8 წელი მანჩესტერული ზღაპრიდან

ზუსტად 8 წლის წინ, 2012 წლის 13 მაისს მანჩესეტერ სიტიმ პრემიერლიგა მოიგო. ქალაქელების მოგებული ინგლისის პირველობა არავის უკვირს, თუმცა რაც მაშინ ეტიჰადზე მოხდა ნამდვილი საოცრება იყო.

 

პრემიერლიგის ბოლო ტურში რობერტო მანჩინის დამოძღვრილი გუნდი დარჩენისთვის მებრძოლ ქპრ-ს მასპინძლობდა. ქალაქელებს მოგება სჭირდებოდათ რათა სანუკვარი ტიტული მოეგოთ. პარალელურად მანჩესტერი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყო მეორე ადგილზე, რომ სიტის ბურთების სხვაობით ჩამორჩებოდა, სანდერლენდს ხვდებოდა. 

 

სიტის და ქპრ-ს დაპირისპირება ბუნებრივია მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა გოლი აგვიანებდა. ანგარიში 45-ე წუთზე პაბლო ზაბალეტამ გახსნა, რომელმაც იმ სეზონში ერთადერთი გოლი გაიტანა. 

 

მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მეორე ნახევარში მოხდა. 48-ე წუთზე ჯიბრილ სისემ ანგარიში გაათანაბრა, 66-ზე კი ჯეიმი მაკკიმ მასპინძლები დააწინაურა. ამ გოლებს შორის ჯოი ბარტონი კარლოს ტევესთან უხეშობისთვის წითელი ბარათით "დაასაჩუქრეს" და ქპრ 10 კაცით დარჩა.

 

სიტი უტევდა, მაგრამ გოლი არ გადიოდა. მთავარმა არბიტრმა მაიკ დინიმ მეორე ტაიმს 5 წუთი დაამატა და ჩემპიონის ბედიც სწორედ ამ დროში გადაწყდა. თამაშის მოგებაში დიდი წვლილი შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს ეკუთვნით. ჯერ იყო და ედინ ჯეკომ სილვას ჩაწოდებული კუთხირის შემდეგ თავით შეაგდო, 94-ე წუთზე კი ბალოტელიმ, რომელმაც ბრიტანული კარიერის მანძილზე ერთადერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, აგუეროს უპასა და მანაც ჯერჯერობით კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

 

ადვილი წარმოსადგენია რამხელა სიხარული დაისადგურებდა მანჩესტერელთა გულებში. სიტის ინგლისის პირველობა 1968 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. 44 წლიანი ლოდინი დასრულდა და მანჩესტერელებმა ჩემპიონატი ცხრილი პირველ ადგილზე დაასრულეს. 

 

მას შემდეგ სიტი კიდევ 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, თუმცა 2012 წელს მოპოვებულმა პირველობამ მაინც განსაკუთრებული სიხარული აჩუქა ქალაქელებს.