ლეიკერსის დიდი შეცდომა

2004. დეტროიტი ჩემპიონია.

დეტროიტმა ფინალში დალეწა, გადახსნა ლეიკერსი, რომელიც ბოლო სერიისთვის უბრალოდ, მზად არ იყო.

ლეიკერსმა ფინალამდე კომფორტულად გადატეხა მუხლზე ჰიუსტონი )4:1), დერეკ ფიშერის ჯადოსნური სროლით (0.4) წაართვა უპირატესობა სან ანტონიოს (4:2) და კონფერენციის ფინალში დაძაბვის გარეშე ჩაურბინა მინესოტას (4:2).

და, დაიწყო ფინალი.

სადაც ლეიკერსი ორ ვარსკვლავს დაეყრდნო. და, ეს არ იყო შეცდომა. უბრალოდ, შაკილ ო’ნილის და კობი ბრაიანტის შემდეგ, გუნდში იყო სიცარიელე.

ლეიკერსს არ გაუმართლა, რომ ფინალის დროს, მეოთხე ჩეხვაში დაიმტვრა კარლ მელოუნი, მაგრამ ჯანმრთელი ვეტერანიც არ იყო ძალა. კარლმა მანამდე, სამ სრულ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფინალის ბოლოს მისი გვარის გასწვრივ ეწერა - 5.0 ქულა, 7.3 მოხსნა, 2.3 პასი. არადამახასიათებლად ცუდი შედეგი. თუნდაც, ასაკში შესული მელოუნისთვის.

შაკი საშუალოდ 41 წუთს თამაშობდა. კობი - უფრო მეტს. და, შემდეგ, დატვირთვით მოდიოდა გარი პეიტონი, რომელსაც დააკლდა სისწრაფე, სიზუსტე და დეტროიტთან მას ყურადღებას არ აქცევდნენ. არც ჩონსი ბილაფსი და არც - რიჩარდ ჰამილტონი. პეიტონი მათთვის არ იყო საინტერესო.

ფილ ჯექსონი ზედმეტად ენდო წინა წლების ინსტინქტებს. შაკმა გაამართლა, მაგრამ ბრაიანტს კარიერაში ერთ-ერთი უცუდესი სერია ჰქონდა. ზოგადად, კობი კარიერაში ყოველთვის ცუდად ისროდა ფინალებში (გამონაკლისი, მხოლოდ ნიუ ჯერსისთან სერიაა, 2002).

კობიმ მხოლოდ მეორე, მოგებულ ტესტში გამოიყენა სროლების 50+ % (27/14). დანარჩენ ოთხ მატჩში ბრაიანტის პროცენტი იყო: 37 (27/10), 30 (13/4), 32 (25/8) და 33 (21/7). მიუღებელი შედეგი გუნდის მეორე ლიდერისგან.

ლეიკერსი მესამე მატჩის მეორე ტაიმიდან მკვდარი იყო. შაკი პირადად შეასკდა დეტროიტს მეოთხე გარჩევის დროს, მაგრამ მისი 36 ქულა და 20 მოხსნა დეტროიტის სიღრმემ გადაფარა.

ფილ ჯექსონი ვერ ენდო დანარჩენებს. და, როდესაც დანარჩენები დასჭირდა, ბიჭები მზად არ იყვნენ. არც - ფიშერი, არც - ლიუკ უოლტონი, არც - დევეინ ჯორჯი, არც - რიკ ფოქსი. არავინ.

დეტროიტი ღირსეული ჩემპიონი იყო.