შემოდგომის ლეგენდები

NBA Top 50. ელვინ ჰაიესი  (31).

კარიერა: სან დიეგო/ჰიუსტონი (1968-1972), ბალტიმორი/კეპიტალი/ვაშინგტონი (1972 -1981), ჰიუსტონი (1981-1984).

ჩემპიონი - 1 (1978, ვაშინგტონი).

ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე  - 12 (1969-1980).

სეზონის პირველი ხუთეული -3 (1975, 1977, 1979).

სეზონის მეორე ხუთეული - 3 (1973, 1974, 1976).

დაცვის მეორე ხუთეული - 2 (1974, 1975).

ახალბედების პირველი ხუთეული (1969).

საშუალოდ ყველაზე მეტი ქულა - 1 (1969, 28.4).

საშუალოდ ყველაზე მეტი მოხსნა - 2 (1970 – 16.9, 1974 – 18.1).

უკვდავი ნომერი - 11 (ვაშინგტონი).

მეტსახელი: The Big E.

სტატისტიკა: 24.8 (27 313) ქულა, 12.5 (16 279) მოხსნა, 2.0 (1 171) დაფარება.

 

ალბათ, ნებისმიერ სხვა სეზონში ელვინ ჰაიესი NBA-ს საუკეთესო ახალბედა გახდებოდა. ლიგის ისტორიაში მისტერ ჰაიესი არის ერთადერთი, რომელმაც თავისი პროფესიული გზა ზღაპრული სტატისტიკით (28.4 ქულა, 17.1 მოხსნა) გახსნა და მაინც მეორეზე გავიდა. უპირატესობა ბალტიმორის პირველწლიან მემანქანეს - უეს ანსელდს მიანიჭეს. რომელსაც ჰქონდა ორჯერ ნაკლები ქულა (13.8), ოდნავ მეტი (18.2) მოხსნა და რომელიც ოდნავ უკეთესი იყო დაცვაში.

უბრალოდ, ჰაიესის გუნდი (სან დიეგო) 37 მოგებით ვერ შევიდა ფლეი ოფში და ანსელდის ბალტიმორი აღმოსავლეთის დივიზიონის ჩემპიონი გახდა. 57 მოგებით.

ალბათ, ანსელდი უკეთესი გუნდური მოთამაშე იყო, მაგრამ კალათბურთს უკეთ ჰაიესი ყომარობდა. ბევრად უკეთ.

და, ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელსაც არ ათამაშებდნენ სკოლის გუნდში (ბევრ გარბენს აკეთებდა) და პირველმა მწვრთნელმა ურჩია, შვილო, ეს თეთრების სპორტია და იქნებ...მოკლედ, დაისვენეო, უთხრეს ელვინს.

ელვინმა დაისვენა. მერვე კლასის დასრულების შემდეგ, მან დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა. მამა კარტოფილის გამყიდველი იყო. შინ ყოველთვის შვიდ საათამდე ბრუნდებოდა, რომ ოჯახში ეკლესიის საცხობიდან წამოღებული ფაფუკი პური და მისის კოლინზის ცნობილი ფუნთუშები მიეტანა. ელვინს ეს ფუნთუშები ყველაზე უფრო უყვარდა.

მამას გაუკვირდა, როდესაც შვიდ საათზე, სტუმრების ოთახში გაშლილ მაგიდასთან არ იყო ელვინი. დაინტერესედა, სად იყო შვილი. ვერ მიიღო პასუხი და ტრაპეზა გადაიდო. ჩვენ არ დავიწყებთ, სანამ ბიჭი არ შემოგვიერთდება, თქვა მამამ.

ელვინი ერთ საათში გამოჩნდა. ოჯახი მას ელოდებოდა. ბიჭმა მოიხადა ბოდიში, მოწესრიგდა და მიუჯდა მაგიდას. სად იყავი, შვილო? ერთი საათია, რაც გელოდებით. ყველაფერი წესრიგშია? - დაინტერესდა მამა. დიახ, სერ, წესრიგშია, უპასუხა ელვინმა. უბრალოდ, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ვარჯიშს ზედიზედ 20 ზუსტ სროლამდე არ დავასრულებდი. მაპატიეთ, რომ გალოდინეთ, სერ.

და, ჩააგდე მერე, იკითხა მამამ? დიახ, სერ. ბოლო ორი ფარიდან, მაგრამ - ჩავაგდე.

და, ალბათ, საკუთარი თავით ამაყობ, არა?

დიახ, სერ, თუმცა ვიცი, რომ ეს არასაკმარისია. მეტი უნდა ვიმუშავო, მეტი უნდა გავაკეთო. და, ვიცი, რომ მე მეტი შემიძლია, სერ, უპასუხა მამას ელვინმა.

არასაკმარისია რისთვის, შვილო?

სკოლის გუნდში რომ ამიყვანონ. პირველ ხუთეულში რომ დამაყენონ.

შენ აუცილებლად გახდები წარმატებული, შვილო. და, გინდა გითხრა, რატომ?იმიტომ, რომ შენც შემოდგომაზე დაიბადე. ჰაიესებს უყვართ შემოდგომა. ბიძაშენიც ნოემბრის შვილია და ხომ ხედავ, საკუთარი სამრეცხაო აქვს, დიდი კაცია, ყოველ შაბათს სტეიკზე გვპატიჟებს. როდესაც შენც წარმატებული გახდები, ბიძა აუცილებლად სტეიკზე უნდა დაპატიჟო, დაასრულა საუბარი მამამ.

ეს იყო შემოდგომის ლეგენდის დასაწყისი.

ვერ გეტყვით, დაპატიჟა თუ არა ელვინმა წარმატებული ბიძა სტეიკზე, მაგრამ ლეგენდამ იმუშავა. და, ლეგენდასთან ერთად - ელვინის ხასიათმა. მას უბრალოდ, არ სურდა სხვის ჩრდილში დარჩენა და ყოველთვის წინ მიდიოდა. ის არ იყო კმაყოფილი მიღწეულით. მას ყოველთვის მეტი სურდა. და, ის ყოველთვის მეტს იღებდა. ასე იყო მოწყობილი ელვინ ჰაიესი.

ბრიტონის სკოლაში მას არ ჰქონდა სტაბილური სროლა, მაგრამ ჰაიესმა ეს გამოასწორა და მომდევნო სეზონში სკოლის ვარსკვლავი გახდა - ელვინი საშუალოდ 35 ქულას აგროვებდა. ფინალში, რომელიც მისმა გუნდმა 1 ქულით მოიგო, ჰაიესის ანგარიშზე 45 ქულა, 20 მოხსნა იყო. ბუნებრივია, მისტერ ჰაიესი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მამიკო ბედნიერი იყო. და, თამაშს ბიძაც ესწრებოდა, რომელმაც მთელი ოჯახი სტეიკზე დაპატიჟა.

ოდნავ გავუსწროთ მოვლენებს. ელვინ ჰაიესი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდია. ელვინ ჰაიესმა შეცვალა ეს პოზიცია. ის კიდევ უფრო მიუახლოვდა ფარს და თითქმის მთელ დროს ცენტრის ტერიტორიაზე ატარებდა.

ჰაიესმა NBA-ს კარიერა 1 303 მატჩით (ერთ-ერთი გამორჩეული შედეგი ისტორიაში) და 50 000 წუთით დაასრულა. და, 16 სეზონში მისტერ ჰაიესმა მხოლოდ 9 (!!!) მატჩი გამოტოვა. და, ვინმე ეი სი გრინს რკინის კაცს დაუძახებს?!

ჰაიესი მეოთხეა 16 279 მოხსნით. ჰაიესი პირველ ათეულშია 27 313 ქულით. და, ელვინმა ძალიან დიდი კალათბურთი ითამაშა. ის სამაგალითო სპორტსმენი გახდა. ყველა დროის კოლექციონერებში ელვინი მეათეზე ზის. და, ბიჭმა ეს დაიმსახურა. ერთადერთი მინუსი - მძიმე ხასიათი. და, ისიც, მხოლოდ გუნდში. გულშემატკივრებს ელვინი უყვარდათ.

ელვინ ჰაიესი: ბავშვობაში წამაკითხეს ჯეკილი და ჰაიდი. ჩემი ცხოვრებაც ეს იყო. საკუთარ თავს ვერ ვუძალიანდებოდი. საკუთარი თავის მეშინოდა, მაგრამ ამავე დროს, საკუთარ თავს ვენდობოდი. ალბათ, ეს ხასიათი დიდი სამეგობროს შექმნაში ვერ დამეხმარა, მაგრამ ამ ხასიათით ჩემი უფლებები, ჩემი სიტყვა დავიცავი.

და, ელვინი მართალი იყო.

ლუიზიანაში, რეივილის დასახლებაში წესრიგს რასიზმი ამყარებდა. რასიმზი იმ დასახლების შერიფი იყო. ტკივილი, სტრესი, ყოველთვის შემდეგი თეთრკანიანის შემდეგ - ჰაიესი ამას შეეჩვია და მოედანზე მგელივით იცავდა საკუთარ ტერიტორიას. და, როდესაც დაიცავდა, უკვე ლომივით მძიმე და ზარმაცი ხდებოდა.  

ელვინ ჰაიესი: მამა ყოველთვის მეუბნებოდა, დაიცავი საკუთარი თავი და დაიცავი ყველა, ვინც - გიყვარს, მაგრამ ეს ღირსეულად გააკეთე. ამაზე კარგი რჩევა ჩემთვის არასოდეს მოუციათ.

და, ელვინი ღირსებას ღირსეულად იცავდა. მაღალი, ნიჭიერი ბავშვი მიიწვია ჰიუსტონის უმაღლესმა სასწავლებელმა. ჰაიესი ამ დაწესებულებაში მეორე აფრო-ამერიკელი ათლეტი გახდა. შენობაში 20 000 სტუდენტი სწავლობდა. და, მხოლოდ 100 - შავკანიანი.

ჰაიესი საკალათბურთო გუნდის მწვრთნელმა, გაი ლიუისმა შეიფარა. ელვინი თითქმის ყოველდღე გემრიელ კერძებს აგემოვნებდა და კვირაში ერთხელ ლიუისები მას ქალაქში ყველაზე გემრიელ და ჰაეროვან ნაყინზე პატიჟებდნენ. ელვინის ცხოვრება შეიცვალა. როდესაც ავტოსადგომზე გაი ლიუისს ერთმა სტუდენტმა შავების უკანალის საწმენდი უწოდა, ელვინმა კინაღამ მოკლა ის ბიჭი. რომელიც გადაურჩა სიკვდილს. და, გადარჩა ელვინიც.

და, ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ ერთ შეხვედრას. რომელშიც ჰიუსტონი UCLA-ს შეხვდა. მატჩი, რომელიც მთელ ამერიკას უნდა ენახა.

უდიდესი პატივი და აღიარება. და, ეს ელვინ ჰაიესმა გააკეთა. რომელიც ფინალის წინ ვერ დაიძინებს, ინერვიულებს და მაინც მზად იქნება. ის ხომ იქ, მოედანზე ღირსების დასაცავად გადიოდა. ყველაფერი ისე, როგორხ მას მამიკომ ურჩია.

ჰიუსტონში ჰაიესმა შექმნა ძალიან ძლიერი გუნდი და ძალიან ძლიერი ლიდერი - ელვინ ჰაიესი. ბიჭმა საკუთარი თავი შეცვალა, გააუმჯობესა საშუალო სროლა და მოხსნაზე მანქანა გახდა. 

UCLA იყო ლიუ ალსინდორი, რომელიც ძალიან მალე ქარიმ აბდულ-ჯაბარი გახდება.

ასტროდომში ამ მატჩის სანახავად 52 693 გულშემატკივარი მივიდა. ალსინდორს თვალი ჰქონდა ნატკენი. მაგრამ ჯანმრთელი თვალითაც, ლიუ ვერ გააჩერებდა იმ მანქანას, რომელმაც დამარხა UCLA.

ალსინდორმა რესპექტაბელური 15 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. და, ძირითადის დასრულებამდე 28 წამით ადრე ლიუ ელვინზე დაჯარიმდა.

ელვინ ჰაიესი: ალბათ, არავის არ ეგონა, რომ ორივე სროლას ზუსტად შევასრულებდი. იმ სეზონში საჯარიმოების მხოლოდ 60 პროცენტი მქონდა ჩაგდებული.

და, ჰაიესმა ორივე სროლა გამოიყენა. საბოლოო ანგარიში - 71:69, ჰიუსტონის სასარგებლოდ. საკოლეჯო დონეზე, ეს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მატჩია.

ელვინ ჰაიესმა 39 ქულა და 15 მოხსნა დასვა. სეზონის ბოლოს, ჰაიესი, რომელიც საშუალოდ 36.8 ქულას და ოცამდე მოხსნას იღებდა, The Sporting News-ის ვერსიით, ამერიკის საუკეთესო კოლეჯ-მოთამაშედ დაასახელეს.

შემოდგომის ლეგენდები.

ელვინის NBA-ს კარიერა შტორმივით გაიხსნა.

პირველ ათ მატჩში ის სტაბილურად აგროვებდა სულ მცირე, 22 ქულას და 8 ნოემბერს, ბალტიმორთან წაგებულ მატჩში 30 ქულა და 26 მოხსნა დასვა. უეს ანსელდმა 3 ქულა და 14 მოხსნა აკრიფა. ჰაიესი დომინირებდა.

13 ნოემბერს, დეტროიტთან 2 ქულით მოგებულ ჩეხვაში ჰაიესმა 54 ქულა და 22 მოხსნა გლიჯა პისტონზს. ტერმინატორი მისიაზე იყო. და, ეს მისია ყველას განადგურებაა.

მძიმე ხასიათის გამო ელვინ ჰაიესი ვერ დარჩა სან დიეგოში და ვერ გაჩერდა საყვარელ ჰიუსტონშიც, სადაც ის ფანებისთვის ჯერაც ღმერთი იყო.

ჰაიესი შეუწყვილეს ვაშინგტონში ანსელდს. და, ბევრი წარუმატებელი რეგულარულის შემდეგ, ელვინი ჩემპიონი გახდა. ფინალში, ვაშინგტონმა 4:3 წააქცია სიეტლი - გუნდი ვარსკვლავის გარეშე. იმ სიეტლმა იომა, მაგრამ ჰაიესი ფინალში 20.7 ქულას და 11.9 მოხსნას აგროვებდა. ანსელდი აკონტროლებდა დაცვას და გუნდმა მოიგო მეშვიდე მატჩი 105:99. ფინალური სერიის MVP გახდა ანსელდი. და, ამ ტიტულს ელვინი იმსახურებდა. ანსელდი კიდევ ერთხელ დააყენეს ჰაიესზე წინ.

 ეს იყო ლეგენდარული ელვინ ჰაიესი.

რომელიც უძლებდა კონკურენციას, საკუთარ თავს და ბავშვობის 18-წლიან ტკივილს.

რომელმაც მამიკოს ყველა რჩევა დაიმახსოვრა, დაიცვა ღირსება და, იცით?

მამიკო მართალი აღმოჩნდა.

შემოდგომა ჰაიესებისთვის იღბლიანი იყო. ჯერ ბიძა და მისი წარმატებული ცხოვრება.

და, ელვინი, რომელიც კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დაუფასებელი ვარსკვლავია.

შემოდგომის ლეგენდა.