ბიძინა ბარათაშვილი: ბერტონი, ბორგი და დოქტორ ჯეი

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტს ბიძინა ბარათაშვილს წარდგენა არ სჭირდება. უბრალოდ, მას ყველა იცნობს. უმეტესობა - მეგობრობს. დანარჩენთან - ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი არ მეგობრობს.

და, ბიძინასთან საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულია. ალბათ, იმიტომ, რომ ამ ადამიანს აქვს მოსმენის და ახსნის განსაკუთრებული უნარი. და, კიდევ იმიტომ, რომ - საოცრად ერუდირებული და სასიამოვნო მოსაუბრეა. და, იმიტომაც, რომ ცოდნით მდიდარია.  

მოკლედ, დღეს, ბიძინა ბარათაშვილი (Silk TV-ს გენერალური პროდიუსერი) ბიძინა ბარათაშვილის სამ საყვარელ სპორტსმენზე გვესაუბრება.

 

დანიელ ბერტონი (არგენტინა, ფეხბურთი, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, გამცირებდა ორივე ფეხით)

ბიძინა ბარათაშვილი: საოცრად ტექნიკური და დასამახსოვრებელი სტილის მქონე მოთამაშე. ძალიან ძლიერი ინდივიდუალურად, იმ თაობის ერთ-ერთი გემოვნებიანი ფეხბურთელი, რომელსაც ერთი არასტანდარტული გადაწყვეტილებით შეეძლო მთელი მატჩის მსვლელობის შეცვლა. ბერტონიმ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. და, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არგენტინელი იყო.

 

ბიორნ ბორგი (შვედეთი, ჩოგბურთი, მოიგო დიდი სლემის 11 ტურნირი, ჰყავდა ლორედანა ბერტე)

ბიძინა ბარათაშვილი: შვედები ისევე, როგორც ქართველები საკუთარი რეგიონის საუკეთესო წარმომადგენლები არიან. შვედებმა იციან საკუთარი თავის ფასი და აქვთ გემოვნება. ბორგი, ისევე, როგორც ლეგენდარული ინგემარ სტენმარკი, თავის სახეობაში გამორჩეული იყო. სტენმარკის შემთხვევაში, სამთო თხილამურებში საერთოდ ბევრი რამის შეცვლა გადაწყვიტეს. იმდენად ძლიერი, პრაქტიკულად, დაუმარცხებელი იყო შვედი. ბორგი ეპოქალური სპორტსმენია. იგებდა უემოციოდ და მაინც სხვაზე ბევრად ემოციური და ეფექტური იყო.

 

ჯულიუს ირვინგი (ამერიკის ერთ-ერთი შტატი, NBA, გახდა ჩემპიონი ფილადელფიაში, იცოდა ფრენა)

ბიძინა ბარათაშვილი: დოქტორ ჯეი რომ ვნახე, დავრწმუნდი, რომ NBA-ში ფრენა იცოდნენ. იყვნენ ირვინგზე ძლიერი მოთამაშეებიც, მაგრამ მან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან მიყვარს ემანუელ ჯინობილი, მაგრამ ალბათ, ჯულიუსმა მეტი მომცა. იმ დროს NBA-ს ტრანსლირება არ ხდებოდა და ფრაგმენტულად, ჩანაწერებით ვეცნობოდით ამ ლიგას. ირვინგი კალათბურთის ერთ-ერთი დიდი ელჩი და ჩემი საყვარელი კალათბურთელი იყო. დღემდე არის.

 

ეს იყო ბიძინა ბარათაშვილი. და, ჩვენ დავბრუნდებით.

P.S. ფოტოზეც შვედია, რომელმაც მოწიწებით სთხოვა ბიძინას, თუ შეიძლება, ერთი ფოტოო რა...