ბელადი, რომელსაც მაიკლ ჯორდანი უსმენდა

1996/1997 წლების სეზონში ჩიკაგოს ძირითადი ცენტრი იყო ავსტრალიელი ლიუკ ლონგლი. კარგი, სანდო მაღალი ბიჭი, რომელიც იმ ანსამბლში არაფერს არ აფუჭებდა. და, ლიუკმა 59 მატჩში 59-ჯერ დაიწყო ჩეხვა სასტარტო ხუთეულში.

და, 3 მატჩში ბულზის ძირითადი ცენტრი იყო ერთი ბაბუა. რომელიც ლიგაში 21-ე სეზონს იწყებდა. ატარებდა. ამთავრებდა. ის, ვინც სამჯერ იყო ჩემპიონი. ბოსტონში.

რომელმაც მოუგო მაიკლ ჯორდანს ის სერია, რომელშიც მაიკლმა ლარი ბერდის მანქანას 63 ქულა აარტყა და მაინც წააგო.

ბაბუა, რომელიც ბულზში მაიკლის რჩევით მიიყვანეს. ჩვენ დაგვჭირდება გამოცდილება, თქვა მაიკლმა და ჩიკაგომ ეს მოხუცი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

რობერტ პერიში.

რომელიც დღემდე რეკორდსმენია მატჩების საერთო რაოდენობით.

რომელიც არის ყველაზე მოხუცი, რომელმაც რეგულარულში 10 და მეტი ქულა აკრიფა (1996 წლის 13 დეკემბერი ნიუ ჯერსისთან, 12 ქულა).

რომელიც არის ყველაზე ასაკოვანი, რომელმაც ჩატენა.

რომელიც არის ყველაზე მოხუცი მოთამაშე, რომელმაც შაკილ ო’ნილს დაუფარა.

რომელსაც ჰქონდა საოცარი მეტსახელი. The Chief. ბელადი.

რომელიც ბოსტონ სელტიქსს 1980-1994 წლებში ემსახურებოდა და ეს პერიოდი ლიგის ყველაზე დაუღლელი ჯარისკაცი გახლდათ.

რომელმაც ბოლო სეზონში მაიკლ ჯორდანს აგრესიის დონის დაწევა ურჩია. ენერგია ფლეი ოფში დაგჭირდება, უთხრა რობერტმა ჯორდანს.  

1 611 მატჩი ლიგაში. ფე-ნო-მე-ნა-ლუ-რი.

ბელადი, რომელსაც მაიკლი უსმენდა. ლეგენდარული 00.

ბაბუა, რომელმაც ამ დღეს, 14 მაისს, 19 წლის წინ ჰიუსტონს 18 ქულა გლიჯა და ბერდის ბოსტონი პირველად გახდა ჩემპიონი. კლასიკა.