ანჩელოტი: ზიდანმა ფეხბურთზე წარმოდგენა შემიცვალა

ევერტონის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ლეგენდარული ფრანგი იუვენტუსში 1996-2001 წლებში ასპარეზობდა. სწორედ ამ პერიოდში, 1999-2001 წლებში ანჩელოტი "ბებერ ქალბატონს" ხელმძღვანელობდა.

 

"ზიდანის დახმარებით სათამაშო სქემა შევცვალე. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ახლებური მუშაობის საშუალება მომცა. იუვენტუსში მუშაობის პირველ წელს 3-4-1-2 სქემას ვიყენებდი. შეტევაში დელ პიერო და ინძაგი მყავდნენ, ხოლო მათ უკან ზინედინი იდგა. შემდეგ წელს 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავედით, თუმცა შეტევაში არაფერი შემიცვლია - წინ კვლავ ორი ფორვარდით ვთამაშობდით და მათ ზურგს ჩვენი ათიანი - ზიდანი უმაგრებდა. 

 

ზინედინმა ფეხბურთზე წარმოდგენა შემიცვალა - ის არნახულად დახვეწილი იყო. მას ყოველთვის სასურველ და საჭირო პოზიციაზე ვათამაშებდი, რადგან ამ შემთხვევაში ზიდანს გუნდისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა", - თქვა ანჩელოტიმ.