პაჩკა-პაჩკა დოლარები ცვიოდეს?

 

 

 

 

 

 

 

იცით, რას ვფიქრობ? ასეთი ფეხბურთი სულ არ მინდა — ნიღბიანი, დეზინფექციით გადატყავებული, უმაყურებლო. ეს ფეხბურთი მხოლოდ იმისთვის არის, რომ „დიდ ქვეყნებში“ ფულის მკეთებელმა ბობოლებმა გროშ-კაპიკი არ დაკარგონ. სხვა მხრივ კი რა ბედენაა?

ჯერ მხოლოდ ცარიელი ტრიბუნები და ბურთის უსულო ექო შეგზარავს ადამიანს. კი, ქართველები ცარიელ ტრიბუნებს შეჩვეულები ვართ, მაგრამ ახლა ხომ იმ ქვეყნებზე ვლაპარაკობთ, სადაც ლივერპული და ბარსელონაა; სადაც რეალია, სიტი, იუნაიტედი და ბაიერნი…

ინგლისში იმდენ ფულს კარგავენ, რომ ოღონდ შეწყვეტილი ჩემპიონატი რამენაირად ჩაამთავრონ და აღარ იციან ტყავიდან როგორ ამოძვრნენ. ამ ბოლო დროს თამაშში ხუთ ცვლილებასა და სათამაშო დროის შემცირებაზეც კი დაიწყეს ლაპარაკი. ტაიმს 45 წუთი რად უნდაო. გეგონება, თუ ვინმეს კორონა სჭირს 15 წუთში ვერ გადასდებს მეორეს და მერე ის მეორე, საღამოს, შინ ბებიამისს ვერ დააავადებს.

ისე უნდათ ჩემპიონატის რამენაირად ჩაბრახუნება, რომ გადაწყვიტეს მთავრობას საბაბი არ მისცენ და თავად მოიფიქრეს შეზღუდვები. გამოუვიდათ შეზღუდული ფეხბურთი. გაირკვა, რომ ამდენ დისტანციას და დეზინფიცირებულ ოთახებს თვით პრემიერლიგის სტადიონები ვერ უზრუნველყოფენ. უმრავლესობა გამოუსადეგარი აღმოჩნდა. და დაიწყეს თითზე თვლა: ერთი ეტიჰედიო, მეორე ემირეიტიო… და უემბლიცო.

 

უემბლი - ვიკიპედია

 

კიდევ, მასპინძელი გუნდებიც აღარ გვინდა, თორემ გამოვა, რომ ზოგი შინ ითამაშებს, ზოგი კი არაო. მოკლედ, თუ ამ გეგმას აამუშავებენ, სიტიმ, მაგალითად, შემთხვევით მასპინძელი რომ არ გამოვიდეს და ცარიელმა ტრიბუნებმა მის გასამხნევებლად სიმღერა რომ არ დასძახონ, ეტიჰედზე არ უნდა ითამაშოს. იგი სხვაგან წავა, ტურფასა საბაღნაროსა კიდევ სხვა მოვა.

მოკლედ, სტადიონების დიდ გადარჩევასა და „ესა-მესა გადის ესაში“ რომ იყვნენ, გარი ნევილმა უცბად შესძახა, რა ტვინს ვიჭყლეტთ, ყველანი ავსტრალიაში წავიდეთ, იქ არის ქალაქი პერთი, პერთში არის ოთხი სტადიონი და არ არის კორონავირუსი; ჰოდა, ნეიტრალური სტადიონების პრობლემაც თავისით გადაწყდებაო.

მიდი, მოვდივარ!..

და ექიმებმა რაღა თქვეს? იმ, სამთავრობო, საზიზღარმა ექიმებმა კი არა, ქვეყანაში კორონავირუსს რომ ებრძვიან და სახლში დარჩითო რომ იძახიან, კლუბების ექიმებმა, ფეხბურთელები „ეი, დოქტორ, მოდი ერთი მიმკურნალეს რომ ეძახიან“. რაო და 100 პუნქტიანი წერილი დაწერეს პრემიერლიგის სამედიცინო შეფობისა და სხვა ბობოლების სახელზე, ახლა ფეხბურთის თამაში არც ნიღბით, არც ხელთათმანებით, არც სკაფანდრებში და არც ცარიელ სტადიონებზე არ შეიძლებაო. ქვეყანაში ჯერ მაინც ბევრი ხალხი კვდებაო. ვაქცინა და წამალი ვერ მოგვიფიქრებია და ერთადერთი რაც ვიცით, შორიშორ დგომააო.

ეს ძალიან კარგი, მაგრამ იმხელა ფული დაიაკრგოს? 700 მილიონი გირვანქაა, მგონი.

 

Money and medical staff pledged for Wuhan to help tackle China's ...

 

ხომ იცით, კომუნისტების დროს ლიმონათში შაქრის დაკლებისთვის ერთი ქარხნის დირექტორი რომ დაიჭირეს და მოსამართლემ რომ ჰკითხა, ლიმონათს სიტკბოს რად აკლებდიო. ბრალდებულმა „სხოდუ“ უპასუხა:

— მა, ლიმონათი დამეტკბო და ოჯახი გამემწარებინაო?

გერმანიაში, ერთ გუნდში ფიზიოთერაპევტს(!) აღმოაჩნდა კორონა და ამათ მაინც უნდა ვითამაშოთო.

მაგრამ, მე სხვა რამეს ვამბობ. დავუშვათ და ყველაფერი ბრწყინვალედ დაგეგმეს. დავუშვათ და უნიკალური ნიღბები გაიკეთეს, გუნდები სტადიონზე ერთსაათიანი ინტერვალით მიიყვანეს, მოედნამდე ერთმანეთი არც კი დაანახეს, სოციალური დისტანცია დაიცვეს და 70 პროცნტიანი სპირტიც გადაისხეს. ეს ყველაფერი მაინც ნაძალადევი და არაფეხბურთი ხომ არ გამოვა? აი, ამას ვკითხულობ და იმას ვამბობ, რომ თუ თუ მეკარის ყოველი ნახტომის შემდეგ მის ხელთათმანებს სტერილიზაცია დასჭირდა, მესიმ კი იმაზე იფიქრა შვილებს სახლში რამე არ მივუტანოო, იქნებ ჯერ არ ღირდეს…

მართლაც ჯანდაბა და დოზანა. მეც ყველასავით დაბნეული ვარ, რა.