ახდენილი და აუხდენელი ოცნება (+Video)

ჩემპიონთა ლიგის არცერთი ფინალი არ ჩატარებულა ასე ადრე და არც თამაში მორჩენილა ასე ადრე...   ზუსტად 26 წლის წინ, 18 მაისის საღამოს ყველა გულშემატკივარი სასწაულად ელოდებოდა: მილანი-ბარსელონა.

 

მარტივად რომ ვთქვათ, რამდენიმე წლის განმავლობაში ველოდით, რომ ფინალში ევროპის საუკეთესო ორი გუნდი შეხვედროდა.  ხან ვინ უშლიდათ ხელს, ხან - ვინ. მილანი-ბარსელონა კი საოცნებო თამაში უნდა ყოფილიყო. და აი, როგორც იქნა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ასეთი საჩუქარი მივიღეთ. მაგრამ ოცნება, რომ არანორმალურად მაგარ თამაშს ვნახავდით, ვერ აგვიხდა. უფრო სწორად, ერთმა გუნდმა ითამაშა, მეორე - იდგა. 

 

მცირე ფავორიტად ბარსა ითვლებოდა, პლუს, როსონერის აკლდნენ ფრანკო ბარეზი და ალესანდრო კოსტაკურტა. გარკვეულწილად რისკი იყო, რადგან პანუჩი 21 წლის გამოუცდელი ფეხბურთელი გახლდათ და როგორ უნდა შეეცვალა დიდი ბარეზი.  აქ მოხდა ის, რომ პანუჩი მალდინის პოზიციაზე, მარცხენა მცველად დააყენეს, ხოლო პაოლო ცენტრში - ბარეზის ადგილზე.

 

რაც იმ საღამოს ათენის სტადიონზე მოხდა, მხოლოდ მილანის ზეოპტიმისტი ფანები თუ ელოდნენ: 4:0.

 

ეს მინიშნება იყო, რომ ფეხბურთში მოდიოდა ახალი ტალღა, ახალი სქემები, იზღუდებოდა სივრცე. რომარიო და ხრისტო სტოიჩკოვი გამოთიშა კლდესავით დაცვამ (ტასოტი- პანუჩი- გალი-მალდინი) და სუპერმატჩი ჩაატარა იმ დროს ჯერაც საყრდენმა მარსელ დესაიმ.

 

რა მოხდა თამაშამდე? კრუიფმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ფავორიტი იყო და 30 მილიონად მილანმა თუ დესაი იყიდა, თავად რომარიოში გადაიხადეს ეს თანხა. თანაც, კაპელოს გუნდზე თქვა, ძლიერები მხოლოდ დაცვაში არიანო.

 

კაპელომ კი ეს ციტატა წააკითხა თავის ფეხბურთელებს. ეს რობერტო დონადონიმ თქვა: „მისტერმა მოტივაცია აგვიმაღლა. მან გვითხრა, თუ კაცები ხართ, დღეს წაგების უფლება არ გაქვთო“.

 

კაპელო იხსენებს: „ამ სიტყვების მერე გასახდელში სიჩუმე იყო. დესაიმ რაღაც ქაღალდი აიღო და ხელისგულზე დაიდო. და ქაღალდი იმწამსვე დაიწვა. თვალებს ვერ დავუჯერეთ. ისინი ცხელები იყვნენ, ყველა ფეხბურთელი ენერგიით სავსე იყო და ბრძოლა სწყუროდათ“.

 

რონალდ კუმანი (ბარსას მცველი): „1994 წელს მართლაც ოცნების გუნდი ვიყავით. ფინალში მილანის თამაშის თავისებურებები გამოგვეპარა“.

 

კარლეს რექსაჩი (კრუიფის თანაშემწე, შემდგომ კი ბარსას მთავარი მწვრთნელი): „ათენში ჩავედით, რათა ტიტული, უბრალოდ, წამოგვეღო. არა მოგვეპოვა, არამედ წამოგვეღო. ფინალისთვის, ფაქტიურად, არც მოვემზადეთ“.

 

თავად კრუიფი: „დასაცინები გავხდით მთელი მსოფლიოს წინაშე. ჩვენ დღს ცუდად არ ვითამაშეთ. უფრო სწორად, საერთოდ არ ვითამაშეთ“.

 

პირველ ტაიმში დანიელე მასარომ ორჯერ გაიტანა, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დეიან სავიჩევიჩმა სუპერგოლი მიითვალა, ბოლო კი დესაისა იყო.