ბასკო, ბათუმი, მერაბ ემირიძე

ბათუმს დღეს მშვენიერი გუნდი ჰყავს. სუპერლიგა რომ არ გაჩერებულიყო, ალბათ, ბათუმი ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა. იყო. იმ მომენტში ბათუმი პირველ ადგილზე იჯდა.

და, გუნდს საკუთარ დარბაზში ყველა თამაში ჰქონდა მოგებული.

დარბაზში, რომელიც პირველი, ლეგენდარული ბასკოს მასპინძელი იყო.

გუნდის, რომელიც შექმნა კალათბურთზე შეყვარებულმა პროფესიონალმა.

მერაბ ემირიძემ.

ის გუნდი იგებდა ფინალებს და იმ გუნდის მენეჯმენტი ყველაზე გამართული, თითქმის უნაკლო იყო. ევროსტანდარტების პირობები და ჯანსაღი კონკურენცია გუნდში, რომელიც წლიდან წლამდე პროგრესირებდა. ეს გუნდი უმატებდა არა მხოლოდ მოედანზე. ბიჭებს რომ მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ, მენეჯმენტი ყველა ნიუანსს ითვალისწინებდა და ბასკო მანქანა იყო.

მანქანა, რომელიც შექმნა, ააწყო ემირიძემ.

პერმანენტული შეკრებები თურქეთში, ბასკოს მწვრთნელების დელეგირება ევროკონგრესებზე, სადაც ლექციებს გრეგ პოპოვიჩიც კითხულობდა. იდეალურად შემუშავებული და რეალიზებული ბინზეს-გეგმა. ეს იყო იმ გუნდის ფუნდამენტი და დანარჩენს მოედანზე, მწვრთნელები და მოთამაშეები აგვარებდნენ.

 

დავით ბერძენიშვილი (ბასკოს ყოფილი მოთამაშე): ბასკოში ერთი სრული სეზონი ვიყავი. მეორე სეზონიც ბათუმში დავიწყე და შემდეგ, თურქეთში გადავედი სათამაშოდ. ის ბასკო იყო იდეალური გუნდი. დღეში ორჯერადი ვარჯიშები. ავტობუსი ყველას ჩამოგვივლიდა და მივდიოდით დარბაზში. ვარჯიშის შემდეგ შხაპი და იქვე, დარბაზის სასადილოში შეგვეძლო საკვების მიღება. ყოველთვის გვქონდა მენიუში წვნიანი და ხორცის კერძები, დესერტი და ხილი. პირობები, რომელზეც ბევრი ქართული გუნდი ვერ იოცნებებდა. ხანდახან, იმდენად შევდიოდით ეშხში, რომ უკმაყოფილებას გამოვთქვამდით რომელიმე კერძით. მერაბი ცვლიდა მზარეულს და გვიმზადებდნენ იმას, რაც - გვსურდა. სამედიცინო ცენტრი, ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული შეკრებები. ეს იყო ჩვეულებრივი ევროპული კლუბი. გუნდი იგებდა მოედანზე, მაგრამ სრულ კომფორტს გვიქმნიდა მერაბი. რომელიც ბასკოზე შეყვარებული იყო.

 

ბასკომ საქართველოში პირველმა ჩამოიყვანა მწვრთნელი-ლეგიონერი. პაველ გოოგე. რომელმაც ქართულ კლუბში დაცვის დანერგვა სცადა. ნაწილობრივ, გამოუვიდა. მანამდე, ბასკოში მთავარ მწვრთნელად საუკეთესო ქართველი მწვრთნელი - ზურაბ ტომარაძე მუშაობდა. ასისტენტი - ნუგზარ კანდელაკი, რომელმაც შემდეგ, ასისტენტის და მოგვიანებით, მთავარი მწვრთნელის რანგში მიაღწია ბათუმში წარმატებას.

 

ამროსი ორმოცაძე (ბასკოს ყოფილი მოთამაშე): ბასკოში მხოლოდ კალათბურთზე ვფიქრობდით. გააკეთე შენი საქმე და დანარჩენს მიხედავენ. მოთამაშეს უნდა ეფიქრა თამაშზე, მწვრთნელს - მოთამაშეებზე და თამაშის წაყვანაზე, მომზადებაზე და დანარჩენს აკეთებდა მერაბ ემირიძე. სამაგალითოდ მაღალ დონეზე ორგანიზებული კლუბი - ეს იყო ბასკო. გავხდით ჩემპიონები და ეს ლოგიკურიც იყო. მივყვებოდით ევროპულ კალათბურთს და სტანდარტებიც შესაბამისი, ანუ, უმაღლესი გვქონდა დაწესებული. ჩემთვის სასიამოვნო იყო ბათუმში თამაში. დღესაც, როდესაც ბევრ ასპექტში თამაშისთვის, სეზონისთვის მომზადება თითქოს, უკეთ შეიძლება, ბასკო ბევრად წინ იქნებოდა. ეს მერაბ ემირიძის დამსახურება იყო.

და, ბასკო იყო არა მხოლოდ ბათუმის, ეს კლუბი ქართული კალათბურთის სიამაყეც გახდა, ყოველთვის დარჩება.

ადამიანი, რომელიც ყველაფერს სხვაზე ადრე, სწრაფად თვლიდა და ამ წარმატების ფორმულით შექმნა უძლეველი გუნდი, დღეს კალათბურთთან ნაკლებად არის შეხებაში.

თუ არ ჩავთვლით მის სიყვარულს კალათბურთის მიმართ.

და, ალბათ, უფრო იმ სიყვარულს, რომლითაც მერაბ ემირიძეს სხვები, აბსოლუტურად ყველა მოიხსენიებს.

ის ბასკო საოცნებო გუნდი და ემირიძე სამაგალითო მენეჯერი იყო.