საუკეთესო ქართველი სნაიპერი

საუკეთესო მოთამაშეების დასახელების დროს ყოველთვის არის გადამწყვეტი ფაქტორი. ყოველთვის არის ის, რაც ამ მოთამაშეს ჰქონდა და სხვას - არა. საუკეთესო მოთამაშე უნდა იყოს საუკეთესო რომელიმე, ერთ-ერთ კონკრეტულ კომპონენტში. ეს ფაქტია.

გიორგი მარკოიშვილი საუკეთესო სნაიპერი იყო. სანდო, მიმწოლი და ალბათ, სუპერლიგის (მანამდე - საქართველოს ჩემპიონატის) ისტორიაში გიორგის ყველაზე ლამაზი სროლა ჰქონდა.

მარკოიშვილის კარიერაში განსაკუთრებით ერთი სეზონი მახსოვს. როდესაც სტუ ჩემპიონი გახდა. გიორგიმ თითქმის ყველა მთქმელი თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და გუნდი მას ბევრ სროლას აძლევდა. ლოგიკურად აძლევდა. გიორგი ამას იმსახურებდა.

სეზონი, რომელმაც მარკოიშვილი ინდივიდუალურად გამოარჩია და ბიჭი უკვე სტაბილურად შედიოდა საქართველოს ნაკრების კანდიდატებში.

ბლოკიდან შემორბენა და მოძრაობაში სროლა? გიორგი ამას მარტივად და შედეგიანად აკეთებდა. კარგი შედეგი გარანტირებული იყო.

წინააღმდეგობით სროლა? მოსულა. მიეცით ბურთი, შეუშალეთ ხელი, აუწიეთ თვალწინ ხელები და გიორგი მაინც ჩააგდებს.

სტაბილური მსროლელი, რომელიც პროცესში ძალიან კარგი შემსრულებელი გახდა. კარგი მსროლელი ყოველთვის არ არის შემსრულებელი. შემსრულებელი ყოველთვის არ უნდა იყოს კარგი მსროლელი. და, მარკოიშვილი ორივეს თანაბრად აბალანსებდა.

გამორჩეულად კარგი იყო გიორგი კიდევ ერთ სეზონში.

2008/2009 წლებში, როდესაც მოთამაშე თსუ-ში იდგა. საქართველოს ჩემპიონატში სტატისტიკით მოთამაშის შეფასება ხანდახან, ზედაპირულია, მაგრამ ამ შემთხვევაში - აუცილებელი.

მარკოიშვილმა გუნდს 21.7 ქულა და 6 მოხსნაზე მეტი მისცა. რამდენიმე პასით და თამაშიდან ზუსტი სროლების 50 %-ით. კლასიკა.

ის თსუ ვერ გახდა ჩემპიონი. იმ სეზონში რუსთავი დომინირებდა. და, მარკოიშვილი ამ სტუდენტური გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

 

ირაკლი ხოშტარია (საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი): გიორგისთან ერთად დინამოში ვთამაშობდი. ძალიან კარგ დინამოში, ლევან მოსეშვილთან. ამ მოთამაშეზე და ადამიანზე მხოლოდ საუკეთესოს თქმა შემიძლია. თავისთავად, გიორგი ყოველთვის ასოცირდებოდა მანუჩართან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის, როდესაც იწყებდა კარიერას, ძმაზე არანაკლებ ნიჭიერი იყო. ვაფასებდი მის ადამიანურ თვისებებს. უსმენდა უფროსებს, ყოველთვის გვერდში გედგა და რა თქმა უდნა, მაღალი დონის მოთამაშე იყო. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გაიხსნა.

 

 

ამ წერილით ალბათ, ახალი არაფერი გითხარით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენე მოთამაშე, რომელსაც დამოუკიდებელ ქართულ კალათბურთში ყველაზე ლამაზი, სამაგალითო სროლა ჰქონდა. და, რომლის კალათბურთზე დადიოდნენ.