ლუკა ლოჩოშვილი: დინამოში გადასვლა ჩემთვის გარდამტეხი ნაბიჯი იყო

ლუკა ლოჩოშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია. თბილისის დინამოს აღზრდილი ცენტრალური მცველი დღეს სწორედ მშობლიური გუნდის ღირსებას იცავს.  ლუკამ ძალების მოსინჯვა უცხოეთშიც მოასწრო. როგორც თვითონ ლოჩოშვილი ამბობს, მცირე სათამაშო პრაქტიკის მიუხედავად სლოვაკეთში და უკრაინაში ყოფნისას, დიდი გამოცდილება მიიღო.

 

ამ და სხვა საინტერესო თემებზე თბილისის დინამოს მცველს შედარებით ვრცლად ვესაუბრეთ. 

 

- სად და რა ასაკში დაიწყე ფეხბურთის თამაში?

 

- 8 წლის ვიყავი როცა საფეხბურთო კლუბ ომც-ში შევედი. ჩემი პირველი მწვრთნელი გოგა ჩილაჩავა იყო. დაახლოებით 2 წლის შემდეგ ავაზაში გადავედი. 

 

- ავაზაში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

 

- ეს დრო ნამდვილად კარგად მახსენდება. ავაზაში ჩემი მწვრთნელი ირაკლი ჩიტაური იყო, რომელიც ამჟამად საქართველოს ნაკრების ანალიტიკოსია. შემდეგ მასთან ერთად უჩა სოსიაშვილი გახლდათ ხელმძღვანელი. თავადაც ხედავთ, რომ ავაზაში ძალიან კარგ მწვრთნელებთან მომიწია მუშაობა. ამ მხრივ გამიმართლა. 

 

- თავიდანვე ცენტრალური მცველი იყავი თუ შემდეგ შეგიცვალეს პოზიცია?

 

- ადრეულ ასაკში თავდამსხმელი ვიყავი, შემდეგ მარცხენა მცველი, 14 წლისამ ტანი ავიყარე ასე ვთქვათ და ცენტრალური მცველის აღნაგობა უფრო მქონდა ვიდრე ფლანგის და შუაში შემწიეს. 

 

- რამდენად გაგიჭირდა პოზიციის შეცვლა?

 

- ჩემდა გასაკვირად ცენტრალურ მცველობას თავიდანვე კარგად ავუღე ალღო, რადგან როგორც უკვე გითხარით ფიზიკურად გამოვირჩეოდი, სწრაფიც ვიყავი და ამ მხრივ პრობლემა არ მქონია.

 

- ავაზადან დინამომდე რა გზა გაიარე?

 

- 15 წლის ასაკში ავაზას რიგებში დინამოს აკადემიას ვეთამაშებოდით, თავი კარგად წარმოვაჩინე და გუნდში მიმიწვიეს, მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი. ჩემს განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ამ გუნდს მიუძღვის. დინამოს აკადემიაში ჩემი მწვრთნელი ლევან გვანცელაძე იყო, რომელიც ძალიან კარგი სპეციალისტია და რომელთანაც საკმაო ხანი დავყავი. ასევე იყვნენ კიდევ სხვა მწვრთნელები, თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. დინამო ყველა სხვა კლუბისგან გამოირჩეოდა საქმისადმი მიდგომით და ვთვლი, რომ დინამოში მისვლა ჩემთვის გარდამტეხი იყო. დინამო 2-ში საკმაოდ ადრეულ ასაკში მომიწია თამაში, ასევე ვიყავი დუბლებში. ერთი ხანობა რამდენიმე პერსპექტიულ ფეხბურთელს მთავარ გუნდთან გვავარჯიშებდნენ და შემდეგ უკვე მთავარი გუნდის ფეხბურთელი გავხდი.

 

- სწორედ ამაზე მინდა გკითხო. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდში შენს პირველ მატჩს როგორ გაიხსენებ?

 

- დინამოს მაისურა პირველად ტორპედოსთან თასის ნახევარფინალში მოვირგე. ყველას კარგად მოგეხსენებათ ამ გუნდების დაპირისპირება რა დატვირთვას ატარებს. ძალიან რთული მატჩი იყო სათამაშო მხრივაც და ემოციურადაც. ამის შემდეგ ყველაფერი გამიადვილდა და გუნდს ნელნელა შევეწყვე. 

 

- ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ ბევრი მატჩი გაქვს ჩატარებული. როგორი შეგრძნებაა როცა მოედანზე ქვეყნის სახელით გადიხარ?

 

- 17 წლამდელებიდან მოყოლებული მუდმივად მიძახებენ და ხშირად ჩემზე უფროსებშიც მიწევდა თამაში. ნაკრებში ასპარეზობა კლუბში გამოსვლისგან ბევრად განსხვავდება. როცა სანაკრებო მაისურა გაცვია ამ დროს ქვეყანაა პირველ ადგილზე. დიდი იმედი მაქვს მოვა დრო როცა საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ. ეს ჩემი მთავარი მიზანი და ოცნებაა. ასაკობრივი ნაკრები ძალიან კარგია, თუმცა ეროვნული გუნდი სულ სხვაა. ყველა ფეხბურთელის ოცნება სწორედ თავისი ქვეყნის პირველ გუნდში თამაშია და არც მე ვარ გამონაკლისი.

 

- თუ იყო კონკრეტული მომენტი, როცა საბოლოოდ გადაწყდა შენი ფეხბურთელობა?

 

- 8 წლის ასაკში როცა ფეხბურთზე შევედი, იმ დღიდან ვიცოდი, რომ ამ საქმეს ბოლომდე უნდა გავყოლოდი. უბურთოდ არ შემეძლო.  

 

- გარკვეული პერიოდი უცხოეთში იყავი. მართალია სლოვაკეთში და უკრაინაში დიდი დრო არ დაჰყავი, მაგრამ მაინც ბევრს ისწავლიდი...

 

- 19 წლის ვიყავი როცა კიევის დინამოში გადავედი. მართალია ოფიციალური თამაში არ ჩამიტარებია, მაგრამ გამოცდილება მაინც მივიღე. პირველ რიგში დამოუკიდებლობას მივეჩვიე, შემდეგ ვნახე თუ როგორ უნდა იცხოვროს პროფესიონალმა ფეხბურთელმა, როგორ უნდა იკვებოს, მოემზადოს ვარჯიშისთვის და ასე შემდეგ. 

 

- შენ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი ვინ შეიტანა?

 

- მამამ. გარდატეხის ასაკში სერიოზული ტრავმა მივიღე და ფეხბურთისთვის თავის დანენებას ვაპირებდი, თუმცა მამაჩემმა აზრი შემაცვლევინა. ზოგადად როცა რამე მიჭირს მამა მუდამ გვერდში მიდგას. მან ყველაზე მეტი გააკეთა იმისთვის, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოვყალიბებულიყავი. ასევე მწვრთნელები, მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან არ მინდა ვინმე გამომრჩეს. 

 

- რა არის შენი მთავარი მიზანი?

 

- ძალიან მინდა წარმატებული კარიერა მქონდეს, ძლიერ ევროპულ გუნდში ვითამაშო, მოვიგო ტიტულები და რაც მთავარია საქართველოს ნაკრების ღირსება დავიცვა. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

 

- ბავშვობაში ვინ იყო შენი საყვარელი ფეხბურთელი და დღეს ვის თვლი საუკეთესოდ?

 

- ადრეულ ასაკში რონალდინიოს თამაში მომწონდა ყველაზე მეტად, მართლაც საოცრებებს აკეთებდა. ამჟამად კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის გამოვარჩევ. მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რონალდუ და მესი სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ბევრად წინ არიან.

 

- რომელია შენი საოცნებო გუნდი?

 

- ბავშვობიდან მადრიდის რეალის გულშემატკივარი ვარ.

 

- შენი პოზიციის ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევ?

 

- რეალის ქომაგი ვარ და ბუნებრივია რამოსს და ვარანს ვიტყვი, უპირატესობას მაინც მე-4 ნომერს მივანიჭებ. ვფიქრობ იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ნამდვილი ლიდერია და შეტევაშიც მშვენივრად ეხმარება გუნდს. 

 

- მსოფლიო დონის მწვრთნელებიდან ყველაზე მეტად ვისთან მუშაობა გსურს?

 

- ზინედინ ზიდანთან. ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. მან ეს მისი მიღწევებით უკვე დაამტკიცა. ასევე პეპ გვარდიოლასთან ვითამაშებდი, ორივე მათგანის სათამაშო ფილოსოფია ძალიან მომწონს.

 

- შენი აზრით რომელია 3 მთავარი კომპონენტი, რომელიც ფეხბურთელს ყველაზე მეტად სჭირდება წარმატების მისაღწევად?

 

- შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი და ხასიათის სიმტკიცე. ეს სამი კომპონენტი ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

- ფეხბურთი რომ არა რა პროფესიას აირჩევდი?

 

- ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმისტრირებაზე ჩავაბარე და სავარაუდოდ ამ მიმართულებით წავიდოდი.

 

- ანუ სტუდენტი ხარ...

 

- უკვე აღარ, რადგან მოგეხსენებათ უცხოეთში სათამაშოდ წასვლა ადრეულ ასაკში მომიწია და სწორედ ამიტომ სტუნდენტის სტატუსი შეჩერებული მაქვს. 

 

- კორონავირუსისგან გამოწვეულ თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

 

- გუნდის მიერ მოცემული სპეციალური პროგრამით ვარჯიშის შემდეგ, სერიალს ვუყურებ. ასევე პაბჯის ვთამაშობ. 

 

- რომელმა სერიალს უყურებ?

 

- ქაღალდის სახლს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში და მეც ძალიან მომწონს. მართალია ბოლო სეზონი ისეთი კარგი არ ყოფილა, როგორსაც ველოდი, მაგრამ საერთო ჯამში კარგი სერიალია და ყველას ვურჩევ უყუროს.

 

- საყვარელი პერსონაჟი თუ გყავს?

 

- ძალიან მომწონს ნაირობი, რომელიც მტკიცე ხასიათით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი, რომელიც მის როლს ასრულებს, მშვენივრად თამაშობს.