ბუბა დაუშვილი: ჩემპიონატის განახლება სავსებით რეალური იყო

კორონავირუსის გამო შეწყვეტილი კვიპროსის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გუნდი, რომელსაც პირველობის განახლება სურდა, თემურ ქეცბაიას დამოძღვრილი ანორთოსისია, რომლის ღირსებასაც 4 ქართველი ფეხბურთელი იცავს. ქართველებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და ომონიას მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარყოფითი ბალანსის გამო ჩამორჩა. 

 

ამ თემაზე ანორთოსისის და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ბუბა დაუშვილს ვესაუბრეთ, რომელიც თვლის, რომ ჩემპიონატის გაგრძელება სავსებით შესაძლებელი იყო. 

 

 

- როგორ ფიქრობ რამდენად სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება?

 

- ვთვლი, რომ ჩემპიონატის გაგრძელება სავსებით რეალური იყო. ზუსტად არ ვიცი, რატომ შეწყდა, თუმცა ჩვენ 100%-ით მზად ვიყავით მატჩების ჩატარებისთვის.

 

- როგორც ვიცი მხოლოდ ანორთოსისი იყო გაგრძელების მომხრე, სხვა გუნდებს რა უშლიდათ ხელს? 

 

-ალბათ მაინც ფინანსური სიტუაცია, რადგან როგორც ვიცი ამ მხრივ ბევრ კლუბს პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამიტომ არ სურდათ პირველობის განახლება. 

 

- ზოგადად კორონავირუსის მხრივ რა სიტუაციაა კვიპროსში?

 

- განსაკუთრებული არაფერი, როგორც ყველგან თავიდან აქაც რთული ვითარება იყო, თუმცა შემდეგ სიტუაცია უკეთსობისკენ შეიცვალა. გარკვეული შეზღუდვები კვლავ არის, თუმცა მალე ესეც მოიხსნება და ხალხი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. 

 

- მომავალ სეზონშიც ანორთოსისში გიხილავთ?

 

- ამ თემაზე გუნდის ხელმძღვანელობასთან უნდა ვისაუბრო. 100%-ით ვერაფერს გეტყვით.

 

- განვლილ სეზონს როგორ შეაფასებ?

 

- თითოეულ თამაშში ჩემპიონობისთვის ვიბრძოდით. იყო ბევრი სიხარული და ბევრი არასასიამოვნო მომენტიც, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტიტულს დავუფლებოდით. საწყენია, ჩემპიონატი რომ არ განახლდება. დარწმუნებული ვარ გაგრძელების შემთხვევაში პირველ ადგილზე გავიდოდით. დასანანია, რომ ომონია ცხრილის სათავეში ურთიერთშეხვედრების გამოა.

 

ანორთოსისში ყველა ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. ჩვენგან იყო ინიციატივა, რომ ომონიასთან მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გამართულიყო და იქ გადამწყდარიყო ჩემპიონის ბედი, თუმცა უარი მივიღეთ.

 

 

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისს შარშან თემურ ქეცბაია დუაბრუნდა და გუნდში უმალ 3 ქართველი გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი მიიყვანა, ხოლო ნიკა კაჭარავა უკვე კვიპროსელთა წევრი იყო. აწ უკვე დასრულებულ სეზონში დაუშვილმა 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ოქრიაშვილმა 14 შეხვედრაში 3-ჯერ გამოიჩინა თავი, კაჭარავამ 18 თამაშში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო, ლორიამ კი 21 თამაში ჩაატარა და 11 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

 

მეორე წრეში ანორთოსისმა ჯანო ანანიძეც დაიმატა, რომელმაც კვიპროსელთა რიგებში 8 მატჩი ჩაატარა. ჯანო ამჟამად თავისუფალი აგენტია და ბოლო ცნობებით ბათუმის დინამოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.