პატარა სტეფის ახალი სამყარო

NBA Top 50. სტეფ კარი  (28)


კარიერა: გოლდენ სტეიტი (2009 -მიმდინარე).

მეტსახელები: Steph, Baby-Faced Assassin, Chef Curry, The Human Torch, Threezus.

NBA-ს ჩემპიონი - 3 (2015, 2017, 2018).

რეგულარულის MVP – 2 (2015, 2016).

ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე  - 6 (2014-2019).

სეზონის პირველი ხუთეული -3 (2015, 2016, 2019).

სეზონის მეორე ხუთეული - 2 (2014, 2017).

სეზონის მესამე ხუთეული - 1 (2018).

ახალბედების პირველი ხუთეული (2010).

ყველაზე მეტი ქულა (საშუალოდ) – 1 (2016, 30.1).

ყველაზე მეტი ჩაჭრა (საშუალოდ) – 1 (2016, 2.1).

სამქულიანების კონკურსის ჩემპიონი - 1 (2015).

ლიმის სამაგალითო სპორტსმენი - 1 (2011).

50-40-90 კლუბის წევრი - 1 (2016).

AP (Associated Press)-ს საუკეთესო სპორტსმენი (2015).

NCAA-ს ყველაზე შედეგიანი მოთამაშე (2009).

მსოფლიოს ჩემპიონი - 2 (2010, თურქეთი, 2014, ესპანეთი).

სტატისტიკა: 23.5 (16 419) ქულა, 6.6 (4 621) პასი, 4.5 (3 158) მოხსნა, 1.7 (1 205) ჩაჭრა..

 

 

 

 

სტეფ კარი პატარა ელფია. ზღაპრული პერსონაჟი ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრებიდან. ტყის სული, რომელიც ყველას ემეგობრება და მათზე ლეგენდებს ხატავენ. კარიც ლეგენდაა. პატარა კაცი, რომელმაც ლიგას კალათბურთელის შესაძლებლობებზე წარმოდგენა შეაცვლევინა. სტეფმა ახალი სამყარო გახსნა, რომლის გასაღებიც ყოველთვის თან დააქვს. ელფი, რომელიც ღიმილით მოგეფერება და სროლით მოგკლავს.

გეპატიჟებით სტეფის სამყაროში.

როდესაც 21 წლის სტეფმა მორცხვად შეაღო ახალი სამყაროს კარი, იმ გოლდენ სტეიტში კიდევ ერთი კომპაქტური არსება დარბოდა. და სტეფზე დიდი ამბიციით მეტ ქულას და ყურადღებას იღებდა. კარისთან ერთად უორიორზმა კალათბურთს მონტა ელისი წარუდგინა და პატარებმა დაიწყეს ცელქობა. ორივე მოუსვენარი, ონავარი ბავშვივით ცდილობდა რაღაცის გაფუჭებას, ორივე იზრდებოდა და ორივე იყო მეომარი.

გოლდენ სტეიტმა არჩევანი კარიზე გააკეთა.

დღეს, ელისი რუსულ კლუბებში ან - სხვაგან კლავს მოტივაციას და სტეფი კალათბურთის სახეა. კარის სისხლში იყო ის, რაც ჰქონდა კობის, მანამდე - მაიკლს. ცოტა უფრო ადრე - აიზია ტომასს, ჯერი უესტს და ბობი კუზის.

ისინი გოლიათებს ცივსისხლიანი გათვლით, მკვლელის ფსიქოლოგიით და ფუნჯით კლავდნენ. მხატვრები, რომლებიც ასაკს და დროს უსწრებდნენ. და ასაკთან და დროსთან ერთად - მთელ ლიგას. კუზიმ ყველაზე თეთრ და წაუგებელ ბოსტონში შექმნა დინასტია. უესტმა კუზის გამო ვერ შექმნა დინასტია და ლიგის ლოგო გახდა. აიზიამ იცეკვა, ღიმილით რამდენჯერმე დაჭრა მაიკლი და შემდეგ, სისხლიანი მაჩეტე მისტერ ჯორდანმა აიღო. რომელმაც, თავის მხრივ მემკვიდრე კობის სახით მიიღო. და ბრაიანტის ზღაპრის შემდეგ დაიწყო ახალი ანათვალი.

სტეფ კარი.

გოლდენ სტეიტის ტრანსფორმაციაც სტეფთან ერთად დაიწყო. გუნდი და ლიდერი ერთად იზრდებოდნენ. გუნდი და ლიდერი ერთად აგებდნენ, ეცემოდნენ და დგებოდნენ. ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. კარისთან ერთად გოლდენ სტეიტმა სიდიადე გაიცნო. და სტეფმა კალათბურთისგან ნებართვის აღების შემდეგ, დაიწყო სამქულიანის დისტანციის გაზრდა. ჯერ მორცხვად იკითხა, თუ შეიძლება, სამიანები ჩემებურად რომ შევასრულოო. ლიგამ ცივად დაუქნია თავი და კარიმაც შეუბერა.

სტეფი ზედიზედ სამჯერ ლიგის პირველ გუნდში შედის. დაიმსახურა.

სტეფი ზედიზედ ორჯერ რეგულარულის MVP გახდა. ის სხვა დონეზე იდგა.

სტეფმა გოლდენ სტეიტს სამჯერ ჯეკპოტი მოახსნევინა. სტეფის გარეშე გოლდენ სტეიტი ფინალს ვერ მოიგებდა. და არკა იზრდებოდა. არკა სულ უფრო ახალ სიმაღლეზე ადიოდა. სტეფთან ერთად გაიზარდა კალათბურთიც და სტეფს ლიგაში მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. პოტრლენდიდან დაიძრა დემიან ლილარდი. რომელსაც უნდა, რომ იყოს სტეფივით და რომელიც ყოველთვის ლილარდი იქნება. როგორც - ჯორდანის ყველა მიმდევარი. როდესაც მეჯიქმა ოცნების გუნდის პირველი ვარჯიშის შემდეგ დაკარგა ჯორდანი და მაიკლმა პატ იუინგს მიატენა, კმაყოფილმა ჯორდანმა მეჯიქს ჩასჩურჩულა, მეგობარო, Be like Mike. მეჯიქმაც, ლარიმაც, მთელმა ლიგამ, ყველამ იცოდა, რომ კალათბურთში ახალი ღმერთია და ეს იყო მაიკლი.

ამ გენერაციაში კარის პოდიუმია. ლებრონი თანოსია. დიურანტი ლოკი, რომელიც ყველანაირად ცდილობს მეფის ტახტზე ასვლას, მაგრამ ყოველთვის ერთი დარტყმით, ერთი ნაბიჯი სიდიადით უკან იდგება. და არის კარი. რომელიც არავის არ ასკდება და არ ცდილობს ასაკს, ტკივილს გაასწროს. ის უბრალოდ, კაიფობს. იღებს ბურთს, გადახედავს ბრძოლის ველს და იწყება უკანასკნელი ბრძოლა, სადაც თორთან, ჰალკთან და სტივ როჯერსთან ერთად იბრძვის სტეფ კარი. განსაკუთრებული ელფი, რომელიც ყველას უყვარს.

იმ, ზაზა ფაჩულიასთვის ისტორიულ სეზონში, როდესაც ზაზა ჩემპიონი გახდა, კარი 28 წლის იყო. სტეფის პიკი. სტეფის კლასიკა. სტეფის შედევრი.

მთელი სეზონის განმავლობაში გოლდენ სტეიტის ლიდერი იყო შეუდარებელი. ის სტაბილურად იღებდა საშუალოდ 25 ქულას. ნორმალური, კარისთვის და გუნდისთვის საკმარისი შედეგი. მან სამიანების 41 პროცენტი გამოიყენა. კარის კარიერაში ყველაზე დაბალი პროცენტი და გუნდისთვის, უკვდავებისთვის ეს საკმარისი იყო.

კევინ დიურანტს დასჭირდა სივრცე. კარიმ მას ეს სივრცე დაუთმო. დიურანტს დასჭირდა მეტი სროლა. კარიმ და კლეიმ ეს გააკეთეს. დიურანტს დასჭირდა ტრიბუნა. კარიმ მას ტრიბუნაც დაუთმო. გოლდენ სტეიტში კევინის ეპოქა დაიწყო, მაგრამ არ დასრულებულა კარის ზღაპარი. უბრალოდ, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, სტეფმა კევინზე თამაში სცადა. და მოეწონა. კლასიკური მკვლელიდან კლასიკურ გამთამაშებლამდე - ტრანსფორმაცია დაიწყო და ლიგამ ახალი მონსტრი, ახალი X-Man მიიღო. მუტანტი გაუჩინარების, უკვდავების, ღიმილის ნიჭით. ყველაზე სახიფათო და მანამდე უხილავი არსება, რომელმაც კალათბურთი შეცვალა.

 

* * * * *


და, დაიმტვრა დიურანტი. გოლდენ სტეიტმა დაკარგა თეთრი ზვიგენი, რომელიც დაუნდობლად ანადგურებდა მასზე დიდ, მძიმე მკვლელ ვეშაპებს და კაშალოტებს სისხლისგან ცლიდა. და ტალღები კიდევ ერთხელ გააპო სტეფმა.

ზვიგენივით ძლიერი, პირანიასავით ჯიუტი და დაუნდობელი, ალიგატორივით დაუღლელი და სტეფივით ელეგანტური. ალბათ, ბოლო შტრიხი ყველაზე მძიმე მისაღები იყო. როდესაც ღიმილით გკლავენ და შენ არ გეცინება. მოკითხვა ჰიტ ლეჯერის ჯოკერისგან, რომელმაც ეს ნიჭი ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟისგან მიიღო. კარიმაც გაუღიმა. მთელ ლიგას. და იკითხა, რატომ ხართ ასეთი სერიოზულები?

დიურანტის გარეშე დარჩენილ გოლდენ სტეიტში დაბრუნდა მოთამაშე, რომელიც მანამდე ლიგის ისტორიაში პირველი უალტერნატივო (ყველა პირველი ხმა მიიღო) MVP გახდა. კარის არ აკლდა მოტივაცია და კარიმ დაზოგილი ენერგიით და ელეგანტური ცივსისხლიანობით დაიწყო წრის შეკვრა. ბევრი მეომარი გადიოდა სტეფთან პრივატულ ცეკვაზე და ყველა ეცემოდა. კარიმ ახალი წრე დაიწყო, ეს წრე შეკრა და ფლეი ოფში გოლდენ სტეიტმა ჯანმრთელი და დასვენებული დიურანტიც დაიბრუნა. კლასიკა. რომელიც სტეფის გარეშე შავ-თეთრი ვესტერნი იქნებოდა.

სტეფმა ყველაფერი დაიმსახურა.

ის, რომ გოლდენ სტეიტმა მას ახალი კონტრაქტით 201 მილიონი დოლარი მისცა. და გოლდენ სტეიტს ამის 201 მილიონი მიზეზი ჰქონდა.

კარიმ მისაღები მიიღო. და მანამდე, სტეფმა ასაღები აიღო. მხოლოდ ის, რაც ეკუთვნოდა. არცერთი ცენტით და ცრემლით მეტი. კარი სამართლიანი მკვლელი იყო. სტეფმა კარიერაში ყველაზე ცუდი პროცენტით ისროლა სამიანები და ნესისმიერი სხვა სნაიპერი ამ 41 პროცენტს უკვდავებად ჩათვლიდა. სტეფისთვის ეს ისე რა, ჩვეულებრივზე ცუდი მაჩვენებელი იყო.

გახსოვთ, კარის ეპოქის დაწყებასთან ერთად, პანთეონის სხვა წევრები მორცხვად რომ ეკითხებოდნენ ერთმანეთს, შეძლებს ეს ბიჭი ერთ სეზონში 300 სამიანის ჩაგდებას? კარიმ 2015/2016 წლების რეგულარული 402 ზუსტი სამიანით დახურა. ერთი წლის შემდეგ, სტეფმა 324 იკმარა.

რეგრესი? გამეცინა. კარისაც გაეცინა. და, იცით? გოლდენ სტეიტმა ვერ მიიღო სიყვარული და დაფასება. ამ გუნდის ეშინოდათ. ამ გუნდზე თავდახრილები საუბრობდნენ. და ერთადერთი, ვინც თავის წილ კომპლიმენტებს გუნდთან ერთად და გუნდის გარეშეც დიდი დოზით იღებდა, იყო სტეფ კარი. პატარა ელფი, რომელიც ყველას უყვარდა.

კარი არ შეიცვალა. დიურანტთან ერთად გუნდმა მისგამ მეტი ბასრი პასი და არასტანდარტული აზროვნება, მაიკლ ჯექსონზე მოქნილი ცეკვა მიიღო. მაიკლი ბურთის გარეშე ცეკვავდა და კარის მუნვოქი უფრო რთული და ელეგენატური იყო. როგორც ერიკ კლეპტონის გიტარა. როგორც დენიელ დეი ლიუისის გამოხედვა. როგორც პენელოპა კრუზის ტუჩები. როგორც ბოსხის სიკვდილი, რომელიც ფუნჯიდან ტილოზე გადადიოდა და იქ ცოცხლდებოდა, პულსირებას იწყებდა. კარის კალათბურთში ყველა ეს ელემენტი გაერთიანდა.

კარის სტატისტიკური რეგრესი გუნდის წინსვლა იყო. კარიმ, კლეიმ, ანდრემ, დრეიმონდმა, მწვრთნელმა კერმა და ზაზა ფაჩულიამ დიურანტს თავისუფლება აჩუქეს. და კევინი, რომელიც მანამდე ამ გუნდთან აგებდა, ამ გუნდის ყველაზე ბასრი, ყველაზე ალესილი, ყველაზე დაუნდობელი სამართებელი გახდა. ახალი ეპოქა კალათბურთში. გოლდენ სტეიტის დრო.

კლეი ტომფსონს გაეცინა, როდესაც ჟურნალისტებმა კარის რეგრესზე დაწერეს. თუ მხოლოდ ზედაპირულად არ დააკვირდებით სტეფის თამაშს, თქვენ უფრო გაზრდილ, უფრო ბრძენ ლიდერს დაინახავთ, უთხრა კლეიმ ჟურნალისტებს. გოლდენ სტეიტში ყველას ერთი მიზანი გვაქვს და ეს მიზანი ჩემპიონობაა. სტეფი ლიდერია. კევინი ვარსკვლავია. ლიდერმა ვარსკვლავს ლიდერობა გაუყო. არ დაუთმო. უბრალოდ, ჩვენ ერთი ლიდერით მეტი მივიღეთ. ჩვენ გვიხარია ერთმანეთის წარმატება და ჩვენ ვიზრდებით ერთმანეთის წარმატებით. კარგი და ჭკვიანი თანაგუნდელის, ერთგული მეგობრის სიტყვები.

 

* * * * *

 

კარი არ შეცვლილა. კარიმ ევოლუცია-ადაპტაციის გზა გუნდთან ერთად მაქსიმალურად სწრაფად დაფარა. კარი დაეხმარა კევინს, კევინი დაეხმარა გუნდს და კარი-დიურანტის პირველ ფლეი ოფში გოლდენ სტეიტმა ნოკაუტების სერიით მიიღო კუთვნილი ქამარი. და, კუთვნილი დაფასება.

იმ ფლეი ოფში სტეფმა პირადი სტატისტიკა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე გააუმჯობესა და საშუალოდ, 28.1 ქულაზე, 6.7 პასზე ავიდა. და გუნდი უკეთესი გახდა.

სიმბოლურია, რომ კარიერის პირველ ჩეხვაში (2009, 29 ოქტომბერი, ჰიუსტონთან 107:108) სტეფმა სამიანი ვერ ჩააგდო. მორცხვად აკრიფა 14 ქულა და ლიგამ გაიცნო მორიდებული ბიჭი.

პირველი სამიანი კარიმ შემდეგ ტესტში, ფინიქსს გლიჯა. გოლდენ სტეიტმა ის გასაუბრებაც ჩააგდო. გოლდენ სტეიტი სუსტი იყო. და, სტეფი ახალ გარემოს აკვირდებოდა, აფასებდა, მას აფასებდნენ, ეცნობოდნენ.

სტეფის ყველაზე გამორჩეულ სეზონში (2015/2016, მეორე MVP) ბიჭმა ბევრი პეიზაჟი დახატა.

სტეფმა ათჯერ დააგროვა 40+ ქულა. წამოიღო.

სტეფმა სამჯერ აკრიფა 50+ ქულა. ჩაეთვალა.

სტეფმა 29 მატჩში გააკეთა 3 ჩაჭრაზე მეტი. დაგლიჯა.

სტეფმა 4-ჯერ 10+ სამიანი ჩააგდო. კლასიკა.

სტეფმა მრავალფეროვნებისთვის სამი სამმაგი დუბლიც დასვა. გაასწორა.

და, იმ სეზონში გოლდენ სტეიტმა ფლეი ოფში მძიმედ იყომარა. გუნდი გადარჩა ოკლაჰომასთან. იქ, დიურანტმა და რასელ უესთბრუქმა სერია 3:1-დან ვერ დახურეს. და, სტეფმა აკრიფა. 4:3.

უბრალოდ, ფინალში, როდესაც გოლდენ სტეიტმა 3:1 წაიყვანა ლებრონთან, ჯერ დრეიმონდ გრინმა იცელქა და შემდეგ, მეფემ სერია დაიტოვა. და, 73:9 უტიტულოდ დამთავრდა. ხდება ხოლმე.

კარიმ ბოლო სერიაში, აშვებულ და მშიერ კავაისთან გუნდი ვერ გადაარჩინა, მაგრამ არც უნდა გადაერჩინა. ის სეზონი ნაწყენ და მოტივირებულ ლეონარდს ეკუთვნოდა. სტეფმა ეს გაიგო. სტეფმა ეს მიიღო. სტეფმა კიდევ ერთხელ გაიღიმა და მიულოცა კავაის.

პატარა ელფი, რომელიც ყველას ემეგობრება და მასზე ლეგენდებს ხატავენ.

ელფი, რომელიც ღიმილით მოგეფერება და სროლით მოგკლავს. გეპატიჟებით სტეფის სამყაროში.

და ნუ ხართ ასეთი სერიოზულები, გაიღიმეთ.                                  

ეს სტეფის სამყაროა.