპანეთს ერთი წლის წინ, ევროპის U 16 ფინალურ ეტაპზე შევხვდით და იქ 72:85 წავაგეთ. ჩვენი ნაკრების ლიდერები (ბოისა, ბაბიაშვილი, წიკლაური, ნიკოლაძე) იმ შეხვედრის მონაწილეებიც იყვნენ და ბოისამ - 20 (+12 მოხსნა), ბაბიაშვილმა - 18 (10 მოხსნა) და წიკლაურმა 14 ქულა აიღეს. ნიკოლაძემ - 8 ქულა და 3 პასი. კალდერონმა 18 ქულა ჩაგვიგდო.

და, საქართველო გადის იუგოსლავიაზე.

 

ზაზა ცაგარეიშვილი: ფავორიტი იუგოსლავია იყო. ძალიან ძლიერი გუნდით. 6 ქულა წავაგეთ და არ დაგიმალავთ, ოდნავ ნაკლები შეცდომა რომ დაგვეშვა, მოვიგებდით. ეს შეცდომები ჩვენი უყურადღებობის შედეგი იყო. წაგება ყოველთვის საწყენია, მაგრამ ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. რომ მოგვეგო, მედლებისთვის ვითამაშებდით. არ გამოვიდა. დარჩენილ მატჩებში (5-8 ადგილებისთვის) წავაგეთ 1 ქულა ხორვატიასთან, მარტივად მოვიგეთ ბელგიასთან და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილზე გავედით. ძალიან კარგად დაგვახასიათა დიდმა ალექსანდრ გომელსკიმ, რომელმაც საქართველოს კალათბურთს ბრაზილიასთან და ესპანეთთან სამაგალითო, მისაბაძი უწოდა. ეს კალათბურთი სპორტის ამ სახეობის სასწავლო სახელმძღვანელოში უნდა შეიტანო, აღნიშნა გომელსკიმ.

 

იმ ტურნირზე ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ბაბიაშვილი იყო. რომელიც მოგვიანებით გახდა საქართველოს ძირითადი ნაკრების წევრი, ერთხელ - სუპერლიგის MVP.

 

ზვიად ბაბიაშვილი (საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი): განსაკუთრებული ტურნირი იყო. არ დამავიწყდება, როგორ მიდიოდა ამ თამაშებისთვის მომზადება, შემადგენლობის შერჩევა. დაუნდობელი ფიზიკური დატვირთვა. და, ბევრმა ამ დატვირთვას ვერ გაუძლო. ტურნირზე საუკეთესოები უნდა წასულიყვნენ და ამაყი ვარ, რომ იმ ნაკრების წევრი გავხდი. მართლაც ძალიან დიდი პატივი იყო. თამაშები ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მაქსიმუმი გაკეთდა სპორტსმენების კომფორტისთვის და საქართველოს ნაკრები მზად იყო. არ დამავიწყდება, როდესაც იუგოსლავიამ ბოლო წუთებზე მოგვიგო, როგორი ბედნიერი იყო ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი და როგორი პატივისცემით მოვიდნენ თამაშის შემდეგ და წარმატება გვისურვეს. ეს ბევრს ნიშნავდა. გვყავდა თუ არა ლიდერი? ლიდერად ითვლებოდა ვლადიმერ ბოისა, რომელსაც მართლაც ძალიან კარგი თამაშები ჰქონდა. უბრალოდ, თანაბარ დონეზე ყველა შეხვედრის ჩატარება შეუძლებელი იყო და დატვირთვა თითქმის მთელ შემადგენლობაზე თანაბრად გადავიდა. ძალიან კარგად მოვემზადეთ და გული მწყდება, რომ მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავედით. იმ ტურნირზე გამოჩნდნენ ანდრეი კირილენკო, ხოსე კალდერონი. და, საქარველომ ღირსეულად ითამაშა.

 

და, ჩვენ ეს გვახსოვს, ზვიად.

კარგია, რომ ეს მეტს ახსოვდეს, მეტმა იცოდეს. ამ ნაკრებმა იქ მაგარი კალათბურთი ითამაშა.

ამ ნაკრებმა იქ საქართველოს ღირსება დაიცვა.

 

ეძღვნება ვაჟა მხეიძის ხსოვნას.