კოტე ტუღუში, ბარსელონა, რუსთავი, კარგი გემოვნება

დისციპლინა, კარგი გემოვნება და სიმართლე წარმატების წინაპირობაა.

კოტე ტუღუში იცავდა დისციპლიას.

კოტე ტუღუში გულშემატკივრობდა ბარსელონას.

კოტე ტუღუში ყოველთვის აკეთებდა მოედანზე იმას, რაც - შეეძლო. და, მას ენდობოდნენ.  

და, მივიღეთ წარმატებული ახალგაზრდა კაცის წარმატებული კარიერა. ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე დამოუკიდებელ ქართულ კალათბურთში. ვგულისხმობ ინდივიდუალურ აღიარებებს (5 MVP), თორემ, მოგებული ფინალებით უკონკურენტოდ ლიდერობს ამროსი ორმოცაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებამდე იგებდა.

მეგობრის ფოტოარქივიდან დაუკითხავად ავიღე ეს ფოტო, სადაც კოტე ბარსელონას ფორმაში და ბარსელონას ფონზეა. ლამაზი ფოტოა. ალბათ, იგივეს ვიტყოდი, კოტე რომ რეალის, მანჩესტერ იუნაიტედის, ბაიერნის, იუვენტუსის ფორმაში ყოფილიყო.

კარგი გემოვნება ქვეყნით და კლუბით არ განისაზღვრება. კარგი გემოვნება გემოვნებიანი სეგმენტის არჩევაა. ბარსელონა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

და, ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წლით ადრე კოტე რუსთავში კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი.

იმ რუსთავს აღარ ჰყავდა ლეგენდა - რამაზ გოგობერიშვილი და გუნდი იდეალურად აწყობილი მანქანა იყო. რეგულარული - 16:0!

გუნდმა გადაუარა ყველას და დაიწყო ფლეი ოფი.

პირველი წრე - შსს აკადემია, სადაც ჯერ არ იყო სოლიდური დაფინანსება და საჩემპიონო ამბიციები. იქ ლიდერის სავარძელში ვეტერანი კახა შენგელია ისვენებდა და რუსთავმა სერია 2:0 (108:82, 111:85) დახურა.

შემდეგი გაჩერება, ნახევარფინალი - ავიამშენი. აი, აქ უკვე სერიოზული ჩეხვები წავიდა. პირველი თამაში რუსთავში რუსთავმა კოტეს 22 და ლაშა გამყრელიძის 24 ქულით აიღო, 93:90. და, ავიამშენს მოგებაც შეეძლო. მეორეში რუსთავი აგებს. სეზონში პირველი წაგება - 68:74 და ავიამშენში 26 ქულა, 18 მოხსნა ლეგენდამ, ვატო ნაცვლიშვილმა დადო. იყო ბრძოლა მესამე მატჩშიც - 86:77 რუსთავის სასარგებლოდ და ისევ, კოტე და ლაშა დომინირებდნენ (18-18 ქულა). სეზონის დარჩენილი თამაშები (ავიამშენთან სერია და ფინალი, სსაუ-ს წინააღმდეგ) რუსთავმა მშვიდად წამოიღო.

ბევრი პარალელიდან და ძველი ამბების გახსენებიდან ისევ ბარსელონას ფოტოს ვუბრუნდები - წარმატებულმა მოთამაშემ ლეგენდარული გუნდი აირჩია და რა სასიამოვნოა, როდესაც შენს გარშემო წარმატებული და გემოვნებიანი მეგობრები არიან. ველოდებით კალათბურთს.