ბაბუ

კარგი მეოთხე ნომერი მიმწოლი ხასიათით, სტაბილური საშუალო სროლით, კარიერის მეორე ნახევარში გაუმჯობესებული სამიანით და ლიდერის თვისებებით. ალბათ, დავამატოთ ტერმინი „კარგი თანაგუნდელი“ და შეგვექმნება საბოლოო პორტრეტი.

ეს არის ზვიად ბაბიაშვილი.

ფორვარდი, რომელმაც ქართულ კალათბურთს ბევრი მისცა. და, ალბათ, ბაბუს გაცილებით მეტი შეეძლო. ბაბიაშვილი წლიდან წლამდე უმატებდა და ყოველთვის თავის, მაღალ დონეზე რჩებოდა. იქ, სადაც ზვიადი მიდიოდა, წარმატებაც დაპატიჟებული იყო.

ერთი ტურნირი განსაკუთრებით მახსენდება.

ბასკოში, ბაბუ და კიდევ 6 მოთამაშე, რომელთაგან 2 ტრავმირებული იყო, რუსთავში საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

ბასკოს მთავარი მწვრთნელი იყო ნუგზარ კანდელაკი, რომელიც იმ მომენტში საქართველოში არ იმყოფებოდა და ბასკო მისმა ასისტენტმა დავით რიბაშვილმა გააჩემპიონა. რუსთავი განსაკუთრებული დღისთვის, ჯეკპოტისთვის ემზადებოდა და ფინალი ბასკომ მოიგო.

ძალიან კარგი წლები ენერჯი-ინვესტში, რომელსაც ჩემპიონობა ჩემპიონატის დაწყებამდე ჰქონდა აღებული. და, ბაბუ იქ სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. და, ენერჯის წინააღმდეგ ფინალშიც გადიოდა მოედანზე.

გამოძახებები საქართველოს ნაკრებში, კარგი საერთაშორისო გამოცდილება საკლუბო დონეზე. ზვიად ბაბიაშვილმა მაგარი კალათბურთი ითამაშა.

 

კახა შენგელია (საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი): ზვიად ბაბიაშვილთან ერთად ვითამაშე რუსთავში, თბილავიამშენში, სტუ-ში, ბასკოში. ბევრი კარგი, თბილი მოგონება მაქვს. ერთად ვიგებდით, ერთად ვაგებდით და მაინც ყოველთვის მოსაგებად, ბოლომდე ვიდექით მოედანზე. ზვიადი ძალიან სანდო მოთამაშე იყო. და, მოედანზე მასთან კომუნიკაციაც არ იყო რთული. ზვიადის დახასიათება მოკლედ შეიძლება - ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი მოთამაშე, ძალიან კარგი მეგობარი.

 

და, კახა ასიანია.

არაჩვეულებრივი კარიერა დროულად დასრულდა და თუ ბაბუ ქართულ კალათბურთს გამოადგება, ის ამას სიამოვნებით გააკეთებს. ისე, როგორც - მოედანზე. თავდახრილი, გულით და ბოლომდე.

ქართული კალათბურთის ნამდვილი პატრიოტი.