აკინოზე - პირველი უცხოელი ბომბარდირი საქართველოში (+Video)

ანდერსონ აკინო გავიხსენოთ. ვინც არ იცის, საქართველოს ჩემპიონატის ყოფილ ბომბარდირზე ვწერთ, რუსთავის ოლიმპში 2009-2010 წლების სეზონში 26 გოლი გაიტანა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. მართალია, ამ 26-დან 10 პენალტით იყო, მაგრამ მაგარი გოლებიც გამოერია და მათ შორის, ერთი განსაკუთრებული: თბილისის დინამოსთან პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია.

 

აკინო პირველი უცხოელი იყო, რომელიც საქართველოში სეზონის ბომბარდირი გახდა. მას მერე ჩისკომ გაიმეორა ორჯერ.

 

ის ერთი სეზონი გაატარა საქართველოში და სამშობლოში დაბრუნდა. აკინო განათხოვრებით იყო ოლიმპში, ცნობილი კლუბიდან ატლეტიკო პარანაენსედან ჩამოიყვანეს იმ დროს ბრაზილიაში მცხოვრები მენეჯერის, გოჩა ალადაშვილის კავშირებით.  

 

მერე ითამაშა პარანაში, კურიტიბაში, ბოტაფოგოში... ერთხელ ვასკო და გამას კარში ჰეთ-თრიქიც შეასრულა.

 

შარშანწინ გადავიდა ანგოლის ჩემპიონატში, კლუბ 1 აგოსტოში და ასევე ჩემპიონი გახდა. მოკლედ, საინტერესო კარიერა აქვს, მხოლოდ ორი წელი გაატარა უცხოეთში, შორეულ საქართველოსა და ანგოლაში. ორივეგან ჩემპიონი გახდა...

 

ანგოლაშიც დაამთავრა თამაში. მას შემდეგ საკლუბო კარიერა აღარ გაუგრძელებია. აკინო 34 წლისაა.