რამოსი და სოლარი ფეხბურთელებს შეხვდნენ

ლიდერებმა გუნდის გამხნევება სცადეს

 

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი და კაპიტანი სერხიო რამოსი გუნდის მიერ ნაჩვენები ბოლო შედეგების განსახილველად ფეხბურთელებს შეხვდნენ.

 

Marca-ს ცნობით, შეხვედრა 7 იანვარს შედგა და ის 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, ცნობილია ისიც, რომ შეხვედრაზე არ ყოფილა შენიშვნები. არგენტინელმა სპეციალისტმა და ესპანელმა ფეხბურთელმა 5-5 წუთი გუნდის დანარჩენი წევრებისთვის მოტივაციის ასამაღლებელ საუბარს დაუთმეს და სამეფო კლუბის მიერ გასამართი უახლოესი მატჩებისთვის ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადება სცადეს.

 

ზამთრის შესვენების შემდეგ, ბლანკოსებს ერთი შეხვედრაც არ მოუგიათ, გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა, პირველში ვილიარეალთან ფრეს (2:2) დასჯერდა, ხოლო მეორე შემთხვევაში რეალ სოსიედადთან საშინაო კედლებში სენსაციურად დამარცხდა (0:2). ამჟამად თეთრებს 30 ქულა აქვთ და ლა ლიგაში მეხუთე ადგილს იკავებენ.