იღიმებოდა, იგებდა და იყო!

 

 

 

 

 

 

 

თქვენც მიაქციეთ ყურადღება? ამ ბოლო დროს მასზე წერას ძალიან მოუხშირეს. შეხვალ რომელიმე უცხოური გამოცემის საიტზე, ჩამოჰყვები გვერდს და კითხულობ: კორონა, კორონა, კორონა… უცებ, ის!  თან, გეგონება მოილაპარაკესო, მთავარი თემა ყველას ერთი აქვს: ნიჭით მას ვერავინ აღემატებოდა!

ყველა მისტირის. ყველა ამბობს, რომ იმას, რასაც რონალდო ვარჯიშებზე აკეთებდა, ვერავინ იმეორებდა. კიდევ, ამბობენ რომ აცდენდა. ბაზაზე ღამენათევი მოდიოდა. ანდა პირდაპირ თამაშზე მიგორდებოდა თავისი სპორტსმენისთვის უჩვეულო ღიპით.

თუმცა, მისი პრობლემა მარტო სამბა, რუმბა და ჩა-ჩა-ჩა არ იყო. ტრავმები… ტრავმებმა დატანჯეს. ძალიან სერიოზულმა ტკივილმა გააწამა. ერთხელ, მეტისმეტად დიდი დრო გაუცდა, იმკურნალა. დაბრუნდა და… ხელახლა დაშავდა დიდი ხნით.

კი, მესმის რომ კაცი, რომელიც სულ ქალებში დასუნსულებდა და სადღაც საროსკიპოებში ათენ-აღამებდა, თავსაც ბევრს აკლებდა და ხალხსაც. სასტუმროში, ნასვამი, კახპას რომ აიყვან, გახდი და კაცი შეგრჩება, მერე კი ეს ამბავი მსოფლიოს ისე მოედება, რომ აგერ, ამდენი წლის შემდეგ, იმ ადგილიდან ცხრა მთას იქით, თბილისში ვიხსენებ, აჭრილი ხარ აბა რა, მაგრამ მაინც იმას ვფიქრობ, იქნებ ტრავმებს წლები რომ არ წაერთმია ციდან მეტი ვარსკვლავი მოეწყვიტა, მეთქი.

მის მიმართ ყველანი ასე არა ვართ? ვიცით, რომ ზეციდან იყო გამოგზავნილი, ყველაფერი მოიგო,  მაგრამ იმასაც ვგრძნობთ, ღამის ცხოვრება რომ არა ორჯერ ან სამჯერ გაიმეორებდა იგივეს და თან კიდევ უფრო ფენომენალურად. აი, ამას ვჩივით, თორემ რაც მან გააკეთა, ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელ ხალხს აქვს გაკეთებული.

და კიდევ ერთი. ის იყო ფეხბურთელი ფართე, კეთილი ღიმილით. ამიტომაც უყვარდათ განსაკუთრებით. არავის ეჯიბრებოდა. სვამდა, დაბოზაობდა, იგებდა, იმტვრეოდა და იყო.

 

Ronaldo and the unsolved mystery of the 1998 World Cup Final

 

დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ ქალებშია ნამყოფი, ვიდრე მესი და კრიშტიანუ ერთად.

ზიდანმა მოყვა, „გალაქტიკოში“, ფორმაში რომ ვყოფილიყავით ყველას ბევრი უნდა გვევარჯიშა, მან კი ერთხელ რამდენიმე დღე გააცდინა და რომ დაბრუნდა მორცხვად თქვა, ბიჭებო ბოდიში, ორი გოლი ჩემზე იყოსო. გავიდა და გაიტანაო.

ზიდანმა მოყვა! ამასაც მივაქციოთ ყურადღება.

 

Ja sam najveći protraćeni talenat! | Mondo Portal

 

კასანომ, ერთხელ, დეპორტივოსთან ვაგებდით და მწვრთნელს შესვენებაზე რონალდოს შეცვლა უნდოდა, რადგან პირველ ტაიმში ვერ ივარგაო. რონიმ, გეხვეწებით, 15 წუთი მაცადეთ და თუ ვერაფერი მოვახერხე, მერე გამომიყვანეთო. აცადეს და 15 წუთში 2:1-ს ვიგებითო.

ამ ისტორიას ერთი „მაგრამ“ აქვს: მარკას ჟურნალისტებმა არქივში გაქექეს და აღმოაჩინეს, რომ ასეთი თამაში არ ყოფილა. დეპორტივოსთან… კასანოც რომ ყოფილიყო… რეალს წაგებული მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში რომ შემოეტრიალებინა…

ეტყობა, რაღაც აურია იტალიელმა, მაგრამ ჯერ ერთი მთლად ტყუილსაც რატომ მოიგონებდა და მეორეც, ვთქვათ თავისდა უნებურად ლეგენდა შეუთხზა, ლეგენდებს ვის უთხზავენ, ხომ იცით?

მაიმუნი პაიჭაძემ გახია, იმას კი არ გაუხევია… რა გვარია ის…