შოთა არველაძე: ფენერბახჩე? რა, მტერი გუნდია?

„რას ვიზამ, თუ ფენერბახჩე წინადადებას შემომთავაზებს?“ - თურქული გამოცემა Hurriyet-ი   შოთა არველაძეს ესაუბრა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ამბობს, რომ ფენერზე პრობლემა არ ექნება.

 

შოთა: „რატომაც არა? მტერი გუნდია? სხვა ქვეყნის გუნდია?“.

 

წინადადებებზე: „ჩემი ოჯახი სტამბოლში ცხოვრობს. პატივს ვცემ ქასიმფაშას და მის პრეზიდენტს. არანაირი ოფიციალური წინადადება არ ყოფილა. როგორც იცით, უზბეკეთის ფახთაქორში ვმუშაობ. მქონდა ემოთავაზებები რუსეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნიდან, ასევე არაბეთიდან, მაგრამ ვერ წავიდოდი, რადგან უზბეკეთის ლიგა მიმდინარეობდა. ჩვენ სამი ტიტული მოვიგეთ“.

 

შოთა-არჩილზე: „ტრაბზონსფორში რამდენიმე კვირის ჩამოსულები ვიყავით. ვიღაც მოვიდა აეროპორტში და გვკითხა: „ინგლისური იცით?“. ვუპასუხე: „დიახ“. უცებ თქვა „არჩილ-შოთა“ და წავიდა. ასეთი „მდიდარი“ იყო მისი ინგლისური (ანუ, ფეხბურთს თავისი ენა აქვს)“.

 

თურქეთში მწვრთნელობისას, ერთ-ერთი მატჩის დროს შოთამ მსაჯს დაუძახა: „ესეც ფენერბახჩესთან თამაშია?“. ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები...

 

„ანკარაში ვთამაშობდით. თუ არ ვცდები, ბოლო ტური იყო. 4 დღით ადრე კი თასზე ფენერბახჩეს ვხვდებოდით. 2:0-ს ვიგებდით, 2:2 ვითამაშეთ და პენალტებში წავაგეთ. გეფიცებით, ბოლო 8 წუთის განმავლობაში შეცვლა არ გამაკეთებინეს. 8 წუთის განმავლობაში! ვეუბნები, დროშა ასწიე, შეცვლას ვაკეთებ. არა! იმ დროს 2:1-ს ვიგებდით. არადა, რამდენჯერ გაჩერდა თამაში, ხან ჯარიმა, ხან რა... ბოლო წუთზე 2:2 როცა გახდა და მაშინ ასწიეს დროშა, შეცვლის ნება დამრთეს“.