ლებრონი თუ ლეგენდა?

ლარი ბერდმა და არვიდას საბონისმა კალათბურთი შემაყვარეს. და, ლარი ჩემი პირველი დიდი სიყვარული იყო.

ლებრონ ჯეიმსი ერთადერთია, რომელსაც სან ანტონიოსთან ტერორს და დომინაციას ვპატიობ. ლებრონი ჯოკერია. ლებრონიც მიყვარს.

ლარი ბერდმა ზედიზედ სამჯერ რეგულარულის საუკეთესო მოთამაშის პრიზი შეაფუთინა, ბოსტონში დაიტოვა.

ლებრონ ჯეიმსმა სტაბილურობით მოკლა ლიგა და ყველაზე გავლენიანი, შეუცვლელი და მთქმელი მოთამაშეა. შეიძლება, სპორტსმენიც.

და, როდესაც ყველა დროის საუკეთესო მესამე ნომერს ასახელებენ, ლებრონი უკვე ლეგენდაზე წინ დგას. ლებრონი მეტია. ლებრონი უფრო მეტი იქნება. ლებრონის ვულკანი კიდევ ბევრს დაწვავს. და, ჯეიმსის ლავაში ლეგენდები იმარხებოდნენ.

ალბათ, დღეს, ყველა დროის სიმბოლურ ხუთეულს რომ ასახელებდნენ, ლებრონი იქ იქნება. მაიკლთან, მეჯიქთან, ტიმისთან და (ალბათ) ბილ რასელთან ერთად, თუმცა მეხუთე ნომერზე ქარიმის ან - შაკის დაყენებაც მოსულა.

და, აქ, ბერდთან გარჩევებში ლებრონი წინ არის.

ლარი იყო ბოსტონი. ლებრონი არ არის კლივლენდი. ლებრონი არ არის მაიამი. ლებრონი არის დრამა და ლებრონი არის მეტი, ვიდრე - კალათბურთი.

 

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): ლარი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა. მეჯიქთან ერთად. ამ კალათბურთზე ვიზრდებოდით. მაგრამ ჯეიმსი ძალიან დიდია. ლარის კალათბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ინტელექტი აქვს. ჭკვიანი, დახვეწილი. ლარი დროს უსწრებდა, მაგრამ ჯეიმსი წინ არის. დღეს, ყველა დროის ხუთეულში ალბათ, 90 პროცენტი ლებრონს დააყენებს და მხოლოდ 10 - ბერდს. მე ბერდი მირჩევნია, მაგრამ ჯეიმსი უკვე წინ არის.

 

და, ეს ფაქტია.

და, ეს ლებრონია.