უეფას ვარიანტები: ეს თბილისის დინამოსაც ეხება...

უეფა 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვაიფიკაციო ეტაპების რაოდენობის შემცირებას გეგმავს. სხვაგვარად მართლაც წარმოუდგენელია დროში ჩატევა. მეტიც, ცუდ შემთხვევაში შესაძლოა კვალიფიკაცია საერთოდ გაუქმდეს... 

 

ვარიანტი პირველი: ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიანის ნაცვლად, ერთმატჩიანი საკვალიფიკაციო ეტაპები იყოს. მასპინძელი წილისყრით შეირჩეს, ან ნეიტრალურზე შედგეს შეხვედრა. ეს ეხება ჩემპიონთა ლიგას და ევროპა ლიგასაც.

 

ვარიანტი მეორე: ჯგუფებამდე მხოლოდ ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართოს და აი, როგორ. ჩემპიონთა ლიგაზე: 12 ყველაზე მაღალრეიტინგიანი ქვეყნის ჩემპიონი (რომლებიც პირდაპირ ჯგუფში ვერ ხვდებიან) იბრძოლებს ჯგუფში შესასვლელად, ხოლო დანარჩენები (მათ შორის, თბილისის დინამო) ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ...

 

მიზეზი? საქმე ისაა, რომ ჯგუფში სულ 32 გუნდი უნდა იყოს და 26 პირდაპირ ხვდება. დანარჩენი 6 ადგილისთვის უნდა ყოფილიყო ბრძოლა. და ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ მხოლოდ რეიტინგში 11-22 ადგილებზე მყოფი ქვეყნების ჩემპიონებმა გაითამაშონ 6 ადგილი. ძალიან ცუდი იქნება, თუ ამ პროექტს დაამტკიცებენ.

 

ვარიანტი მესამე: კვალიფიკაცია საერთოდ არ იყოს და პირდაპირ დაამატონ ჩემპიონები ქვეყნების რეიტინგის მიხედვით.  

 

ევროპა ლიგაზე გაცილებით რთულადაა საქმე, რადგან ჯგუფში 48 გუნდმა ითამაშოს და მხოლოდ 17 ხვდება პირდაპირ ჯგუფში. დანარჩენი 31 ადგილი კი საკვალიფიკაციოდან არის მოსაპოვებელი.

 

27 მაისს უეფა მორიგ ვიდეოკონფერენციას გეგმავს და სავარაუდოდ, ბევრი რამ სწორედ მაშინ გადაწყდება.