დუდუ დადიანი

ამ ახალგაზრდა კაცთან პირისპირ გასაუბრება ყოველთვის იმედს გაძლევდა. და, შენ უკვე ფიქრობდი იმაზე, რა მოხდება, როგორ დაგეხმარება ცხოვრება და აღარ ფიქრობ იმაზე, რაც იყო. რად გინდა წარსულზე ფიქრი, უთხრა ერთხელ უფროს მეგობარს ამ ახალგაზრდამ... მოდი, ახალი წრე დაიწყე და ბოლომდე მოიკრიბე ძალა.

ეს იყო დუდუ დადიანის და მისი უფროსი მეგობრის საუბარი. დუდუსთან იმ დროს ბევრი მიდიოდა. საქართველოში არავის არ ულხინდა და დუდუ ბევრს ედგა გვერდში. საქმით, სიტყვით, მოქმედებით, რჩევით.

და, თითქმის ყოველთვის, მასთან საუბრის შემდეგ სახეზე ღიმილი, იმედი გემჩნეოდა. თითქოს, ამ საუბარმა გამოგაღვიძა, აზრზე მოგიყვანა. ეს რჩევა არ იყო იმდენად ძლიერი, რომ შენ თავი დაგეხარა. ეს იყო მეგობრის რჩევა, რომელშიც გვერდში დგომა და იმედი იგრძნობოდა.

 

No description available.

 

დუდუს წასვლით თითქოს, იმ თაობის ყველაზე საინტერესო წიგნი დაიხურა. და, დაიხურა ისე, რომ ბევრი ქვეთავი ჯერ არ დაწერილა. წიგნი იოლად იწერებოდა და უფრო ჰაეროვნად იკითხებოდა, მაგრამ გათენდა ის დილა და გავიგეთ, რომ დუდუ აღარ იყო. და, წიგნი ყველაზე საინტერესო ადგილას დაგვიხურეს, წაგვართვეს.

დადიანი გემოვნებიანი ახალგაზრდა იყო. თავისი ფერადი სამყარო თავისი ხედვით, ერთგულებით და გამტანობით შექმნა და უფრთხილდებოდა. ეს სამყარო ნიღბის გარეშე დადიოდა, ნიღბის გარეშე გეცნობოდა, მაგრამ იქ შესვლა რთული იყო. დუდუ ძირითადად, ზედა, ბევრისთვის მიუღწეველ დონეზე დადიოდა და იქ ასვლა ბევრს არ შეეძლო. ბევრმა საერთოდ არ იცოდა იმ დონის არსებობის შესახებ.

დუდუსთან სტუმრობდი და არ გრძნობდი თავს სტუმრად. უბრალოდ, იცოდი რომ იქ შენ მოგაქცევენ ყურადღებას და მოგისმენენ. თუ შენც ისეთივე ალალი იყავი, როგორც ის, ვინც გისმენდა, იქიდან ბედნიერი წამოხვიდოდი. დუდუ სიმართლეს სიმართლით პასუხობდა.

 

No description available.

 

მახსოვს, ერთ მოთამაშეს დუდუმ რჩევა მისცა, ბიჭო, ქალია, ნივთი ხო არა. ადამიანი უნდა გიყვარდეს და ნივთი - უნდა გამოიყენოო, უთხრა დადიანმა. ალბათ, ის ახალგაზრდაც მიხვდა, რომ ეს საქციელი მას მეტაც კაცად არ აქცევდა. უნდა მიმხვდარიყო.

დუდუსთან ურთიერთობით იცვლებოდი. შეუძლებელია, მას ყველასთვის ბედნიერება მიეტანოს, მაგრამ მასთან ურთიერთობა ცალსახად, გცვლიდა.

დუდუ რომ წავიდა, ტკივილი დიდი იყო. და, იცით? ბევრს ეს ტკივილი დუდუს ცხოვრების დროსაც არ გარიდებია. იმდენად დიდ კვალს ტოვებდა ეს კაცი შენთან საუბრით, შენთან ურთიერთობით. ჰო და, რომ წავიდა, ეს მონატრება ლავასავით წვავდა.

 

No description available.

 

რამდენიმე დღის წინ დუდუს დაბადების დღე იყო. 51 წლის გახდა. განსაკუთრებული, ლამაზი დღე.

ბევრისთვის ეს დღე სიცარიელედ იქცა და უფრო ბევრს დუდუ დღესაც იმ დაუვიწყარ ადამიანად ახსოვს, რომელიც პირისპირ საუბრის დროს იმედს გაძლევდა.

აი, ასე იყო ეს.