მაიკლ ჯორდანი 1997/1998. ცეკვა მგლებთან ერთად (V ნაწილი, ინდიანა, ლარი ბერდი)

კონფერენციის ფინალში ჩიკაგო ინდიანას დაელაპარაკა. სერია, რომელიც მაიკლ ჯორდანისთვის პრინციპული, განსაკუთრებული იყო.

ინდიანას მთავარი მწვრთნელი ლარი ბერდია. ის, ვისაც მაიკლმა ვერ მოუგო ვერცერთი სერია. როდესაც ბერდი ბოსტონში თამაშობდა. ის, ვისაც მაიკლი ოცნების გუნდში გატარებული თვეების დროს თავს უხრიდა და ვერ ახტებოდა. ის, ვისაც მაიკლი ყველაზე დიდ პატივს სცემდა.

მაიკლ ჯორდანი: ლარი ბერდი იყო ლეგენდა. ალბათ, ყველაზე ლეგენდარული მოთამაშე კალათბურთის ისტორიაში. მას არ ჰქონდა საუკეთესო სროლა, საუკეთესო პასი, ის არ იყო საუკეთესო მომხსნელი ან - დამცველი, მაგრამ! ლარიმ ყველაფერი იცოდა და ეს გულიდან, შრომისმოყვარეობიდან მოდიოდა. ჩვენ განსხვავებულ კალათბურთს ვთამაშობდით, მაგრამ ჩვენ მოგების წყურვილი და მანიაკალური შრომისმოყვარეობა გვაერთიანებდა. დიახ, მე მინდოდა იმ სერიის დამაჯერებლად მოგება. ყველას გვინდოდა.

ის ინდიანა განსაკუთრებული გუნდი იყო.

რომელიც შექმნა ლარიმ. გენერალურ მენეჯერ დონი უოლშთან ერთად. იმ ინდიანამ რეგულარული 58 მოგებით დახურა და ბულზის შემდეგ, კონფერენციის ყველაზე სტაბილური, აუღელვებელი, მძიმე გუნდი იყო.

რეგულარულში ინდიანამ ოთხიდან 2 თამაში წაართვა ჩიკაგოს. მათ შორის, ბოლო ჩეხვა, ჩიკაგოში. იქ, პეისერზმა სეზონის საუკეთესო კალათბურთით მოიგო.

114:105 გასვლაზე გუნდთან, რომელიც დაცვაში გკლავდა. გუნდთან, რომელიც ყველასთან მოტივირებული იდგა. გუნდთან, რომელსაც ყველა დროის სამი გამორჩეული დამცველი (მაიკლი, სკოტი პიპენი, დენის როდმანი) ჰყავდა.

იმ, ბოლო მატჩში მაიკლმა მხოლოდ 27 ქულა დააგროვა. და, თამაშიდან ძალიან ცოტა, 7 სროლა გამოიყენა. იმ მატჩში დენის როდმანმა 42 წუთში 10 მოხსნაც კი ვერ აიღო. დენისი 10 მოხსნას ერთ ტაიმში აგროვებდა. იმ მატჩში სკოტი პიპენმა 5 პერსონალური მიიღო და ბულზის ყველაზე სტაბილური მსროლელი იყო დიკი სიმპკინსი (3/3 თამაშიდან, 10/8 საჯარიმო).

იმ მატჩში ლარი ბერდმა გადაუჯოკრა ფილ ჯექსონს და ინდიანამ გააკეთა განცხადება - ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. ჩვენ მოვდივართ. ჩვენ თავს არავის არ დავუხრით. მოემზადეთ.

იმ ინდიანას ჩიკაგოს შემდეგ ყველაზე დაბალანსებული სასტარტო ხუთეული ჰყავდა.

რეჯი მილერი (19.5 ქულა) - ლიდერი და შეუცვლელი პერსონაჟი.

კრის მულინი (11.3) - ვეტერანი მკვლელი სროლით და კარგი დაცვით.

ანტონიო დევისი (9.6 ქულა, 6.8 მოხსნა) - დაუფასებელი და ძალიან ძლიერი დამცველი.

დეილ დევისი (8.0 ქულა, 7.8 მოხსნა) - ანტონიოს უფროსი ძმა უფრო კარგი დაცვით.

რიკ სმითსი (16.9 ქულა, 6.7 მოხსნა) - ჰოლანდიელი ჟირაფი ცენტრისთვის ძალიან კარგი საშუალო სროლით.

და, ლარი ბერდი, რომელიც იმ სეზონში საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

ჩიკაგო სერიოზული სერიისთვის ემზადებოდა.