მოქანდაკე რეპერი

NBA Top 50. ჯეისონ კიდი  (33).


კარიერა: დალასი (1994-1996),  ფინიქსი (1996 -2001), ნიუ ჯერსი (2001-2008), დალასი (2008-2012), ნიუ იორკი (2012-2012).

ჩემპიონი - 1 (2011, დალასი).

ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე  - 10 (1996, 1998, 2000-2004, 2007, 2008, 2010).

სეზონის პირველი ხუთეული - 5 (1999-2002, 2004).

სეზონის მეორე ხუთეული - 1 (2003).

დაცვის პირველი ხუთეული - 4 (1999, 2001, 2002, 2006).

დაცვის მეორე ხუთეული - 5 (2000, 2003-2005, 2007).

საუკეთესო ახალბედა (1995).

ახალბედების პირველი ხუთეული (1995).

საშუალოდ ყველაზე მეტი პასი - 5 (1999-2001, 2003, 2004).

მიზაბაძი სპორტსმენი - 2 (2012, 2013).

საუკეთესო ამერიკელი კალათბურთელი (2007).

უკვდავი ნომერი - 5 (ბრუკლინი).

ოლიმპიური ჩემპიონი - 2 (2000, სიდნეი - 6.0 ქულა,  5.3 მოხსნა, 4.4 პასი, 1.1 ჩაჭრა; 2008,  პეკინი - 1.6 ქულა, 2.6 მოხსნა, 2.0 პასი).

მეტსახელი: The ENGINE. 

სტატისტიკა: 12.6 (17 529) ქულა, 8.7 (12 091) პასი, 6.3 (8 725) მოხსნა.

 

როდესაც მეკითხებიან, ვინ არის შენი საყვარელი გამთამაშებელი, დაუფიქრებლად ვპასუხობ - ტონი პარკერი!

და, როდესაც მეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო გამთამაშებელი, ვისი კარიერაც პირველიდან ბოლო აკორდამდე გაიცანი, დაუფიქრებლად ვპასუხობ - ჯეისონ კიდი!

უფრო სრულყოფილი, ვიდრე - სტივ ნეში. უფრო მომგები, ვიდრე - კრის პოლი. უფრო მეტი, ვიდრე - ჯონ სტოქტონი. უფრო კლასიკური, ვიდრე - პარკერი. კიდი იდეალური პირველი ნომერი იყო. და, ჯეისონმა კარიერაში ყველაფერი აიღო. მეჯიქ ჯონსონი და აიზია ტომასი ცუდად მახსოვს.

კალათბურთმა კიდი დააფასა და ყველაზე მაგარი პასი გააყოლა - დაფასება.

კიდმა კარიერა შედეგიანი გადაცემებით და ჩაჭრებით მეორე ადგილზე დაამთავრა. ორივე კატეგორიაში მისტერ სტოქტონი ლიდერობს. ჯეისონის 107 სამმაგი დუბლი მეოთხე შედეგია რასელ უესთბრუქის, ოსკარ რობერტსონის და მეჯიქის შემდეგ. და, რასთან, მეჯიქთან და ოსკართან ერთად ჯეისონი ყველა დროის საუკეთესო მომხსნელი გამთამაშებელია.

პერსონაჟი, რომელიც კარიერის ბოლომდე მუშაობდა საკუთარ თავზე. კიდი სტარტზე ცუდ სნაიპერად ითვლებოდა, მაგრამ აქაჩა, ბევრი ზაფხული სროლის გაუმჯობესებას დაუთმო და კარიერა 1 988 ზუსტი სამიანით დახურა. კიდი იყო ნდობა და კიდი იყო სტაბილურობა. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც NBA-ს ჯეკპოტი კარიერის ბოლო წლებში, დირკ ნოვიცკისთან ერთად, დალასში მოხსნა. ჯეისონი დიდი ჩემპიონია.

გრანტ ჰილის გამო კოკადან სპრაიტზე გადავედი. და, იმ სეზონმა გამაცნო კიდი. დრო, როდესაც NBA-ს რეპორტაჟები დღევანდელი სიხშირით არ მოდიოდა. და, დრო, როდესაც ამ რეპორტაჟებში ეთერს ძირითადად, კარგ, საჩემპიონო გუნდებს უთმობდნენ. ერთხელ, იქ, ტელეეკრანზე დაკუნთული, მოხულიგნო ტიპი გავაძრე. რომელიც ვარჯიშზე უშველებელი ყურსასმენებით და გამორჩეულად ეფექტური ტარებით იყო გამორჩეული. შემდეგ, დაიწყო თამაში და ბავშვმა ორი საოცარი პასი გააკეთა.

ეს სიყვარული იყო. კიდმა ერთი პასი ჩემი მისამართითაც გააკეთა. უნდა ჩამეგდო.

ჯეისონ კიდმა იმ თამაშით ჩემი და მთელი კარიერის განმავლობაში, ბევრი მილიონი გულშემატკივრის გული დაირტყა.

ჯეისონის დებიუტი 1994 წლის 5 ნოემბერს, საკუთარ არენაზე, ნიუ ჯერსისთან მატჩში შედგა. იმ ფრენჩაიზთან, რომელშიც კიდი ლეგენდა, უკვდავი გახდა. და, დალასმა თამაში 112:103 წამოიღო. სიმბოლურია, რომ პირველივე ჩეხვაში მისტერ კიდმა ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 პასი) გლიჯა და იქვე, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრაც დასვა. კლასიკა პირველწლიანი გენიოსისგან. და, იქ, ნიუ ჯერსიში პირველ ნომერზე გენიალური კენი ანდერსონი დგას, რომელმაც დალასს 30 ქულა აარტყა. კიდმა მოიგო. კიდმა ჯიმ ჯექსონს (37) და ჯამალ მაშბურნს (30) თითქმის 70 ქულა გააშანსინა. არასტაბილურმა დალასმა პირველი აკორდი ელეგანტურად აიღო.

კიდმა იმ სეზონში 19 ორმაგი და 4 სამმაგი დუბლი გააკეთა. კიდმა მაღალ დონეზე ჩაატარა რეგულარულის ბოლო თვე. 5 აპრილს, ძალიან კარგ და მოტივირებულ ლეიკერსთან დალასმა 130:111 მოიგო და კიდმა კალიფორნიას 19 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა აჩუქა. და, იმ ლეიკერსში იდგნენ ნიკ ვან ექსელი, ედი ჯონსი, სედრიკ სებალოსი, ვლადე დივაცი და ელდენ კემპბელი. სოლიდური სასტარტო ხუთეული!

ორ დღეში კიდისგან აირტყა დალასზე სუსტმა მინესოტამ (94:111) და ჯეისონის ანაგრიშზე 11, 13 პასი, 10 მოხსნა იყო. სტაბილური კოლექციონერი. და, ოთხ დღეში კიდმა ჰიუსტონთან 156:147 ვიქტორიაში 38, 11 მოხსნა, 10 პასი შეკრა. ეს იყო კიდის პერსონალური რეკორდი იმ სეზონში. ბოლო სამმაგი სან ანტონიოს გლიჯეს - დალასმა 111:112 წააგო (დევიდ რობინსონი - 36, 13), კიდმა 10, 13 მოხსნა და 12 პასი შეუკვეთა.

კიდი, რომელიც დრაფტზე გლენ რობინსონის შემდეგ და გრანტ ჰილამდე აირჩიეს, დალასის ლიდერი გახდა. გუნდმა წინა სეზონის 13:69 36:46-ით შეცვალა. ყველაზე მაგარი პროგრესი ლიგაში. ეს კიდმა და ჯამალ მაშბურნმა (ჯიმ ჯექსონის დახმარებით) გააკეთეს. სამი J. ეს იყო დალასის ახალი სახე და იდეაში, მომავალი.

შემდეგ სეზონში კიდი ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულში აირჩიეს. დიდი პატივი ბავშვისთვის. და, პროცესში დაიძაბა ჯეისონის და მაშბურნის ურთიერთობა. ბოსებმა ბიჭებს დამშვიდება და თამაშის გაგრძელება ურჩიეს. მაშბურნმა ეს მიიღო. კიდმა, ბოსებს დიდი Fuck Off გლიჯა და ჯეისონი გაცვალეს.

1996-1997 წლების სეზონის დროს ფინიქსმა დალასს მაიკლ ფინლი, ეი სი გრინი და სემ კასელი მისცა. არიზონაში წამოვიდნენ კიდი, ტონი დუმასი და ლორენ მეიერი. და, იმ ფინიქსში ჯეისონი კიდევ ერთ ახალგაზრდა ცელქ პერსონაჟთან, სტივ ნეშთან გაერთიანდა. მომენტებში, ფინიქსის მწვრთნელები რისკავდნენ და ხუთეულში ოთხ დაბალს (კიდი, ნეში, რექს ჩემპენი, კევინ ჯონსონი) აყენებდნენ. რისკმა გაამართლა და სანზმა რეგულარული 56 მოგებით დახურა. ჩარლზ ბარკლის ეპოქის შემდეგ, ფინიქსში ახალი გუნდს აწყობდნენ და კიდი ამ გუნდის ლიდერად ითვლებოდა. ცენტრზე ანტონიო მაკდაიესი იდგა.

მეორე სეზონში (1998/1999) ჯეისონმა 10.8 პასი დახატა და ამ შედეგით საუკეთესო გახდა. კიდმა რბილი სავარძელი ვაშინგტონის ელეგანტურ ფლეიმეიქერს, როდ სტრიკლენდს წაართვა. კიდი ცვლიდა გუნდს, ლიგას, კალათბურთს. კიდმა იმ სეზონში 7 სამმაგი დუბლი გააკეთა. მთელმა ლიგამ - 11. 41.2 წუთით ჯეისონი მეორეზე იჯდა და 6.8 მოხსნით კიდი საუკეთესო იყო დაბლებში. ჯეისონი გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელიც TOP 50-ში ათ კატეგორიაში შევიდა. და, ფინიქსმა მოიგო ყველა თამაში, სადაც კიდი სამმაგ დუბლს აკეთებდა.

კიდს აჩუქეს ანფერნი ჰარდევეი. უკვე შეცვლილი, ოდნავ შენელებული, მაგრამ მაინც საოცრად ნიჭიერი და მიმწოლი მოთამაშე. ჟურნალისტებმა ამ წყვილს Back Court 2000 დაარქვეს და ფანები საოცარ მიქსს და შედეგს ელოდებოდნენ. კიდმა მოიტეხა ფეხი, დაბრუნდა ფლეი ოფისთვის და ფინიქსმა მოქმედი ჩემპიონი, სან ანტონიო გააჩერა 3:1. უბრალოდ, სანზი საერთოდ თამაშს ვერ აიღებდა, ტიმ დანკანს ფლეი ოფის დაწყებამდე ტრავმა რომ არ მიეღო. კიდმა პირველად მოიგო საფლეიოფო სერია.

კითან ერთად ფინიქსმა შემდეგ სეზონშიც 50 მოგება გაშანსა და ჯეისონს ჰქონდა საოცარი სამმატჩიანი სერია, როდესაც მან 36, 32 და 31 ქულა დააგროვა. ზედიზედ სამჯერ ჯეისონი სეზონის პირველ ხუთეულში შევიდა და ფინიქსი რეალურად უმატებდა. ორმაგად მოულოდნელი იყო 2001 წლის 28 ივნისს მომხდარი ტრანსფერი - ფინიქსში გატარებული ხუთი სეზონის შემდეგ, კიდი ნიუ ჯერსიში გაუშვეს. მასთან ერთად ნეთსმა მიიღო სათადარიგო ცენტრი კრის დადლი და სანზის შემადგენლობა სტეფონ მარბერიმ, ჯონი ნიუმენმა და სუმალია სამაკემ შეავსეს. ნიუ ჯერსიმ ჯკპოტი მოხსნა და ფინიქსმა კიდევ ერთი პროცესი წააგო. კიდი აღმოსავლეთში წავიდა.

ჯეისონი გადადის გუნდში, რომელიც მას ბოლომდე, ყველაფერში ენდობოდა. კიდს უნდა გაეხსნა ნიჭიერი, მაგრამ აზრზე მოსაყვანი ფორვარდი კენიონ მარტინი. ჯეისონმა ეს გააკეთა. კიდს უნდა დაეკმაყოფილებინა პასებით ვეტერანები კიტ ვან ჰორნი და კერი კიტლზი. ჯეისონმა ეს გააკეთა. კიდს უნდა შეექმნა კომფორტული ზონა ახალბედებისთვის (რიჩარდ ჯეფერსონი, ჯეისონ კოლინზი, ბრენდონ არმსტრონგი). ჯეისონმა ეს შეასრულა.

და, გენერალ კიდთან ერთად ნეთსმა პირველად არსებობაში, რეგულარული 50(+) მოგებით დახურა. წინა სეზონში ნიუ ჯერსის 26 მოგება ჰქონდა. კიდმა ფრენჩაიზი ფერზე მოიყვანა, ჰაერი მისცა. და, ნიუ ჯერსი გაიქცა. ფანები ჯეისონისთვის საუკეთესო მოთამაშის პრიზის გადაცემას ითხოვდნენ, მაგრამ MVP ტიმ დანკანი გახდა. ფლეი ოფში ნიუ ჯერსიმ აკრიფა - უგებს ინდიანას და შარლოტს. ბოსტონთან კიდის გუნდმა ფლეი ოფის ისტორიაში ყველაზე დიდი კოლაფსი განიცადა - მესამე თამაშის მეოთხე მეოთხედში ნეთსმა +21 ვერ შეინარჩუნა. მძიმე დარტყმა. სელტიქსმა ის მატჩი წამოიღო, მაგრამ ნიუ ჯერსი იგებს შემდეგ სამ ტესტს და გადის ფინალში. შაკმა და კობი ბრაიანტმა ნეთსის სეზონი მშვიდად, 4:0 დახურეს.

ერთი წლის შემდეგ ნიუ ჯერსიმ გაიმეორა ფინალი. ამჯერად, დასავლეთიდან წამოვიდა სპერსი (რომელმაც ლეიკერსს მანამდე 4:2 ხია) და 4 თამაშის შემდეგ ანგარიში იყო 2:2. უბრალოდ, სან ანტონიოს ჰყავდა ტიმ დანკანი. და, ნიუ ჯერსის არ ჰყავდა ტიმ დანკანი. ბოლო მატჩში ტიმიმ 21 ქულა, 20 მოხსნა, 10 პასი და 8 დაფარება აიღო. მონსტრი. ლეგენდა. და, ერთ-ერთი უდიდესი ინდივიდუალური სოლო ფინალების ისტორიაში. დანკანმა მეგობარი დევიდ რობინსონი ჩემპიონად გააცილა და სპერსის ორმა მაღალმა ამ მატჩში ნიუ ჯერსიზე მეტი მოხსნა (37:35) გააკეთა. დაუჯერებელია.

და, სეზონის დასრულების შემდეგ სპერსი და ნიუ ჯერსი კიდის შესახებ დაეკონტაქტდნენ ერთმანეთს. კიდში ტონი პარკერი და კიდევ ბევრი სიურპრიზი - ნეთსი თანახმა იყო, მაგრამ კიდმა თქვა, ვრჩები და ნიუ ჯერსისთან ახალი, 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯეისონის საბანკო ანგარიშზე ამ პერიოდში 99 მილიონი დოლარი დაჯდა. გამთამაშებლისთვის იმ დროის რეკორდი. კიდი ამ კუშს იმსახურებდა.

ჯეისონმა ბონუსი დალასში დასვა. არასტაბილურ,ნიჭიერ, მაგრამ წარუმატებელ და დაშინებულ დალასში. კიდთან ერთად მავერიქსი შეიცვალა. ჯეისონმა იქ სტაბილურობა მიიტანა. 2011 წლის ფლეი ოფი კიდმა პორტლენდთან პირველ ორ მატჩში 42 ქულით გახსნა და დალასი იგებს სერიას 4:2. შემდეგი დონე - ორგზის მოქმედი ჩემპიონი ლეიკერსი კობი ბრაიანტით და დანარჩენი მგლებით. კიდი ეპიზოდურად პირადად ეყომარა კობის და დალასმა დაამტვრია ლეიკერსი - 4:0. შემდეგ კიდი გაესაუბრა ოკლაჰომას, რასელ უესთბრუქს მოგების მუღამი წაართვა (4:1) და დაიწყო სერია მაიამისთან, სადაც პატ რაილიმ ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში აუშვა. და, დალასმა გაძლო. გუნდმა, რომელმაც რეგულარულის ნაწილი ტრავმირებული ნოვიცკის გარეშე ჩაატარა. გუნდმა, რომელმაც სეზონის ბოლომდე ძირითადი მესამე ნომერი კეირონ ბატლერი დაკარგა.

ამ გუნდმა გაძლო, ნოვიცკი გახდა MVP და კიდი ამ საჩემპიონო ანსამბლის - დირიჟორი. 38 წლის კიდი ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი-გამთამაშებელი იყო. კიდმა ეს დაიმსახურა. კიდი ჩემპიონობის გარეშე არ უნდა წასულიყო.

და, დავასრულებ ისევე, როგორც დავიწყე - როდესაც მეკითხებიან, ვინ არის შენი საყვარელი გამთამაშებელი, დაუფიქრებლად ვპასუხობ - ტონი პარკერი.

და, როდესაც მეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო გამთამაშებელი, ვისი კარიერაც პირველიდან ბოლო აკორდამდე გაიცანი, დაუფიქრებლად ვპასუხობ - ჯეისონ კიდი!

ლეგენდა.

მოქანდაკე, რომლის კალათბურთი იყო აგრესიული რეპის და კენი ჯის მიქსი.

სახიფათოა.

ლებრონმა იცის.

ჯეისონ კიდი ფინიქსი ნიუ ჯერსი დალასი ნიუ იორკი ტონი პარკერი სტივ ნეში კრის პოლი ჯონ სტოქტონი მინესოტა კენი ანდერსონი ჯიმ ჯექსონი ჯამალ მაშბურნი ლეიკერსი ედი ჯონსი ნიკ ვან ექსელი სედრიკ სებალოსი ვლადე დივაცი ელდენ კემპბელი დირკ ნოვიცკი რასელ უესთბრუქი მეჯიქ ჯონსონი აიზია ტომასი ოსკარ რობერტსონი გრანტ ჰილი სან ანტონიო დევიდ რობინსონი ტონი დუმასი ლორენ მეიერი მაიკლ ფინლი ეი სი გრინი სემ კასელი როდ სტრიკლენდი ვაშინგტონი ანფერნი ჰარდევეი სტეფონ მარბერი ჯონი ნიუმენი კრის დადლი კობი ბრაიანტი შაკილ ო'ნილი ოკლაჰომა პატ რაილი კრის ბოში დუეინ უეიდი ლებრონ ჯეიმსი კენიონ მარტინი კიტ ვან ჰორნი კერი კიტლზი რიჩარდ ჯეფერსონი ჯეისონ კოლინზი ბრენდონ არმსტრონგი