ყველაზე გრძელი სეზონი...

 

 

 

 

 

 

 

პრემიერლიგის ხელმძღვანელობას დღემდე არ დაუსახელებია თარიღი თუ როდის განახლდება კორონავირუსის მიზეზით შეჩერებული სეზონი. თუმცა, ერთი ნათელია, რომ თავის დროზე ის ვერანაირად ვეღარ დამთავრდება და ბოლო მატჩები შუა ზაფხულში გაიმართება. თუ საერთოდ გაიმართა.

დაახლოებით ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდა ინგლისის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა შორეულ 1947 წელს. მაშინაც შეიძლებოდა სეზონი არ ჩამთავრებულიყო, თუმცა მიზეზი სულ სხვა გახლდათ.

1946-47 წლების სეზონი პირველი სრულფასოვანი ტურნირი გამოდგა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ინგლისში. თუმცა, უკვე 47-ის მარტში, საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლები სერიოზული პრობლემის განსახილველად შეიკრიბნენ. პრობლემა, რომელსაც შეიძლებოდა მთელი სეზონი ჩაეშალა.

საქმე ის არის, რომ ომის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობა კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას ლამობდა. საჭირი იყო ფაბრიკა-ქარხნებში წარმოების გაზრდა, ამიტომ მიაჩნდათ, რომ შუა კვირაში სპორტული ღონისძიებების გამართვა მუშებს საქმეს მოწყვეტდა. გადაწყვიტეს სპორტის ყველა სახეობის ხელმძღვანელები შეეკრიბათ და ეს ამბავი გამოეცხადებინათ.

თანაც მარტში ბრიტანეთს დიდთოვლობა დაატყდა თავს, რის გამოც ბევრი მინდორი გაიყინა და სათამაშოდ უვარგისი გახდა. 10 მარტს 44 მატჩიდან 17-ის გადადების შესახებ განაცხადეს. „მინდვრების ნაწილი წყლითაა სავსე, ნაწილი გაყინულია. მათზე თამაში შეუძლებელია.“ - წერდა გაზეთი The Guardian.

იყვნენ ცხადია, ადამიანები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ. ბრიტანეთის მოსახლეოის ძალიან მცირე ნაწილი ესწრება სპორტულ ღონისძიებებს შუა კვირაში, ამიტომ მათ გაუქმებას აზრი არ აქვს.“ - ამბობდა რაგბის ლიგის საბჭოს თავმჯდომარე ჰიუზი.

 

 

„ამ გადაწყვეტილებამ ადამიანების მორალურ განწყობაზე შეიძლება კატასტროფულად იმოქმედოს. ეს დაუჯერებელი იდეაა. ვიმედოვნებ, შუა კვირაში მატჩებს არასოდეს გააუქმებენ.“ - დასძენდა ვესტ ჰემის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, უილ სირნსი.

მაგრამ მთავრობამ თავისი გაიტანა და შუა კვირაში ყველა სპორტული ღონისძიების გამართვა მაინც აკრძალა. შედეგად, საფეხბურთო სეზონი ინგლისში 14 ივნისამდე გაიწელა.

„გასაგებია, რომ ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშის ვარიანტი არც განხილულა. არც რაიმე ალტერნატიული წინადადებები ყოფილა. ყველა დაეთანხმა მთავრობის გადაწყვეტილებას.“ ეს ციტატაც The Guardian-იდანაა.

ამრიგად, 1946-47 წლების სეზონი, ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ინგლისურ ფეხბურთში. ის 31 აგვისტოდან 14 ივნისამდე გაგრძელდა. პირველი დივიზიონის  ბოლო, 44-ე ტურის შეხვედრები მაისის ბოლოს გაიმართა. მხოლოდ შეფილდ იუნაიტედისა და სტოკ სიტის მატჩი ჩატარდა 14 ივნისს.

ბოლო ტურში ლივერპულმა 2:1 დაამარცხა ვულვერჰემტონი და 57 ქულით პირველ ადგილზე დადგა. რჩებოდა ერთი და გადამწყვეტი თამაში: სტოკ სიტის 55 ქულა მოეგროვებინა და მოგების შემთხვევაში ჩემპიონად მას გამოაცხადებდნენ, მაგრამ შეფილდმა 2:1 გაიმარჯვა და ჩემპიონი ლივერპული გახდა. ეს მერსისაიდელთა მეხუთე ტიტული გახლდათ.

საინტერესოა, რომ მორიგი სეზონი 70 დღის შემდეგ დაიწყო და ფეხბურთელებს ხეირიანად დასვენების საშუალებაც არ ჰქონიათ.

რამდენ ხანს გაიწელება მიმდინარე სეზონი ჯერ არავინ იცის. ეგებ რეკორდიც დამყარდეს ხანგრძლივობის მხრივ. ის 9 აგვისტოს დაიწყო...