ფეხბურთი სიჩუმეში

რეალობა ისეთია, რომ ფეხბურთი მეტწილად მაყურებლების გარეშე დაგვიბრუნდება. ცარიელი ტრიბუნების წინ. მაგრამ როცა სხვა გზა არაა?!

 

 ყველაზე ცნობილი მატჩები მაყურებლების გარეშე. პირდაპირ დავწერთ: ისეთი ცნობილი და დაუვიწყარი თამაში ასეთ პირობებში არ გამართულა, მაგრამ იყო ერთი ისეთი, გარკვეულწილად თბილისის დინამოსაც რომ ეხებოდა: ვესტ ჰემთან სტუმრად 4:1 გამარჯვებამდე... ეს თასების თასის მეოთხედფინალი იყო.

 

1/16 ფინალში კი ვესტ ჰემმა შინ, აპტონ პარკზე ცარიელი ტრიბუნების წინ 5:1 გაანადგურა კასტილია

 

კასტილია რეალის დუბლებს წარმოადგენდა, როგორც დღეს. იმ წელს თასების თასზე მონაწილეობდნენ, რადგან ესპანეთის თასის ფინალამდე მივიდნენ და იქ წააგეს ჩემპიონ რეალთან!. ეს ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ამა თუ იმ კლუბის დუბლები ევროტურნირებზე მოხვდნენ.

 

და ვესტ ჰემს პირველი მატჩი ესპანეთში 1:3 ჰქონდა წაგებული, შინ კი დამატებითი დრო დასჭირდა. მერე 5:1...

 

რატომ ათამაშეს ვესტ ჰემი ცარიელ ტრიბუნებზე? ინგლისელთა ფანებმა ესპანეთში ტრიბუნებზე სკამები დაამტვრიეს, მინდორზე ბოთლები ისროლეს და უეფამაც დასაჯა.

 

2014. სერბეთი-დანია 1:3


 

წინა მატჩში (სერბეთი-ალბანეთი) ერთ-ერთმა ფანმა ეგრეთ წოდებული „დიდი ალბანეთის“ დროშის ფერებში დრონი ააფრიალა. სერბმა ფეხბურთელმა სტეფან მიტროვიჩმა დრონი ჩამოხსნა, რასაც მოედანზე ჩხუბი მოჰყვა. ალბანელ ფეხბურთელებს ქვები და ხვადასხვა საგნები ესროლეს. ამის მერე უეფამ ორი მატჩი უმაყურებლოდ ჩაატარებინა სერბებს. აქედან ერთი დანიასთან 1:3 წააგეს, სომხებს კი 2:0 მოუგეს.

 

2003. დინამო თბილისი - ტირანა 3:0

 

ეს ჩემპიონთა ლიგი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი იყო. ივო შუშაკის გუნდმა ალბანელებს ლევან მელქაძის, გიორგი ანჩაბაძისა და ვიტალი დარასელიას გოლებით აჯობა. ალბანელებმა პენალტი ვერ გაიტანეს, კერძოდ, ირაკლი ზოიძემ მოიგერია... აი, სტუმრად კი შოკი გველოდა: 0:3, მერე უგოლო დამატებითი დრო და პენალტებში წაგება.

 

და დინამომ ტირანასთან შინ უმაყურებლოდ იმიტომ ითამაშა, რომ წინა წლიდან გადმოჰყვა დისკვალიფიკაცია: ჩეხურ ლიბერეცთან (0:1) წაების მერე მაყურებლებმა სკამები ისროლეს სტადიონზე.

 

2005. საქართველო-უკრაინა 1:1

 

მანამდე, შესარჩევში დისკვალიფიკაცია მოგვცეს თურქეთთან მატჩის (2:5) დროს ეროვნულ სტადიონზე მომხდარი ექსცესების გამო. რამდენიმე თურქი ქომაგი დაშავდა. უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ბრძანა და შესაბამისად, ნაკრებმა ყაზახეთთან (0:0) და უკრაინასთან (1:1) უმაყურებლოდ ითამაშა.

 

უკრაინელები იგებდნენ რუსლან როტანის გოლით და ბოლო წუთებზე გოგა გახოკიძემ ლამაზად შესრულებული საჯარიმოთი გაათანაბრა.

 

 

2004. რომა-რეალი 0:3

 

რომამ ჩემპიონთა იაში შინ 0:1 წააგო კიევის დინამოსთან. მატჩის დროს შვედ მსაჯ ანდერს ფრისკს რომაელთა ფანებმა ხვადასხვა საგნები ესროლეს და თავი გაუტეხეს. ფრისკმა მსაჯობა დაასრულა. უეფამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოწერა: რომამ ლევერკუზენთან (1:1) და რეალთან (0:3) უმაყურებლოდ ითამაშა.

 

 2017. ბარსელონა-ლას პალმასი 3:0

 

კატალონიაში მომხდარი ექსცესების გამო: დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციები იმართებოდა და ლა ლიგის ხელმძღვანელობამაც ერთი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება ბრძანა. ლეო მესის თამაშს რომ მაყურებელი არ ჰყავს...

 

2009. მექსიკა

 

როგორც იცით, მექსიკაში ჩემპიონატი ორ ეტაპად ტარდება (კლაუსურა და აპერტურა). კლაუსურას მთელი სეზონი ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართა. მიზეზი - ღორის გრიპის ეპიდემია.

 

შარშანაც, თბილისის დინამომ შინ უმაყურებლოდ ითამაშა ფეიენოორდთან, მაგრამ შანსი ფაქტიურად დაკარგული იყო: დინამოს სტუმრად 0:4 ჰქონდა წაგებული.