Black Lives Matter

 

 

 

 

 

 

 

კორონავირუსული პაუზის შემდეგ, პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება და კლუბებმა ვარჯიშები უფრო ინტენსიური გახადეს.

ლივერპულმა, რომელსაც ჩემპიონობამდე მხოლოდ ორი გამარჯვება აკლია, ენფილდზე  გამართა მატჩი, მათ ერთმანეთში ითამაშეს ამხანაგურად. თამაში, ცხადია, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა. კლუბის მესვეურთა თქმით, ასეთი გამოცდილება ფეხბურთელებს უმაყურებლო ატმოსფეროს შეაჩვევს. მოგეხსენებათ, დარჩენილი შეხვედრები პრემიერლიგაში მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

თამაშის წინ მათ პატვი მიაგეს ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას, რომელიც აშშ-ში პოლიციელს შემოაკვდა და ამის მიზეზით, ლამის მთელი ამერიკა მღელვარებამ მოიცვა. პოლიციელი დერეკ ჩაუვინი დააპატიმრეს, მაგრამ გამოსვლები არ წყდება და როგორც სამშაბათს ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, გამორიცხული არ არის მთავრობამ ეროვნული არმიის ქვედანაყოფები გამოიყენოს დემონსტრანტთა წინააღმდეგ.

 

No description available.

 

ლივერპულის ფეხბურთელებმა პატივისცემის ნიშნად სტადიონის ცენტრში ჩაიმუხლეს.

ლაღად გამოიყურებოდნენ ლიდერები, სადიო მანე და ნაბი კეიტა. აი, ჟორჟინიო ვეინალდუმი კი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ნიდერლანდელს მცირე ტრავმა აწუხებს და მწვრთნელები მის ბრძოლაში ჩართვას მოერიდნენ.

კლოპის თანაშემწემ, პეპეინ ლინდერსმა, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს უთხრა: „არაჩვეულებრივი შეგრძნბა იყო ამ დიდებულ სტადიონზე დაბრუნება. ის ჩვენი სახლია - მეორე, საკუთარი სახლების შემდეგ. მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვივარჯიშეთ და მისი დამთავრება ენფილდზე შესანიშნავი გამოცდილება გახლდათ.

გვინდოდა ფეხბურთელებს უმაყურებლო სტადიონზე თამაშის პრაქტიკა მიეღოთ. ჩვენ საკუთარი პრინციპების ერთგულნი ვრჩებით და ნელ-ნელა ვუბრუნდებით დონეს, რომლზეც კორონავირუსის მიზეზით გამოწვეულ პაუზამდე ვიყავით.“

ტრიბუნაზე რამდენიმე სპეცტანსაცმლიანი ადამიანი იჯდა, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მზად იყვნენ ბურთები საგანგებო ხსნარებით დაემუშავებინათ.

ლივერპული პრემიერლიგის პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის მხარდასაჭერ აქციაში - Black Lives Matter- მიიღო მონაწილეობა. მერსისაიდელთა ჭაბუკი შემტევი, რიან ბრიუსტერი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით, სუონსიში თამაშობს, აღფრთოვანებული დარჩა ამ ჟესტით და საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა: „ეს აქცია ფლოიდის თემას სცილდება და დიდი ერთიანობის მიმანიშნებელია.

 

Thousands of Black Lives Matter activists march on Downing Street ...

 

სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი შეგონებების მიუხედავად, რასიზმი კვლავაც არსებობს და ფერადკანიანი ადამიანების დისკრიმინაცია ისევ გრძელდება. არადა, გარეთ 2020 წელია.

ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიებს. ჩვენ თანასწორობა გვინდა.“

ბრიუსტერს მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდიც დაეთანხმა: „რამდენიმე დღე ვდუმდი. უბრალოდ, მსურს გავერკვე, რა ხდება მსოფლიოში. ადამიანებს სტკივათ და კითხვებზე პასუხებს ელიან. ახლა ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიაობა და სოლიდარობა. ეს ხომ ადამიანების სიცოცხლეებს ეხება. აფროამერიკელთა საკითხი ისევ მწვავედ დგას.“ - დაწერა თავის ტვიტერზე რაშფორდმა.