გურამ გოგიჩაშვილი მომავლის ბურჯი

ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა 23 წლამდე ასაკის მარცხენა ბურჯებს (N1) შორის ხუთი საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბე გამოარჩია, რომლებსაც მსოფლიოს დონის ვარსკვლავად ჩამოყალიბების პოტენციალი გააჩნიათ. ხუთ ბურჯს შორის საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული რასინგის პირველხაზელი გურამ გოგიჩაშვილიც დაასახელეს. მასთან ერთად მომავლის ვარსკვლავები არიან: დანილო ფისკეტი (იტალია), მაშკო ვივასი (არგენტინა), რის კარე (ინგლისი) და ანგუს ბელი (ავსტრალია).

 

აი, რას წერს მიდი ოლიმპიკი გურამ გოგიჩაშვილზე:

 

"ის მსოფლიო რაგბის მომავალია. მისი გუნდის სპორტულმა დირექტორმა იანიკ ნიანგამ განაცხადა: "როდესაც ხედავ რისი გაკეთება შეუძლია 20 წლის ასაკში. თუ ის გადაწყვეტს გახდეს საუკეთესო მარცხენა ბურჯი მსოფლიოში, გახდება კიდეც." უნდა ითქვას, რომ ქართველმა მორაგბემ, რომელიც რასინგში  2018 წლის ზაფხულში გადაბარგდა, ძალიან სწრაფად გაიარა ადაპტაცია და თავის პირველივე სეზონში ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 23 თამაში ჩაატარა. ამასთან ერთად,  იმავე სეზონში საქართველოს ნაკრებში ხუთი კეპი მოიხვეჭა.

 

გოგიჩაშვილი არის სრულყოფილი ბურჯი: ძლიერი შერკინებაში, ძალიან აქტიური ღია თამაშსა და დაცვაში. მისი მრავალფეროვნება მომავალში საუკეთესოთა შორის ყოფნას უქადის. თუმცა, 2019-2020 წლების სეზონში კლუბში, მსოფლიო თასსა და რაგბი ევროპას შორის, მხოლოდ 3 თამაშის ჩატარება მოასწრო. მისი დაბრუნება ელიტურ, პირველ დივიზიონში ჩემპიონატის შეწყვეტის გამო აღარ მოხდა და გასაკვირი არ იქნება, სექტემბრიდან სეზონი კვლავ ძალიან ძლიერად დაიწყოს."