სად არიან ისინი?..

 

 

 

 

 

 

 

1999 წლის მაისში მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედთან ბოლო წუთზე წაგებული ფინალი, ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია ტურნირის ისტორიაში. მას შემდეგ 21 წელიწადი გავიდა. სად არიან დღეს მაშინდელი გმირები, თუ ანტი-გმირები?

ოლივერ კანი, 50 წლის

14 წელიწადს ითამაშა ლეგენდარულმა კანმა მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში. მანჩესტერთან ფინალურ მატჩში მან ბოლო წუთებზე ორი დასანანი გოლი გაუშვა.

2008 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ, მას მწვრთნელობა არ დაუწყია. ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, ექსპერტად და კომენტატორად.

წლეულს იანვარში კი ბაიერნში დაბრუნდა და კლუბის მმართველობის წევრი გახდა.

ლოთარ მათეუსი, 59

ჯამში მათეუსმა ბაიერნში 12 წელიწადი გაატარა, კარიერა კი აშშ-ში დაამთავრა, როცა თითქმის 40 წლის იყო. შემდეგ მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი, თუმცა დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. მათეუსის პირველი კლუბი ვენის რაპიდი გახლდათ. ერთი წლის შემდეგ პარტიზანში გადავიდა, რომელიც 2003 წელს სერბეთის ჩემპიონი გახადა.

შემდეგ იყო უნგრეთის ნაკრები, ატლეტიკო პარანაენსე, ზალცბურგი, მაკაბი...

მწვრთნელის რანგში მისი ბოლო სამუშაო ადგილი ბულგარეთის ეროვნული გუნდი გახლდათ, 2011-ში. მას შემდეგ ის ტელევიზიაში მუშაობს ექსპერტად.

მარკუს ბაბელი, 47

სამწვრთნელო კარიერა ბაბელმა 2003 წელს დაიწყო, შტუტგარტში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. იმ სეზონში შტუტგარტი გერმანიის ჩემპიონი გახდა. 2008 წელს ის უკვე კლუბის თავკაცად დანიშნეს, მაგრამ დიდ ხანს იქ არ გაჩერებულა. შემდეგ იყო ჰერტა, ჰოფენჰაიმი, შვეიცარიული ლიუცერნი. ბოლოს მან ავსტრალიაში იმუშავა ვესტერნ სიდნეი უონდერერსში.

სამუელ კუფური, 43

კუფური ბაიერნში 1993-2005 წლებში თამაშობდა და ამ დროის განავლობაში 17 ჯილდო მოიგო. კარიერა სამშობლოში, განაში დაასრულა 33 წლისამ. სამუელი მწვრთნელი არ გამხდარა, ამჟამად განაში ცხოვრობს და უძრავი ქონების სფეროში საქმიანობს.

 

Samuel Kuffour: I still feel that pain. I've never watched the ...

 

თომას ლინკე, 50

მან ბაიერნში რვა სეზონი ითამაშა, კარიერა კი კლუბის ფარმ კლუბში დაასრულა, რის შემდეგაც სპორტულ დირექტორად მოგვევლინა. ჯერ იყო ზალცბურგი, შემდეგ ლაიფციგი. 2019 წლის შემდეგ, რაც ინგოლშტადტიდან წამოვიდა, უმუშევარია.

მიხაელ ტარნატი, 50

ტარნატმა ბაიერნი 2003 წელს დატოვა და ინგლისში გადაბარგდა, თუმცა იქ დიდ ხანს არ გაჩერებულა. კარიერა 2009 წელს დაასრულა 40 წლისამ, ჰანოვერში. ახლა ის ამ კლუბის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მისი ვაჟი კი პირველი გუნდის ფეხბურთელი.

იენს იერემისი, 46

იერემისმა კარიერა 33 წლისამ დაამთავრა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც მოახერხა - 2001-ში. ასევე ექვსჯერ გახდა გეერანიის ჩემპიონი. 2006 წლის შემდეგ საფეხბურთო აგენტად მუშაობს.

შტეფან ეფენბერგი, 51

ეფენბერგს ერთობ რთული ხასიათი ჰქონდა. ბაირნში კი ორი პერიოდი ითამაშა 1990-92 და 1998-2002 წლებში. ამათგან მეორე გაცილებით წარმატებული გამოდგა. თუკი 1999-ში ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, 2001-ში ოცნება აისრულა და სანუკვარი თასი აღმართა.

კარიერა 36 წლისამ დაასრულა რის შემდეგაც კარგა ხანს ტელეკომენტატორად მუშაობდა. ცოტა ხანს მწვრთნელობა სცადა, მაგრამ ხეირიანი არაფერი გამოუვიდა. ახლა ეფე აშშ-ში ცხოვრობს და ისევ ტელეკომენტატორობით იქცევს თავს.

მარიო ბასლერი, 51

ბასლერი მიუნხენელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. მანჩესტერთან ფინალის მეექვსე წუთზე სწორედ მან გახსნა ანგარიში. მარცხის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ მარიო დაასახელეს.

მწვრთნელობა მანაც სცადა, მაგრამ ძირითადად დაბალი ლიგების კლუბებში ირჯებოდა. წარმატებას ვერ მიაღწია და ახლა ტელევიზიაში მუშაობს. საკუთარი პროგრამაც აქვს - Basler baller.

კარსტენ იანკერი, 45

ბაიერნში იანკერმა ექვსი სეზონის განმავლობაში ითამაშა. კარიერა კი 2009 წელს დაასრულა ავსტრიაში. 2013-17 წლებში ვენის რაპოიდის მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. ამ პერიოდში ის თბილისშიც იმყოფებოდა, როცა რაპიდი მიხეილ მესხის სტადიონზე გორის დილას შეხვდა ევროპა ლიგის პლეი ოფში. მერე ცოტა ხანს ავსტრიისვე მეორე ლიგის გუნდს - ჰორნს წვრთნიდა, საიდანაც მალევე წავიდა.

 

Ottmar Hitzfeld celebrates his 70th birthday - FC Bayern Munich

 

ალეკსანდერ ციკლერი, 46

ციკლერი ბაიერნში 12 წელიწადს ირჯებოდა და 19 ჯილდო მოიპოვა. თუმცა, ტრავმებმა მას ძალიან შეუშალა ხელი ნიჭის სრულფასოვნად გამოვლენაში. მერე ხუთ წელიწადს ზალცბურგის აკადემიაში მწვრთნელობდა. სხვათა შორის გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მაისურით საქართველოში, კერძოდ რუსთავში მასაც უთამაშია.

ახლა ის გლადბახის მწვრთნელთა საბჭოში საქმიანობს.

მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი, 71

ჰიტცფელდმა სამწვრთნელო საქმიანობა 34 წლისამ დაიწყო. ჩემპიონთა ლიგა კი ჯერ დორტმუნდის ბორუსიასთან, შემდეგ კი ბაიერნთან ერთად მოიგო. მისი ბოლო სამუშაო ადგილი შვეიცარიის ნაკრები გახლდათ. ამჟამად ჰიტცფელდი ზეპ ჰერბერგერის ფონდის ელჩია.