შოთა არველაძე: მე რუსეთის ნაკრებში? არა. კლუბი ერთია, ნაკრები - მეორე...

შოთა არველაძე რუსულ მედიას სხვადასხვა თემებზე ესაუბრა, მათ შორის, საქართველოს ნაკრებიდან მიწვევაზე და პოლიტიკაზეც. შემოკლებით გთავაზობთ:

 

- რუსეთის რომელი კლუბებიდან გქონდათ წინადადება?

 

- 2016 წელს კრასნოდარის ხელმძღვანელებს შევხვდი. ვილაპარაკეთ და ეს იყო. ისინი სხვადასხვა ვარიანტებს არჩევდნენ და სხვა მწვრთნელი დანიშნეს. იყო ყუბანიდან ინტერესი, როცა პრემიერლიგაში იყვნენ. რუბინიდანაც, მაგრამ იმ დროს თურქეთში ვმუშაობდი და მაშინვე ვუთხარი, ვერ წამოვიდოდი.

 

- საქართველოს ნაკრებიდან უფრო ხშირად გიწვევდნენ?

 

- იყო ასეთიც, მაგრამ უარზე ვიყავი. პირველად ეს მოხდა მაშინ, როცა კარიერა დავასრულე. მინდოდა, რომ ჯერ გამოცდილება მიმეღო, ლუის ვან გაალის ასისტენობისას ბევრს ვისწავლიდი. ნაკრებში ჩემი მეგობრები თამაშობდნენ და ასეთ სიტუაციაში მწვრთნელობა პრაქტიკულად შეუძლებელია. პირველივე წუთიდან უნდა ამეკრძალა მათთვის ისეთი რამ, რასაც მეც ვაკეთებდი. მაგალითად, გვიან ღამემდე კარტის თამაში. მეორედ კი ნაკრების მწვრთნელობა მაშინ შემომთავაზეს, როცა კახა ცხადაძე ფედერაციას ახალ კონტრაქტზე ვერ მოელაპარაკა. მე მთავაზობდნენ ცხადაძის შეცვლას, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს ლამაზი არ იქნებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად მოხდა: მოიყვანეს ვლადიმირ ვაისი, მან ბევრი მატჩი მოიგო და იმედი მაქვს, საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს.

 

- ადრე თქვით, რომ საქართველოში პრემიერმინისტრობა უფრო იოლია, ვიდრე ნაკრების მწვრთნელობა.

 

- რა თქმა უნდა. რეფორმებზე და ეკონომიკაზე ბევრი არ დაგიწყებს ლაპარაკს, აი, ფეხბურთი კი ყველას შენზე უკეთ ესმის. რად მინდოდა? ფეხბურთელს გოლი რომ ვერ გააქვს, მწვრთნელს აგინებენ. არადა, მე არ ჩამიწოდებია და არ დამირტყამს. საერთოდ მინდორზეც არ ვარ, სკამზე ვზივარ.

 

 

- პოლიტიკური ამბიციები არ გაქვთ?

 

- არა. მაქვს ამბიცია, რომ ვიცხოვრო დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც პირველ ადგილზე დგას კანონი, სადაც ხალხს ნორმალურად ცხოვრება შეუძლია, ერთმანეთს პატივს სცემენ, არ ქურდობენ, არკლავენ და ტურისტებიც ეტანებიან. მშვიდობიანად იცხოვრონ მეზობლებთან ერთად: რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. მინდა ვნახო ასეთი ქვეყანა უფრო ადრე, ვიდრე ჩემი შვილიშვილები ნახავენ. რა არის ამაში რთული? საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია. ცუდად მოქმედებს, რომ ქვეყანაში, სადაც სამოთხესაც კი გააშენებ, პოლიტიკოსებს შეუძლიათ ხალხს სულში ჩააფურთხონ.

 

- თქვენს მეგობარ კახა კალაძეს შეუძლია გააკეთოს ის, რაზეც საუბრობთ?

- ის ნიჭიერი, ქარიზმატული და ამბიციური პოლიტიკოსია, რომელმაც ბევრს მიაღწია და შეუძლია, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსიც გახდეს. ერთ-ერთი იმათგანია, რომლებსაც შეუძლიათ კბილებით საქმის გატანა. ფეხბურთელიც ასეთი იყო: ძლიერი ხასიათით, დისციპლინით. მარტო კალაძე ვერ მოერევა საქმეებს. ვარდების რევოლუციის მერე ბევრი რამ შეიცვალა. როცა ახალი მთავრობა რეფორმებს ატარებდა, მთელი ქვეყანა ეხმარებოდა. გაჩნდა ის, რაც ახლა გვაქვს: უამრავი აშენებული ობიექტი, ევროპის ნებისმიერი წერტილიდან იოლია საქართველოში ჩასვლა, უვიზო რეჟიმია. შედეგი: ყოველწლიურად 9 მილიონი ტურისტი მოდის საქართველოში. ხუთი წლის წინ საქართველოს ბანანის რესპუბლიკასავით უყურებდნენ, ახლა კი ადვილად შეგვიძლია საზღვრების გადაკვეთა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში.

 

- 2010 წელს დიკ ადვოკაატი გიწვევდათ თავის ასისტენტად რუსეთის ნაკრებში. თქვენ განაცხადეთ: „ჯერ არ შემიძლია, ძალიან ბევრი ტკივილი მივაყენეთ ერთმანეთს“. ახლა დათანხმდებოდით?

 

- არც ახლა. ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები- ბათუმში. მახსოვს, როგორი შიში იყო და დავიწყება რთულია. კლუბში მუშაობა ერთია, ნაკრებში - მეორე.  2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზზეც ვერ ჩამოვედი. რუსებს არ გჭირდებათ საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა, ჩვენ კი რუსეთში - გვჭირდება. მთელი დოკუმენტები უნდა შემეგროვებინა, საელჩოში უნდა მერბინა და ეს დროს წამართმევდა. მოსკოვში 2002 წლის მერე არ ვიყავი ნამყოფი და მხოლოდ წლეულს თებერვალში მოვხვდი.  სპარტაკთან ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით და ყველაფერი სუპერი იყო: მოსკოვიც, ამინდიც.  18-წლიანი შესვენების მერე ჩამოსვლა... დაბადების დღის აღნიშვნაც მაგარი გამოვიდა.