13.05.1981

 

 

 

 

 

 

 

ის, ვინც 1981 წლის 13 მაისს დაიბადა, 39 წლისა გახდა. გაისად ორმოცისა შესრულდება და თუ ცრუმორწმუნეა, დაბადების დღეს არ გადაიხდის. ხოლო ზოგი, ვინც ადრე დაქორწინდა, შეიძლება უკვე პაპაც კი არის. ნუ, ან ბებია.

მე კი თავი ისევ ის ბიჭი მგონია, სკოლის მოსწავლე, ფორმის ლურჯ შარვალში, იღლიაში ამოჩრილი თხელი, ორად მოკეცილი ჩანთით. 

ჩემთვის ეს ყველაფერი გუშინ იყო. და ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიხარული. არ ვაზვიადებ. არ ვიტყუები. მთელი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა. ხანდახან, თავად მიკვირს.

 

New Posts: დინამო - კარლ ცაისი 2:1 - ქართული ...

 

არა, არც კოტე მახარაძის სიტყვების გახსენებას ვაპირებ; არც იმისას, როგორ შევუერთდით მე და მამაჩემი თამაშის შემდეგ დინამოს სტადიონისკენ მიმავალ ათეულობით ათას კაციან მსვლელობას. ისიც ათასჯერ დამიწერია, რომ ლენინის პორტრეტებიანი ხელოვნური დემონსტრაციებით გაჯერებულ საბჭოთა კავშირში ეს იყო შოკისმომგვრელი სახალხო ზეიმი. გულიდან ამოხეთქილი, ბუნებრივი და ამიტომაც უცხო.

არ გავიხსენებ, რომ ჯერ იმათ გაგვიტანეს, მაგრამ მოგების იმედი არ დაგვიკარგავს. მერე გუცაევმა გაათანაბრა, ბოლოს კი იყო დარასელიას სასწაული.

თვალწინ მიდგას როგორ გაწვა კარლ ცაისის ორმოც წელს მიტანებული მეკარე ჰანს ულრიხ გრაპენტინი, მაგრამ ვერაფერი გააწყო.

შემდეგ, თბილისში ბიჭები ბირჟაზე ერთმანეთს „შე ჩემის გრაპენტინოს“ ეძახდნენ.

მერე ყიფიანმა ბურთი აკენწლა, კისერზე შეიჩერა.

მერე კი 39 წელი გავიდა და მე სრულიად მოულოდნელად საკუთარ თავს ვკითხე, რა განწყობაზე ვიქნებოდი დღეს, ქართველი კი არა, გერმანელი რომ ვყოფილიყავი. ნუ ვთქვათ იენელი.

დავფიქრდი და…

რას გეტყვით, იცით? გერმანელი რომ ვყოფილიყავი დიუსელდორფის ამბავს ალბათ, ათასში ერთხელ გავიხსებედი. წაგების მოგონება ვის უხარია. ვიტყოდი, მაგარი გუნდი გვყავდა, მაგრამ ჩვენზე მაგარმა მოგვიგოო. აბა, გერმანელი კაცი თითიდან გამოწოვილი გამართლების ძებნას ხომ არ დავიწყებდი. თან, მართლა მაგარი იყო ის დინამო და როგორ გინდა გამარჯვება დაუკნინო. მერე კი… არ ვიცი დათვლილი მექნებოდა თუ არა, მაგრამ იმაზე გადავერთვებოდი, რომ იმ დღის მერე ჩემი ქვეყნის, გერმანიის კლუბებმა ჩემპიონთა თასსა და ლიგაში ოთხჯერ, უეფას თასსა და ევროლიგაზე სამჯერ, თასების თასსა და ევროპის სუპერთასზე კი თითოჯერ გაიმარჯვეს. მერე ნაკრებზე გადავიდოდი და გავიხსენებდი, რომ 1981 წლის შემდეგ ერთხელ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით და აი, აქ კი ფართედ, ალალად გავიღიმებდი. შეიძლება ლუდხანაშიც ჩავსულიყავი და ძალიან დიდი კათხა შემეკვეთა.

 

Croco

 

იმედია, ჩემს ასეთ გაგერმანელებას იმად არ ჩამომართმევთ, რომ 4 მილიონიან საქართველოს 83 მილიონიან ქვეყანას ვადარებ. თან, დიდ საფეხბურთო ქვეყანას, თორემ ინდონეზიას შევადარებ რამდენიც გინდა.

არა, რასაკვირველია. გიჟი უნდა ვიყო, თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს და ზესტაფონს რომ ვსაყვედურობდე, 1981 წლის შემდეგ ევროთასებზე რვაჯერ-ცხრაჯერ რატომ არ გაიმარჯვეთო, მაგრამ…

ე, ბიჭო, რაღაცა ჩვენს სასიკეთოდაც ხომ უნდა მომხდარიყო.

რას იზამ. რაც არის, არის. იმედია, ახლა მოხდება.

მაგრამ, აი, გერმანელი რომ ვყოფილიყავი, მარტო ბრაზილიასთან 7:1-ს გახსენება რა სიამოვნება იქნებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ.

თან მიაქციეთ ყურადღება, აქ წაგებულ ფინალებს არ ვითვლი. არადა, ფინალის წაგება რას ნიშნავს ხომ იცით? იმას, რომ ფაქტიურად ჩემპიონი იყავი, უბრალოდ ერთი ან ორი ზუსტი დარტყმა დაგაკლდა და მეტი არაფერი.

ჰოო, გერმანელი რომ ვყოფილიყავი…

 

37 წელი უდიდესი გამარჯვებიდან ...

 

თუმცა, რას გეტყვით, იცით? ღმერთს გერმანელად რომ ვდომებოდი, წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ეტყობა რატომღაც ქართველად დავჭირდი და ის უნდოდა, 1981 წლის 13 მაისს, შუაღამისას, თამაშის დამთავრების შემდეგ, ათეულობით ათას კაციან მსვლელობას რომ შევერთებოდი დინამოს სტადონისკენ.

მადლობა მას ამისათვის!

მაგრამ, ყველა, ვინც 1981 წლის 13 მაისს დაიბადა, დღეს უკვე 39 წლისაა. გაისად ორმოცისა შესრულდება და თუ ცრუმორწმუნეა, დაბადების დღეს არ გადაიხდის. ხოლო ზოგი, ვინც ადრე დაქორწინდა, შეიძლება უკვე პაპაც კი არის. ნუ, ან ბებია…