ვარჯიში მთვარეზე

 

 

 

 

 

 

 

გასულ უქმეებზე გერმანიაში ფეხბურთი 66 დღიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა. ეს ამბავი დიდი მოვლენა აღმოჩნდა. ტელევიზორები მათაც კი ჩართეს, ვისაც ბუნდესლიგისთვის არასოდეს ეცქირა. გერმანიის თამაშებს 160 ქვეყანაში უყურეს, მათ შორის, ინგლისში, სადაც პირველად უჩვენეს ბუნდესლიგა პირდაპირ ეთერში. ჯამში, 26-ე ტურის მატჩებს 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა უცქირა.

„ეს ადასტურებს, რომ ქომაგები მაინც შეეგუენ მოჩვენებების ლიგას, ანუ უმაყურებლო ფეხბურთს. მიხვდნენ, რომ სულ არაობას, ასეთი ვარიანტი ჯობს,“ - წერს Bild.

ფეხბურთთან ერთად ქალაქური ცხოვრებაც ცოცხლდება. დორტმუნდში, დერბიზე (დორტმუნდი - შალკე 4:0) ბარებში ისევ შეიკრიბა ხალხი, თუმცა განსხვავებული პირობების დაცვა მოუწიათ. „აღარ არის ვირუსის პანიკა, ისევ შეგვიპყრო საფეხბურთო ციებ-ცხელებამ,“ - ვერ მალავს სიხარულს Bild-ის ჟურნალისტი.

 

 

“კორონა ეტყობა კიდევ კარგა ხანს ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში. დიახ, ამიერიდან გვექნება TORona (სიტყვების თამაშია, Tor გერმანულად გოლს ნიშნავს). დიახ, ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე, საცოდავი სანახავია, მაგრამ ლამაზი გოლების ხილვის შანსი კვლავ გაჩნდა. რამდენი ემოცია, ვნებათაღელვა და თავგადასავალი მოვისაკლისეთ ბოლო დროს,“ - ამატებს Bild.

ჟურნალ Spiegel-ის მიმომხილველები კოლეგების ენთუზიაზმს არ იზიარებენ. „კომერციული ფეხბურთი მაყურებლების გარეშე დიდ ხანს ვერ იმუშავებს. ფანებისა და მოთამაშეების განსაუთრებული ურთიერთობა ხომ სტადიონებზე ჩამოყალიბდა. სავსე სარბიელის ეფექტი სულ სხვაა.

როცა ცარიელ ტრიბუნებს ვუცქერთ ეკრანებზე, შინაგან ნაპერწკლებს ვერავინ გრძნობს. მაყურებელი თითქოს მთვარეზე ვარჯიშს უცქერენ.“

neues-deutschland გვამცნობს, ბოლოდროინდელი გამოკვლევები ცხადყოფს, პროფესიული ფეხბურთი ნელ-ნელა პოპულარობას კარგავსო. ARD-ს გამოკითხულთა 56 პროცენტმა არ მოიწონა ბუნდესლიგის ახლა განახლების ამბავი. ტელეარხ ZDF-ის რესპონდენტთა 62 პროცენტმა კი სეზონის დასრულებას დაუჭირა მხარი.

უკმაყოფილო ადამიანების ხილვა შაბათს დიუსელდორფშიც შეიძლებოდა. ბევრს ხელში ბანერი ეჭირა. რომლებითაც ბუნდესლიგის განახლებას აპროტესტებდა, მაშინ, როცა საბავშვო ბაღები ჯერაც დაკეტილია.

„ფეხბურთი განათლებაზე ადრე?“ „ბავშვებს ბავშვები სჭირდებათ,“ „განათლება ბავშვების უფლებაა,“ - ეწერა ბანერებზე.

ახლა სხვა გამოცემებიდანაც მოვიყვანოთ ციტატები:

 

Allianz-Arena

 

Gazzetta dello Sport: „ბუნდესლიგამ ფეხბურთს სიცოცხლე დაუბრუნა, რამდენიმეთვიანი სიკვდილისა და შიშის შემდეგ. გერმანელებმა მაგალითი მისცეს იმათ, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, ნაირგვარ პროტოკოლებს ავსებს და თამამი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ბედავს.“

Mundo Deportivo: „ბუნდესლიგის განახლებამ დაგვანახა როგორი იქნება ფეხბურთი უახლოეს მომავალში. მას ისევ ითამაშებენ, მაგრამ უემოციოდ. ლიგა დაბრუნდება, ფეხბურთი არა. ვნება სიჩუმით შეიცვალა. გვინდა, არ გვინდა, უნდა შევეგუოთ ასეთ მოცემულობას.“

Daily Mail: „ასეთი ცოცხალი ფანატური კულტურის ქვეყანაში სამწუხარო იყო ცარიელი ტრიბუნების ხილვა. თუმცა ეს კორონაეპოქაში ფეხბურთის თამაშის პირველი ცდა გახლდათ.“

Sports Illustrated: „უახლოეს კვირებში ვნახავთ, რამდენად უსაფრთხოა ფეხბურთი პანდემიის პირობებში. თუმცა, ფსიქოლოგიურად და სიმბოლურად, ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა უკვე არსებობს მოდელი, რომელსაც მთელმა ევროპამ შეიძლება მობაძოს. მართალია, სანახაობა ისეთი არ არის, როგორიც გვინდა, მაგრამ ფეხბურთი მაინც ფეხბურთია, მაყურებლებით, თუ მათ გარეშე.“