ჯაფარას ოქროს წლები რუსთავში

იმ აზოტში რამაზ გოგობერიშვილთან ერთად კიდევ ერთი ძალიან მაგარი მოთამაშე იდგა.

ამბობდნენ, რომ ცენტრის კვალობაზე ის არასაკმარისად დიდ დროს ატარებდა სამწამიანში.

ამბობდნენ, რომ ის ზედმეტად ემოციური და ხანდახან, თავშეუკავებელი იყო.

ამბობდნენ, რომ მას აკლდა სტაბილურობა.

და, ვინ მოთვლის, კიდევ რას ამბობდნენ. იმ დროს (და, ალბათ, დღესაც) ჭორაობა მოდაში იყო.

და, ამ მოთამაშეზე დადიოდნენ. ყოველთვის დადიოდნენ. აზოტს ლიგის საუკეთესო 1-2 დამრტყმელი ბიჭი (ვლადიმერ ბოისას მეგანიჭი არ ითვლება. ზედმეტად ცოტა დრო მოიცვა) ჰყავდა.

ირაკლი ჯაფარიძე.

რომელიც ჩემთვის, უფრო მეოთხე ნომერი იყო, მაგრამ მას მეხუთეზე აყენებდნენ და ჯაფარაც ასრულებდა. უბრალოდ, აკეთებდა იმაზე მეტს, ვიდრე - უნდა გაეკეთებინა.

ალბათ, ყველა დროის საუკეთესო მსროლელი-ცენტრი დამოუკიდებელ ქართულ კალათბურთში. და, ალბათ, ყველაზე მიმწოლი ცენტრი.

იყვნენ ლეგენდარული ცენტრები (კახა შენგელია, ნიკოლოზ დერიუგინი). იყვნენ მშრომელი ცენტრები (გოდერძი კორძაძე, დავით მუშკუდიანი). იყვნენ გუნდისთვის იდეალური ცენტრები (დავით ბერძენიშვილი, დავით უგრეხელიძე).

და, იყო ირაკლი ჯაფარიძე, რომელსაც ყველაფერი შეეძლო. მეხუთეზე დგებოდა და ბევრს ხსნიდა. ადიოდა პერიმეტრზე და მაინც ბევრს ხსნიდა. წუთშესვენებების დროს უსმენდა და თამაშის დროს ასრულებდა. აკეთებდა იმას, რასაც მთავარი მწვრთნელი ოთარ ხმელიძე ავალებდა. და, ძირითადად, ძალიან ხშირად, ირაკლი იგებდა.

და, ირაკლი, უბრალოდ, ძალიან კარგი მეგობარი იყო. ერთგული, რომელიც ყველა ეპიზოდში ბოლომდე, სისხლამდე დაიცავდა თანაგუნდელს. ის თანაგუნდელი სულ რომ ათჯერ მტყუანი ყოფილიყო. ის ხომ თანაგუნდელი იყო.

რუსთავში ჯაფარამ ვერ მოიგო ფინალი. და, რუსთავში ის გმირი იყო. როდესაც საბერძნეთიდან რამაზი და ირაკლი დაბრუნდნენ, აზოტი შეიცვალა. აზოტი ხალხის, ქართული, საყვარელი გუნდი გახდა.

და, იმ გუნდის სული იყო ჯაფარა. ცენტრი, რომელიც გუნდისთვის, ამ გუნდის კეთილდღეობისთვის ყველაფერზე მიდიოდა.

ჩვენ გვახსოვს.