NBA და, ის ერთი დღე

1983. 13 დეკემბერი. კოლორადო

ჩვეულებრივი დეტროიტ პისტონზი, რომელიც ჯერ შორს იყო საჩემპიონო ბანდისგან ჩავიდა დენვერში. რომელიც ყოველთვის შორს იყო ჩემპიონობისგან.

დეტროიტი (10:12) და დენვერი (11:11) ლიგას საოცარ, დაცვაზე აცრილ სპექტაკლს შესთავაზებენ, რომლის მონაწილეებიც სამუდამოდ შევლენ კალათბურთის ისტორიაში.

დეტროიტში ჯერ არ არიან ჯო დუმარსი (1985-დან დაიწყებს), დენის როდმანი (1986-ში აინთება), მარკ აგირე (1989-ში გადავა დალასიდან), ჯეიმს ედვარდსი (1987/1988-ში აიყვანენ). და, გუნდში პრობლემებს (ქმნის) და აგვარებს აიზია ტომასი. საოცარი გამთამაშებელი, რომელსაც კარიერაში სტატისტიკურად საუკეთესო პერიოდი აქვს. 1982/1983 წლების რეგულარულიდან მისტერ ტომასი ზედიზედ ოთხჯერ დააგროვებს საშუალოდ 20+ ქულას და 10+ შედეგიან გადაცემას.

კლასიკა.

დეტროიტის სასტარტოში ჯერ არ იდგნენ სადისტი დამცველები, მაგრამ აიზიას ჰყავდა ბილ ლემბირი. კარგი, სანდო ცენტრი ბინძური დაცვით და ძალიან კარგი სროლით. ბილისაც ხოშიანი სერია ჰქონდა - ზედიზედ შვიდი სეზონი საშუალო ორმაგი დუბლით. ამ კონკრეტულ სეზონში 17.3 ქულა, 12.2 მოხსნა.

იქვე დარბოდნენ კარგი მსროლელი ჯონი ლონგი (16.3 ქულა) და მხეცი შემტევი კელი ტრიპაკა (21.3), რომელსაც ერთი წლის წინ 26.5 ქულა ჰქონდა. ხუთეულს ავსებდა მძიმე ფორვარდი კლიფ ლევინგსტონი. ჩვეულებრივი დიდი ბიჭი, რომელიც 11 წლის განმავლობაში ერთადერთხელ ავიდა საშუალოდ 10 ქულაზე.

და, დენვერში მკვლელი შემტევების მთელ ანსამბლი იდგა.

დენ აიზელი - მიმწოლი ცენტრი, რომელმაც NBA-ს კარიერა 20.4 ქულით და 7.4 მოხსნით დახურა. იმ სეზონში - 19.8 ქულა.

კიკი ვანდევეი - ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი ინდივიდუალისტი. მიეცი ბურთი და ის პრობლემას მოაგვარებს. იმ სეზონში - კარიერის რეკორდი, 29.4 ქულა. დაგლიჯა. ვანდევეი ამ სეზონში ორჯერ 50+ქულას აიღებს და შემდეგი სეზონიდან პორტლენდში ირბენს.

ალექს ინგლიში, რომელიც ერთი წლის წინ 28.4 ქულით ლიგის საუკეთესო სნაიპერი გახდა და ამ სეზონში დენვერს 26.4 ქულა, 5.7 მოხსნა და 5.0 პასი მისცა. ლიდერი.

სასტარტოში იდგნენ თი არ დანი (მსროლელი) და რობ უილიამსი, რომელმაც 10.2 ქულა დასვა და საინტერესო პერსპექტივა ჰქონდა. და, ეს პერსპექტივა ზედმეტი წონის პრობლემამ მოკლა. თავის დროზე, უილიამსი ჰიუსტონის კოლეჯში აკიმ ოლაჯუონთან და კლაიდ დრექსლერთან ერთად იდგა.

თამაში დაიწყო და გუნდებმა აკრიფეს.

ოთხივე მეოთხედში ისინი სულ მცირე, 30 ქულაზე ადიოდნენ და იმდენად გაერთნენ ამ ჰიპ ჰოპში, რომ ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოვლინა.

წავიდა დამატებითი დრო. და, კიდევ ერთი იქსი.

დაიწყო მეორე დამატებითი ხუთი წუთი. და, კიდევ ერთი თანაბარი ანგარიში.

მესამე ოვერთაიმის დაწყებამდე ტაბლოზე აინთო 171:171.

საგიჟეთი ბოლოს და ბოლოს, დასრულდა. დეტროიტმა მოიგო 186:184. და, ეს იყო ყველაზე შედეგიანი გარჩევა ლიგის ისტორიაში.

4 მოთამაშე (ტომასი 47, ლონგი 41 - ვანდევეი 51, ინგლიში 47) ადის 40 ქულაზე. ლიგის ყველა დროის რეკორდი. ტომასმა 17 პასიც გაშანსა.

ყველაზე მეტი ქულა ერთი გუნდის მიერ - 186. რეკორდი.

ყველაზე მეტი ქულა წაგებული გუნდისგან - 184. რეკორდი.

ყველაზე მეტი ზუსტი სროლა ორი გუნდისგან - 142. რეკორდი.

ყველაზე მეტი ზუსტი სროლა ერთი გუნდისგან - 74. რეკორდი.

ყველაზე მეტი პასი ორი გუნდისგან - 93. რეკორდი.

და, დავიმახსოვროთ ორივე გუნდი.

 

დეტროიტი: 11 - ტომასი, 40 - ლემბირი, 25 - ლონგი, 7 - ტრიპაკა, 53 - ლევინგსტონი (23 - ერლ კიურტონი, 41 - ტერი ტაილერი, 15 - ვინი ჯონსონი, 24 - რეი ტოლბერტი, 54 - კენტ ბენსონი, 33 - უოკერ რასელი, 22 - დევიდ სერდკილი).

დენვერი:  55 - ვანდევეი, 2 - ინგლიში, 23 - დანი, 44 - აიზელი, 21 - უილიამსი (5 - მაიკ ევანსი, 24 - ბილ ჰანზლიკი, 34 - დენი შეიესი, 35 - რიჩარდ ანდერსონი, 32 - ჰოვარდ კარტერი, 33 - კენი დენარი).

 

ეს იყო საგიჟეთი.