ლევან მოსეშვილის დღე

ქართული კალათბურთის რაინდი, ლევან მოსეშვილი დღეს 80 წლის გახდა.

და, მთელი ქართული სპორტი, მთელი ქართული საზოგადოება თავს უხრის უდიდეს ადამიანს, რომელიც კალათბურთის კარგი მეგობარი იყო.

დინამოს ისტორიული (1962) გამარჯვების ერთ-ერთი შემქმნელი ამ მატჩს თითქმის არასოდეს არ იხსენებდა. როდესაც კონკრეტულად რეალის წინააღმდეგ თამაშზე დაველაპარაკე, მიპასუხა, კი, კარგი თამაში იყო. და, მეტი არაფერი. უბრალოდ, კარგი თამაში იყო. და, ჩვენ ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდ გუნდურ წარმატებაზე ვსაუბრობთ.

რეალი კარგი, მაგრამ ნახევარფინალი არ გაინტერესებსო, მკითხა დიდმა კაცმა. დიახ, როგორ არ მაინტერესებს, სიამოვნებით მოგისმენთ-მეთქი.

აი, ცსკა-ს რომ მოუგებ და მაინც სათანადოდ არ დაგაფასებენ, ხვდები, რამდენად არ სურდათ ჩვენი მოგება? ხვდები, რამდენად მოულოდნელი იყო ჩვენი მოგება?

დიახ, ვხვდები, ვუპასუხე ბატონ ლევანს, რომელსაც გაეცინა, აი, ხომ ხედავ, შენც უფრო რეალი გაინტერესებს და მე რომ მკითხო, ის ცსკა იმ რეალზე ძლიერი იყოო. მართლა ასე ფიქრობთ, ბატონო ლევან? კი, და, რატომ არ უნდა ვიფიქრო? საოცარი გუნდი ძალიან ძლიერი მოთამაშეებით. და, რომ მოვუგეთ (მოსკოვში, პირველი ჩეხვა 75:71 და თბილისში, 77:66, ავტ.), ამას სათანადო ყურადღება არ დაუთმეს. ალბათ, ცსკა-ს რომ მოეგო, უფრო ვრცლად გაარჩევდნენ.

ალბათ, გაარჩევდნენ. დინამომ იმ სეზონში ევროპის ორ ტიტანს მოუგო.

და, ის დინამო იყო გურამ მინაშვილი, ილარიონ ხაზარაძე, ვალერი ალთაბაევი, ვლადიმერ უგრეხელიძე, ანზორ ლეჟავა, ამირან სხიერელი, ალექსანდრ პეტროვი, ალექსანდრე კილაძე, რევაზ გოგელია.

და, ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიამოვნებით დაგელაპარაკებოდა კალათბურთზე. ეს ხომ მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო.

ლევან მოსეშვილი. რომელიც დღეს 80 წლის გახდა. ყველას გილოცავთ.