კორონა და ჯანდაბა!

 

 

 

 

 

 

 

ეს რა დღეში ვართ, ხალხო?!  შინჯდომაში ცხოვრება ლამისაა „ზაზუნას დღეს“ დაემსგავსოს. და ეს უფეხბურთობა, უფეხბურთობა, უფეხბურთობა…

ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს მეღვიძება, ვკითხულობ უცხოურ საფეხბურთო საიტებს და ვღიზიანდები. აი, აქ მეუფლება „ზაზუნის დღის“ შეგრძნება, მაგრამ მერე ვხვდები, რომ მთლად ასეც არ არის საქმე: საიტები ერთ დღეს ერთს წერენ, მეორე დღეს კიდევ მეორეს.

რა გვშველის, იცით? ის, რომ ლიგები ფულს კარგავენ და შუაში იგლიჯებიან იქნებ, რამენაირად, უმაყურებლოდ, რომ შეიძლებოდეს უფეხბურთელებოდაც ჩაამთავრონ შეწყვეტილი ჩემპიონატები. ძალიან დიდ ფულზეა ლაპარაკი.

მათ უნდათ, რომ თამაშები კომერციულმა ტელევიზიებმა გადასცენ, სატრანსფერო ბაზრობა გრაფიკის მიხედვით ჩატარდეს, მომავალი სეზონი დროულად დაიწყოს და საერთოდ, გროშ-კაპიკი არ დაიკარგოს.

ჰოდა, იხევიან ლიგები შუაში. გერმანიამ 9 მაისს უნდა დავიწყოო. ინგლისმა ხან ის თქვა ხან ეს. იტალიას ეშინია. ჰოლანდია, ბელგია და საფრანგეთი გაჩერდნენ. ესპანეთში ბობოლებმა ვითომ ჩამოაგდეს ჩემპიონატის განახლებაზე რაღაც სიტყვა, მაგრამ მესი, სერხიო რამოსი და სხვა კაპიტნები გამოუვარდნენ, გამორიცხულია, სანამ დღეში ამდენი ხალხი კვდება და ავადდება, ჩვენ სახლებიდან ბაზებზე და სასტუმროებში არ გადავსახლდებითო. აი, როდესაც ექიმები გვეტყვიან, რომ არავის აღარაფერი დაემართება, მერე ვილაპარაკოთო.

 

Amazon.com: 50 Pack Stickers for Soccer Club Football Club Serie A ...

 

ყველაზე მეტად თითქოს მაინც ინგლისი ცმუკავს. რატომ? ან ინგლისური უფრო ვიცით და იქაურ ცნობებს ვთარგმნით, ან ყველაზე მეტი ფული იქ იკარგება. სხვა სიტყვებით, საფეხბურთო ბიზნესი ყველაზე განვითარებული ინგლისშია, რაც შეიძლება სრული სიმართლეც იყოს.

თავის მხრივ, უეფას ძალიაან უნდა კალენდარი რომ არ აერიოს (ცხადია ისიც, რომ თავისი წილი მილიონები არ დაკარგოს) და გაიძახის, ჩემპიონთა და ევროლიგები აგვისტოში მაინც ჩამამთავრებინეთ, სექტემბრიდან ახალი გათამაშება რომ დავიწყოო. თქვენი ჩემპიონატები მანამდე მიახრჩვეთ და თუ ვერ ახრჩობთ, გაისად ევროთასებზე ვის გამოიყვანთ ის მაინც მითხარითო.

კი მაგრამ, ჩემპიონებად ვინ დავასახელოთო, ჰკითხეს. და, ჩემი აზრით, ყველაზე გულწრფელი პასუხი აქ იყო: თავში ქვა გიხლიათ, ვინც გინდათო - შემოსძახეს ნიონიდან.

წინა ბლოგშიც ავღნიშნეთ, რომ ამ საგიჟეთში ექიმებს (და იმედია თვითონ ფეხბურთელებსაც) ფიზიკური მომზადების საკითხები აწუხებთ. როგორ გინდა ასე შინნაჯდომი ხალხი პირდაპირ მოედანზე გაყარო? თქვეს, ერთი-ორი კვირა მოსამზადებლად გამოვუნახოთო, მაგრამ ერთი-ორი კვირა ეყოფა? ტყუილად იცავდა ხალხი დისერტაციებს ფიზიოლოგიაზე, დატვირთვებზე, ცილებზე, ცხიმებზე, კუნთოვან მასაზე, ამაზე და იმაზე? ტყუილად ცდილობდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე „პრედსეზონკის“ იდეალურ ხანგრძლივობა მოეფიქრებინა? ახლა ხომ ფეხბურთელებს უფრო დიდხანს მოუწიათ დასვენებამ, ვიდრე ჩვეულებრივი შვებულებების დროს. ჰოდა, რა გამოდის? ფული რომ არ დაიკარგოს, სულ ცოტა წავავარჯიშოთ და ერთ-ორ თვეში ათი ტური ვარბენინოთ, შემდეგ ზედ ევროთასებიც მივაბათ, მერე შემდეგი სეზონი დავაყოლოთ და ბოლოს გაისისთვის გადადებული ევროპის ჩემპიონატიც ვთხლიშოთო.

თან, გერმანელებმა ამ ვარჯიშებისთვის საინტერესო ხერხი მოიფიქრეს: ხუთ-ხუთი შეყავთ მოედანზე, მოთამაშეებმა ერთმანეთს კორონავირუსი რომ არ გადასდონ…

მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ალბათ ზუსტად ის ვიფიქრე, რაც თქვენ.

და კიდევ, ვინაიდან ბუნდესლიგა 9 მაისს აპირებს (თუ აპირებდა) ჩემპიონატის განახლებას დეზინფექციისა და სოციალური დისტანცირების დრაკონული წესებიც იქ მოიფიქრეს. აი, ასეთი:

ყველა ვალდებული იქნება დაამტკიცოს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომი არ ჰქონია და წარმოდგინოს ჩატარებული ტესტების შედეგები.

გასახდელები აღჭურვილი იქნება ჰიგიენური საგნებით და ფეხბურთელების შესვლის წინ მათ ჩაუტარდება დეზინფექცია.

 

Premier League "May Not Finish", Says FA Chief: Report | Football News

 

კლუბებს სთხოვენ გუნდები სტადიონზე რამდენიმე ავტობუსით მიიყვანონ.

ყველა ავტობუსი უნდა იყოს სტერილიზებული, დეზინფექცირებული. მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს ურჩევენ სტადიონზე თავიანთი მანქანებით მივიდნენ, მაგრამ თუკი რაიმე მიზეზის გამო ორივე გუნდი სათამაშოდ ავტობუსით მიდის, მაშინ მათ მისვლათა შორის დიდი დროითი ინტერვალი უნდა დაიცვან.

გუნდები გასახდელში სხვადასხვა მარშრუტით უნდა შევიდნენ. მათ შორის უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დიდი მანძილი.

გუნდებმა გასახდელებში რაც შეიძლება ცოტა ხანი უნდა დაჰყონ, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდური შეკრებებისთვის მათ სტადიონის ტერიტორიაზე უნდა გამოუყონ ყველაზე დიდი ოთახები.

გასახდელებში ფეხბურთელებს შეუძლიათ სახლიდან მიიტანონ თავიანთი საჭმელი, ოღონდ არავის უნდა გაუყონ.

მათ აგრეთვე უნდა ჰქონდეთ თავიანთი სახელებით მონიშნული წყლის ბოთლები. თუ რომელიმე ფეხბურთელს ტრენაჟორზე ვარჯიში დასჭირდება, მან უნდა ჩაიცვას ხელთათმანი და გაიკეთოს პირბადე. ვარჯიშამდე, ტრენაჟორებს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.

მასაჟის მაგიდები ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა დააშორონ, ხოლო ულტრაბგერითი აღჭურვილობები ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდონ.

ვინაიდან, ვირუსი კარის სახელურზე რამდენიმე საათს ძლებს, ყველა ოთახის კარი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ღია.

გუნდებისთვის გასახდელიდან მოედანზე გასასვლელად უნდა მოეწყოს სხვადასხვა გვირაბი. ისინი მოთელვაზე უნდა გავიდნენ მცირე ჯგუფებად, რათა ერთდროულად ბევრი ადამიანი არ დაგროვდეს.

აღარ იქნება ბავშვების ესკორტები და თილისმები. ფეხბურთელები აღარც მატჩისწინა ფოტოებს გადაიღებენ და არც ხელის ჩამოსართმევად დაუვლიან ერთმანეთს.

სათადარიგოთა სკამებზე, მწვრთნელები და ფეხბურთელები დაიცავენ სოციალურ დისტანციას. მწვრთნელების ტექნიკურ ზონას შეამცირებენ.

მწვრთნელის უკან იქნება დაგრძელებული სათადარიგოთა სკამი, სადაც მოთამაშეები და პერსონალი ადგილგამოტოვებით იჯდება.

მატჩის შემდეგ მაისურების გაცვლა აიკრძალება.

ფეხბურთელები საშხაპეში უნდა შევიდნენ პატარა ჯგუფებად. მათ შორის მანძილი უნდა იყოს ორი მეტრი. სასურველია, საშხაპეში არსებობდეს კაბინები.

უმჯობესი იქნება თუკი ფეხბურთელები იბანავებენ სასტუმროში ან შინ.

 

Coronavirus: Bundesliga mulling postponement until start of April ...

 

ჟურნალისტებისტებისთვის ღია იქნება მხოლოდ პრეს-ლოჟა, მატჩისშემდგომ ინტერვიუებს აიღებენ ვირტუალურად. პრეს-კონფერენციებში მონაწილეობას მიიღებს ცოტა ადამიანი.

გუნდებმა მოედანი თავ-თავიანთი გვირაბით უნდა დატოვონ და მათი ავტობუსები სტადიონის ტერიტორიიდან გავიდნენ სხვადასხვა დროს.

დავუშვათ, ასეც მოიქცევიან. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმას რა ვუყოთ, ფეხბურთი რომ კონტაქტური თამაშია და ფეხბურთელები თამაშის დროს სოცილაურ დისტანციას ვერ დაიცავენ?

(თან, ლიგების შეფები  აცხადებენ, ერთი ფეხბურთელიც რომ დაავადდეს, განახლებულ ჩემპიონატებს შევწყვეტთო.)

დაავადდება, აბა რა მოუვა…

ისე კი, ფეხბურთის წესები ხომ არ შეგვეცვალა და ეს ჩვენი თამაში მაგიდის ფეხბურთსისთვის ხომ არ მიგვემსგავსებინა?