ბაიერნის უსახელო გმირი

როლანდ ენდლერის სახელი გსმენიათ? თუ არა, ამაში გასაკვირიც არაფერია, რადგან, დამსახურებების მიუხედავად, მას მიუნხენშიც იშვიათად იხსენებენ. ისეთი რა გააკეთა? ბაიერნი გაკოტრებისგან იხსნა, სანტოსის საპატიო პრეზიდენტი და პელეს დიდი მეგობარი იყო. 

 

ეს გასაკვირი იმიტომაც არის, კლუბები საამაყო პრეიზდენტების სახელებს სტადიონებს არქმევენ, მადრიდში ასეთი ერთია, თუმცა ახლო წარსულში ორი იყო - სანტიაგო ბერნაბეუ და ვისენტე კალდერონი; შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, რომ გერმანიაში ფუნქციონერების სახელებს არენებს არ არქმევენ, თუმცა კიოლნის სტადიონი ფრანც კრამერის სახელობისაა. 

 

როლანდ ენდლერი ელექტრო ინჟინერი, მეწარმე და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მისი ქარხნები გერმანიის საზღვრებს გარეთაც მუშაობდა, ნიმუში კი ფოლკსვაგენის მუზეუმშია დაცული.

 

 

1950 წლიდან, რაინში დაბადებული კაცი, საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა და ბაიერნის ქომაგი გახდა. იმ დროს რეკორდმაისტერი გრანდი რეგიონალური მასშტაბითაც არ იყო. 1956 წელს, გუნდმა რეგიონალურ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა. 

 

1957 წელს, გუნდის ეკონომიკური მდგომარეობა დამძიმდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბაიერნს თასზე ასპარეზობის სახსრებიც არ გააჩნდა და მონაწილეობაზე უარის თქმა დააპირა. რა თქმა უნდა, მხსნელად ენდლერი მოევლინათ, მიუნხენელებმა კი, სენსაციურად, თასის მოგება მოახერხეს. 

 

 

იმ დროს პრეზიდენტი ალფრედ რეიტლინგერი იყო, რომელმაც კლუბის ბიუჯეტიდან  - 20 მილიონი მარკა, რომელიც მაშინ ძალიან დიდ თანხას შეადგენდა, გაფლანგა. ის პასუხისგებაში მიეცა, ფინანსური მაქინაციების გამო კი ბაიერნს 9 ქულა დააკლეს და 10 000 მარკა ჯარიმა დააკისრეს.

 

თუ გამოიცნობთ, მხსნელი ვინ იყო? ენდლერი პრეზიდენტად ისე აირჩიეს, რომ ამის შესახებ თავადაც არ იცოდა. მან დავალიანება სრულად დაფარა და გუნდმა ასპარეზობა არა -9 ქულით, არამედ -4-ით დაიწყო. 

 

მისი პრეზიდენტობისას გუნდმა თამაში გამოასწორა და ისეთი შედეგი აჩვენა, 10 წლის მანძილზე რომ არ ჰქონია. მან დაიმატა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი - კარლ მეი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი თავდამსხმელი - მილოშ მილუტინოვიჩი. მაგალითისთვის, ჩემპიონთა თასის ერთი შეხვედრის მოყვანაც შეგვიძლია, სადაც მან რეალს 3 გოლი გაუტანა...

 

სწორედ ამ გუნდმა ჩაუყარა საფუძველი ისეთი მონსტრის დაბადებას, სადაც ბეკენბაუერი, მიულერი, ზეპ მაიერი და პოლ ბრაიტნერი თამაშობდნენ.

 

 

როლანდ ენდლერის პიროვნებაზე ერთი მაგალითითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. 50-იან წლებში, მასთან გერმანიის ნაკრების მწვრთნელი, ზეპ რებერგერი მივიდა და ლუფტვაფეს (გერმანიის ავიაცია ნაცისტური გერმანიის დროს) პოლკოვნიკის, ჰერმან გრაფის დასაქმება სთხოვა. 

 

ახალგაზრდობაში გრაფი ფეხბურთს თამაშობდა და მეორე მსოფლიო ომის დროს რომ ბევრი გერმანელი ფეხბურთელი სიკვდილს გადარჩა, სწორედ მისი დამსახურება იყო. მან არმიაში ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი - "წითელი მონადირეები" - და სულ ცდილობდა ეს ადამიანები ფრონტის წინა ხაზზე არ გაეგზავნათ. ამ დანაყოფში ირიცხებოდა 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნაკრების კაპიტანი - ფრიტც ვალტერი

 

მართალია, ჰერმან გრაფი საბჭოთა ტყვეობიდან ანტი ნაციონალ-სოციალისტური შეხედულებებით დაბრუნდა, თუმცა, როგორც ჰიტლერის გერმანიის ერთერთ გმირს, მისი დასაქმება არავის უნდოდა. 

 

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, ენდლერი იყო, რომელთანაც სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის საწარმოს ხელმძღვანელობასაც მიაღწია. 

 

ენდლერი და პელე

 


 

ბრაზილიელთა თამაშმა ენდლერი აღაფრთოვანა 

 

"სასწაულია, ბრაზილიაში რამდენი მაგარი ფეხბურთელი თამაშობს. ერთ პატარა ქალაქში, რომლის გარშემოც ჯუნგლებია შემოვლებული, გუნდების თამაში ვნახე, რომლის სახელიც ევროპაში გაგებული არავის აქვს. იქ ყველაზე სუსტი ფეხბურთელი, ბაიერნში ნამდვილი ვარსკვლავი იქნებოდა".

 

მაშინ სანტოსში ისეთი დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც: პელე, ზიტო, პეპე, ჟილმარი და კოუტინიო იყვნენ. 

 

მიუნხენებმა ბრაზილიელებთან ამხანაგური შეხვედრებიც გამართეს

 

05.24.1959 - ბაიერნი - კორინთიასი 2:3
10.18.1960 - ბაიერნი - ბაია 1:6
05.17.1961 - ბაიერნი - სანტოსი 2:3

 

 

ენდლერისა და სანტოსის მეგობრობა იმდენად გაღრმავდა, რომ ის ამ კლუბის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს და ქალაქის საპატიო მოქალაქეობაც მიანიჭეს. ის პელეს იმდენად ახლო მეგობარი იყო, რომ ბრაზილიელმა თაფლობის თვე ევროპაში, ენდლერის სახლებში გაატარა. 

 

"შეთავაზებები როგორც რეალიდან, ასევე მილანიდან მქონდა, თუმცა, ყველაზე დეტალური და გამორჩეული ბაიერნიდან იყო. როლანდ ენდლერმა, რომელიც იმ დროს გერმანულ გრანდს ხელმძღვანელობდა, კონტრაქტი შემომთავაზა და მითხრა: "თუ ოდესმე მიუნხენში ჩამოხვალ, ჩვენ ყველაფრით უზრუნველგყოფთ". როლანდის ძალიან მადლიერი ვიყავი, თუმცა ბრაზილიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და არსად წასვლა არ მინდოდა," - გაიხსენა პელემ

 

1970 წლიდან, ლანდაუერი მეწარმეობას ჩამოშორდა და აღარც სპორტულ ცხოვრებაში აქტიურობდა. ის 2003 წელს, მიუნხენში, თითქმის ყველასგან მივიწყებული, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ბაიერნის სამძიმარი ძალიან მოკლე და საინფორმაციო ხასიათისა იყო, რომელიც მის დამსახურებებზე არაფერს ამბობდა. 

 

რამდენიმე წლის შემდეგ, კურტ ლანდაუერის ფონდიდან, ბაიერნის გულშემატკივრებმა საფლავი მოძებნეს მიაწერეს, რომ ის ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტიც ყოფილა...