აცრემლებული ბიჭების ამბავი

13 მაისი რომ ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებული თარიღია ყველას კარგად მოგვეხსენება. 1981 წლის ამ დღეს თბილისის დინამომ თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის კარლ ცაისი 2:1 დაამარცხა. 

 

არის კიდევ ერთი 13 მაისი, რომელიც გასახსენებლად ნამდვილად ღირს. 2012 წელს ვასილ მაისურაძის ფორმაციის საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშა და სამწუხაროდ 0:2 დამარცხდა. 

 

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეხსიერებიდან ეს მატჩი არასდროს წაიშლება. ამ თამაშამდე ქართველმა ჭაბუკებმა უკრაინის, ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთის და ისლანდიის ბარიერები გადალახეს. მართალია ჯგუფში გერმანიასთან 0:1 დამარცხდნენ, თუმცა თამაშის ხარისხი აქაც ძალიან კარგი იყო. ამ გუნდებში თამაშობდნენ ხოსე კაია, ჰექტორ ბელერინი, ენტონი მარსიალი, კლემენ ლენგლე, მაქს მაიერი, ლეონ გორეცკა, ნიკლას ზიულე, ლუკ შოუ და სხვა ცნობილი ფეხბურთელები. 

 

მართალია ფავორიტად ნიდერლანდელების ნაკრები ითვლებოდა, თუმცა ჩვენს მრავალ გრანდ გამოვლილ გუნდს ეს ბარიერი არ აშინებდა. მატჩის მე-15 და მე-16 წუთებზე რუმინელმა რეფერიმ მარიუს ავრამმა კაპიტან ნიკა ჭანტურიას 2 ყვითელი ბარათი უჩვენა, რამაც მაისურაძის გუნდს გეგმები ძალიან აურია. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ეპიზოდში რეფერის თავის შეკავება შეეძლო. რომ არა ჭანტურიას წითელი ბარათი, ვინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა. 

 

 

დარჩენილი წუთები ნიდერლანდელთა უპირატესობით წარიმართა და ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეტოქემ ქართველთა კარი მხოლოდ 79-ე და 82-ე წუთებზე აიღო. (მაშინ 17 წლამდელებში 40 წუთიანი ტაიმები იყო.)

 

მატჩის შემდეგ იყო ცრემლები, ერთმანეთის გამხნევებები, რაც მთავარია ამ ბიჭებმა მოედანი და ზოგადად ევროპის ჩემპიონატი თავაწეულებმა დატოვეს. 

 

 

ვასილ მაისურაძის ფორმაციის 17 წლამდელთა ნაკრები იყო ერთ მუშტად შეკრული ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელსაც მეტოქის სიძლიერე არ ანაღვლებდა. გუნდი, რომელიც კარგ და სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობდა. 

 

 

2012 წელს მაისურაძის შეგირდები წლის საუკეთესო გუნდად დაასახელეს, რაც რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. 

 

აღსანიშნავია, რომ მაისურაძის ნაკრებიდან 4 ფეხბურთელი (ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი აბურჯანია) ეროვნული გუნდის ღირსებას იცავენ. 

 

17 წლამდელთა ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები გამოდიოდნენ:

 

1. ალექსანდრე ადამია, 2. ოთარ კაკაბაძე, 3. ლაშა დვალი, 4. ნიკა ჭანტურია, 5. გიგა სამხარაძე, 6. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, 7. გიორგი აბურჯანია, 8. გიორგი პაპუნაშვილი, 9. ვანო წილოსანი, 10. ნიკა ახვლედიანი, 11. დათო დარციმელია, 12. ნიკა შერმადინი, 13. მათე ცინცაძე, 14. დავით ჯიქია, 15. ალეკო მზევაშვილი, 16. ელიტრაუნდში სანდრო გურეშიძემ ითამაშა, მის ნაცვლად კი მაისურაძემ ევროპირველობისთვის გიორგი გაბაძეს უხმო, 17. არჩილ მესხი, 18. გიორგი გოროზია.

 

საქართველოსა და ნიდერლანდელების 17 წლამდელე გუნდების დაპირისპირება შარშან Leadersport.ge-სთან ვასილ მაისურაძემ გაიხსენა.