უცნაური ფინალი: როცა ხალხი მინდორზეა... (+Video)

ისტორიას თუ გადავხედავთ, ლევერკუზენი ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო კლუბია ევროპაში. რამდენჯერ იყო ახლოს ბუნდესლიგის ჩემპიონობასთან, ან რამდენჯერ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე - როცა თითქოს უკვე გასული ჩანდა... ან ვისაც ახსოვს 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი რეალთან და ბოლო წუთები: შტურმი, იკერ კასილიასის ვეფხვობები, როცა ბურთი სასწაულად არ შედიოდა მადრიდელთა კარში.

 

ლევერკუზენს ერთი ევროთასი მაინც აქვს და აი, მაშინ ბედს ვერ დაემდურებოდა. ეს 1988 წელს, როცა უეფას თასის ფინალში სტუმრად 0:3 ჰქონდა წაგებული ესპანიოლთან, შინ კი 3:0 მოიგო და პენალტების სერიაში დაამთავრა საქმე.

 

 

ის მატჩი სხვა ამბით შევიდა ისტორიაში: პენალტების სერიის დროს მაყურებლები მინდორზე იყვნენ... დიახ, არა ტრიბუნებზე, არამედ პირდაპირ მინდორზე, მწვრთნელ-ფეხბურთელების გვერდით.

 

მიზეზი? მატჩი მიმდინარეობდა სტადიონ „ულრიხ ჰაბერლანდზე“, რომელსაც რეკონსტრუქცია უტარდებოდა. ორი წლით ადრე აღმოსავლეთი ტრიბუნა განაახლეს, ხოლო იმ ფინალის პერიოდში დასავლეთს არემონტებდნენ. მდგომარეობა უსაფრთხო არ იყო...

 

აი, რას წერს Kicker-ი: „დღევანდელი სტანდარტებით, იმ მატჩს ლევერკუზენის სტადიონზე არავინ ჩაატარებდა. გამორიცხულია. თანაც, სამი წლით ადრე იყო მომხდარი ბელგიაში ეიზელის ტრაგედია“.

 

ლევერკუზენის ბოსებმა უეფაში ყველაფერი გააკეთეს, რათა ფინალის საპასუხო მატჩი სწორედ „ულრიხ ჰაბერლანდზე“ ჩატარებულიყო. მეორე დღეს ესპანური პრესა ბევრ ნეგატიურს წერდა, უეფაშიც განიხილეს მომხდარი და ლევერკუზენს ფულადი ჯარიმა გამოუწერეს მაყურებელთა უდისციპლინობისთის, მაგრამ ტიტული შერჩათ.

 

პენალტები როცა იწყებოდა, მაყურებლები ტრიბუნებიდან ჩამოხტნენ. ვინ სად იდგა, არ გაიგებოდა... როცა გერმანელები ურტყამდნენ, ლევერკუზენის მწვრთნელი ერიხ რიბეკი ესპანიოლის მეკარე ტომას ნკონოს კარს უკან, სამ მეტრში იდგა. ესპანიოლის მწვრთნელი ხავიერ კლემენტე ფანებს შორის ძლივს ჩანდა - ნერვულად ეწეოდა სიგარეტს.