სონგი: ბარსელონაში ფულის გამო გადავედი

კამერუნელმა ფეხბურთელმა ალექს სონგმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა არსენალიდან ბარსელონაში გადავიდა. გამოცდილი საყრდენის თქმით, ესპანელთა წინადადებას იგი ფულის გამო დათანხმდა. 

 

"როცა ბარსელონამ კონტრაქტი შემომთავაზა და ვნახე რა იქნებოდა ჩემი ანაზღაურება, არც დავფიქრებულვარ, მათ წინადადებას ისე დავთანხმდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი ოჯახი უზრუნველად იცხოვრებდა და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. 

 

ბლაუგრანას სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ ცოტას ვითამაშებდი, თუმცა ეს არ მანაღვლებდა. ჩემთვის მთავარი ის მილიონები იყო, რომელსაც ესპანეთში მივიღებდი. 

 

მანამდე 8 წელი არსენალის ფეხბურთელი ვიყავი, თუმცა დიდი ფული 4 წლის შემდეგ გამოვიმუშავე. ვხედავდი როგორ მოდიოდა ანრი ვარჯიშებზე 100 ათასიანი მანქანით და მეც იგივე მსურდა."-თქვა 32 წლის საყრდენმა. 

 

სონგი ბარსელონას საკუთრება 2012-16 წლებში იყო, თუმცა ხშირად ანათხოვრებდნენ და კატალონიელთა მაისურით მხოლოდ 2012-14 წლებში ითამაშა. კამერუნელი ამჟამად შვეიცარიული სიონის ღირსებას იცავს.