დანკანი თუ ოლაჯუონი?

ტიმი ნომინალურად მძიმე ფორვარდი იყო.

ჰაკიმის სივიში ეწერა - ცენტრი.

და, დიდი ბიჭები იდენტურ პოზიციაზე იდგნენ. დანკანი იყო ოდნავ ამოწეული ცენტრი და ჰაკიმი - სამწამიანში შესული მძიმე ფორვარდი.

გაიხსენეთ ჰაკიმის კარიერის სტარტი, როდესაც ჰიუსტონში ის (ჯერ, აკიმი) მეოთხეზე იდგა და ცენტრზე ძირითადად, რალფ სემფსონი პატრულირებდა. ოლაჯუონი გუნდისთვის უფრო შეუცვლელი იყო, მაგრამ სემფსონი მას მაგრად ეხმარებოდა. რალფი ზონიდან ნაგვის გატანაში პირველი იყო.

გაიხსენეთ ტიმის კარიერის სტარტი, როდესაც სან ანტონიოში ის მეოთხეზე იწყებდა და (1997/1998 წლების სეზონს თუ არ ჩავთვლით) ადიოდა მეხუთეზე, სადაც დევიდ რობინსონი უკვე იღლებოდა, ნატკენ ზურგს ასვენებდა და სპერსი დანკანის უნივერსალიზმს ენდობოდა. და, ტიმი უღალატო კაცი იყო.

ოლაჯუონის სტატისტიკა კლავდა - ზედიზედ 12 სეზონი ის არ იღებდა 20.9 ქულაზე და 10.9 მოხსნაზე ნაკლებს. როდის - როგორ. ჰაკიმმა სამჯერ საშუალოდ, 4 დაფარებაზე მეტი აკრიფა. და, ჰაკიმმა ოთხმაგი დუბლიც გლიჯა.

დანკანის სტატისტიკა დავარცხნილი, მოწესრიგებული იყო. ტიმის უფრთხილდებოდნენ და ტიმი გუნდს უფრთხილდებოდა. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ მოსაგებად საჭირო ენერგიის დახარჯვა და თუ დანკანს ეშლებოდა და ეპიზოდურად ტენიდა კიდეც, პოპოვიჩი მას არ უბრაზდებოდა. ბავშვები ხანდახან უნდა გაართო. რომ არ მოიწყინონ.

ორივე სამწამიანის ტერორი გახდა. ტიმი ფუნდამენტალურად გიგებდა. ჰაკიმი - არტისტულად. რობინსონმა და შაკმა იციან.

ჰაკიმი რეგულარულის ისტორიაში საუკეთესო დამფარებელია (3 830). ტიმი მეხუთეა (3 020).

დანკანი ფლეი ოფის ისტორიაში საუკეთესო დამფარებელია (568). ჰამიმი - მესამე (472).

ჰაკიმმა ზედიზედ ორჯერ მოგებულ ფლეი ოფში საშუალოდ 30.9 ქულა, 10.7 მოხსნა, 4.4 პასი, 3.4 დაფარება და 1.5 ჩაჭრა დასვა. ფანტასტიკა.

ტიმი არ ზრუნავდა საკუთარ უკვდავებაზე. ის სპერსის ერთგული სტუდენტი, ჩუმი მკვლელი და მისაბაძი კაპიტანი გახდა. ტიმიმ დამარხა ლეიკერსის დინასტია. ტიმიმ ორ მოგებულ ფინალში ლებრონ ჯეიმსი 8:1 აჭრა.

ორივე უდიდესია, და ჩემი ფავორიტი (ამ შემთხვევაში, ობიექტურად) მაინც ტიმია. ტიპმა ხუთი ფინალი მოიგო. ლეგენდა.