ვიღაცამ იტონის ბუდეს გადაუფრინა

და, ეს მაგარი რთული იყო.

მარკ იტონი სამწამიანში პატრულირებდა. და, თითქმის ყველას აჯარიმებდა არასწორი პარკირებისთვის. უბრალოდ, იქ შესვლა და გაჩერება აკრძალული იყო.

224 სანტიმეტრი. 132 კილოგრამი. ეს იყო იტონი.

და, როდესაც მისტერ იტონი ხელებს შლიდა, თეატრი იკეტებოდა. იწყებოდა სისხლის წვიმა.

იტონი ორჯერ რეგულარულის საუკეთესო დამცველად დაასახელეს, მაგრამ რადგან ის იუტას წევრი იყო, რა თქმა უნდა, მარკმა კარიერა ჩემპიონობის გარეშე დაამთავრა.

როგორც წესი და რიგი იყო.

და, იყო იტონის ის, ერთი განსაკუთრებული სეზონი და ის, ერთი განსაკუთრებული მატჩი.

1984/1985 წლები. როდესაც იტონი საშუალოდ 5.56 (!!!) დაფარებას აკეთებდა. იმ სეზონში მარკმა 456 დაფარება გლიჯა და გააუმჯობესა წინა რეკორდი (393, ელმორ სმიტი, ლეიკერსი, 1974). იმ სეზონში მეორე დამფარებელი გახდა ჰაკიმ ოლაჯუონი - 2.68. იტონი ორჯერ მეტს აფარებდა. და, მარკი საუკეთესო დამცველი გახდა. და, საუკეთესო დამცველების პირველი ხუთეულის წევრი. და, 26 აპრილს, ჰიუსტონთან წაგებულ საფლეიოფო გარჩევაში, იტონმა 8 ქულა და 10 დაფარება დადო. პირველი შემთხვევა, როდესაც ფლეი ოფში მოთამაშემ 10 დაფარება შეაგროვა. ეს შედეგი მოგვიანებით ოლაჯუონმა და ენდრიუ ბაინამმა გაიმეორეს.

და, ის ერთი მატჩიც.

იუტა ხვდებოდა პორტლენდს. 1985 წლის 18 იანვარს, სოლტ ლეიკ სიტიში.

და, იუტამ მოიგო 127:122. პორტლენდის სათადარიგოებში უკვე ცელქობდა კლაიდ დრექსლერი და ჯაზის მეორე ხუთეულის წევრი იყო ჯონ სტოქტონი. კარლ მელოუნი ერთი წლის შემდეგ გაგვაცნობს თავს.

მოკლედ, იუტამ მოიგო და იტონმა თამაშიდან 12/1 სროლა გამოიყენა. აზრზე ხართ?! ცენტრმა! 12 სროლიდან 1 ჩააგდო.

მაგრამ - იტონმა, 12 საჯარიმო შეასრულა. და, 10 - ზუსტად. ორივე კომპონენტში, მარკის პირადი რეკორდი!

და, იტონმა პორტლენდს 12 ქულა, 20 მოხსნა და 14 დაფარება აარტყა!

საგიჟეთი! 12, 20, 14!! იმ დღეს იტონმა მისია შეასრულა. ბევრი წლის შემდეგ მისიას სხვა იტონი შეასრულებს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს იტონი იყო პასუხისმგებელი წესრიგზე. დაიმახსოვრეთ.

14 დაფარება...